წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ,,მაგთიკომსა” და მეორე მხრივ, შპს ,,ჯეოსელს” შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და შპს ,,მაგთიკომსა” და შპს ,,ჯეოსელს” შორის დავის არსებითი განხილვის

ნომერი: 311 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2011

მიღების თარიღი ივნისი 24, 2011

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 15 ივნისს, შპს ,,მაგთიკომმა” განცხადებით მიმართა  კომისიას შპს ,,ჯეოსელთან” არსებული დავის განხილვის მოთხოვნით.

შპს ,,მაგთიკომის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 20 მაისს შპს „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ცხელი ხაზით საკომუნიკაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში. 2011 წლის 24 მაისს საქართველოში კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს, მათ შორის შპს „ჯეოსელს“, წერილობით (№11/087) აცნობეს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ, აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად, გამოყოფილა კონკრეტული ნუმერაციის რესურსი და ითხოვეს, რომ 2011 წლის 1 ივნისიდან ამ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებულ ზარებზე აბონენტებისათვის არ დაერიცხათ თანხა, ხოლო  სანაცვლოდ შესთავაზეს აღნიშნული ზარების თითოეულ წუთზე ზარის წამოწყების ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნულ თხოვნაზე, შპს ,,მაგთიკომმა” შპს „ჯეოსელისგან“ მიიღო  წერილობითი  (07.06.2011 #2/203-11) უარი,  შემდეგი საფუძვლებით: 1.  შპს ,,ჯეოსელმა” ანალოგიურ თხოვნაზე უარი უთხრა  სხვა კომპანიებს (შპს „გლობალ 1“, შპს „კავკასუს ონლაინი“, ს.ს. „სილქნეტი“), ასევე შპს „მაგთიკომის“ თანამშრომელმაც ზეპირსიტყვიერად დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია უფასო ნომრების გააქტიურებასთან დაკავშირებით; 2. უფასო ნომრების გააქტიურება დიდ ტვირთად დააწვება შპს „ჯეოსელის“ საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურს; 3. 2010 წლის 18  ნოემბრის საქართველოს მთავრობის №355 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება განსაზღვრავს უფასო საკომუნაკაციო მომსახურებისათვის კონკრეტულ ნუმერაციას და აღნიშნული დებულების შესაბამისი მუხლების ამოქმედებამდე თავს იკავებს აღნიშნული სახის მომსახურება გაუწიოს მსურველ ავტორიზებულ პირებს.

შპს ,,მაგთიკომს” მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ უარი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას. შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „გლობალ 1“, რომლებსაც შპს „ჯეოსელის“ მტკიცებით უარი ეთქვათ უფასო ნომრის გააქტიურებაზე, შპს ,,მაგთიკომის” მსგავსად მონაწილებდნენ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში.  აქედან გამომდინარე, ამ კომპანიებმა არ იცოდნენ, რომ შპს „ჯეოსელი“ უარს განაცხადებდა მომსახურების გაწევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღებდნენ ტენდერში მონაწილეობას.  შპს „ჯეოსელის“ მტკიცება იმის თაობაზე, რომ  შპს „მაგთიკომი” უფასო ნომრების გააქტიურების  წინააღმდეგი იყო, ლოგიკას მოკლებულია, ვინაიდან ასეთ  შემთხვევაში,  შპს „მაგთიკომი“ მონაწილეობას არ მიიღებდა ტენდერში; ასევე, სს „სილქნეტის“ მოთხოვნის საფუძველზე არ გააქტიურებდა  შპს „თეგეტა მოტორსის“ სახელზე რიცხულ უფასო ცხელი ხაზის ნომერს.

შპს ,,მაგთიკომის”  მოსაზრებით,   შპს „ჯეოსელის“ საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღეის მდგომარეობით შპს „ჯეოსელს“ გააქტიურებული აქვს უფასო ნომრები, ხოლო მიმდინარე წლის აპრილის თვეში შპს „ჯეოსელმა“ გააქტიურა შპს „თეგეტა მოტორსის“ ცხელი ხაზის ნომერი. ამასთან, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ტენდერის გამოცხადებამდე სარგებლობდა შპს „ალფაკომის“ მომსახურებით და ამ შემთხვევაში უფასო ნომრის გააქტიურება „არ დაწოლია დიდ ტვირთად“ მის საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურსს.  შპს „ჯეოსელის“ მხრიდან შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იყო დაკავშირებული ფინანსურ და ტექნიკურ სირთულესთან (საჭირო იყო მხოლოდ საბილინგო სისტემაში პროგრამული ცვლილებები); ის გარემოება, რომ ასეთი სახის მომსახურებას შპს „ჯეოსელი” უწევს სხვა ავტორიზებულ პირებს, მიუთითებს იმაზე, რომ შპს „ჯეოსელი“ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას და მისი ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შეზღუდვას. ვინაიდან, უფასო ნომრების გააქტიურება წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ერთგვარ სახეობას, შპს „ჯეოსელის“ ქმედებით იზღუდება ბოლო მომხმარებლის შესაძლებლობა მიიღოს აღნიშნული მომსახურება.

შპს ,,მაგთიკომის”  განმარტებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებების შესაბამისად,  შპს „ჯეოსელს“,   როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა დისკრიმინაციისა და  კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების აკრძალვა.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება მსურველი ავტორიზებული პირისათვის (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში ერთნაირი პირობებით. განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ ქმედება მის მიმართ წარმოადგენს დისრკიმინაციას, ვინაიდან არსებითად მსგავსი გარემოებების და ექვივალენტური მოთხოვნების პირობებში მის მიერ დგინდება არაერთგვაროვანი პირობა შპს „მაგთიკომის“ მიმართ, ვიდრე მას აქვს სხვა ავტორიზებულ პირებთან მიმართებაში.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი ძალაუფლება. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად კი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.  შპს „ჯეოსელი“ აღიარებულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. ამდენად შპს „ჯეოსელის“ მხრიდან სპეციფიკური ვალდებულების დარღვევით, სახეზეა საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

შპს ,,მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ჯეოსელი“, მისივე განცხადებით,  თავს იკავებს უფასო ნომრების გააქტიურებაზე „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისი პუნქტების ამოქმედებამდე,  მიმდინარე წლის ნოემბრამდე შეუძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომხმარებლებისათვის უფასო ცხელი ხაზის მომსახურების შეთავაზება. ასეთი მიდგომა ლახავს მომხმარებელთა უფლებებს და ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და პრინციპებს, რომლის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა, ხოლო ამავე მუხლის მე–2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განხორციელების ერთ–ერთი ძირითადი პრინციპია მომხმარებელთა კანონერი ინტერესების დაცვა. ამასთან, თუ შპს „ჯეოსელის“ ეს მსჯელობა საფუძვლიანი და კანონიერია, ისმის ლოგიკური კითხვა:  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიებმა 2011 წლის ნოემბრამდე უნდა დაუკმაყოფილონ თუ არა მსურველ ავტორიზებულ პირებს მოთხოვნა უფასო ნომრებით მომსახურების გაწევაზე და უნდა შეუწყვიტონ თუ არა 2011 წლის ნოემბრიდან არსებული უფასო ნომრებით მომსახურების მიწოდება?!

შპს ,,მაგთიკომი” განცხადებაში განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კომისიის ერთ–ერთ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. შპს ,,მაგთიკომის” მიერ მოთხოვილ მომსახურების მიწოდებაზე შპს „ჯეოსელის“ უარი იმ საფუძვლით, რომ  მომსახურების გაწევა მძიმე ტვირთად დააწვება შპს ,,ჯეოსელის” საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურსს, მაშინ როდესაც ის ანალოგიურ მომსახურებას უწევს სხვა კომპანიებს, მიუთითებს იმაზე, რომ შპს „ჯეოსელი“ ხელოვნურად ზღუდავს მომსახურების ფართო არჩევანის შესაძლებლობას ბოლო მომხმარებლებისთვის.

შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის რეგულირების ერთ–ერთი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას არ იქნას დაშვებული ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაცია, დაცულ იქნას მათი უფლებები და უზრუნველყოფილ იქნას საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ნორმის მიზანია დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა.  შპს „ჯეოსელის“ ქმედება წარმოადგენს ბოლო მომხმარებლის დისკრიმინაციას და არღვევს თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპს, ვინაიდან არსებითად მსგავს პირობებში შპს „ჯეოსელი“ უარს აცხადებს მომსახურების მიწოდებაზე.  

შპს ,,მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ მან შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” წინაშე იკისრა ვალდებულება გაეწია მომსახურება, რაც გამოიხატებოდა საკუთარი ნუმერაციის რესურსიდან ნომრის გამოყოფასა და აბონენტების შესაძლებლობას ნომერზე დაკავშირება ყოფილიყო უსასყიდლო. შპს „ჯეოსელის“ დაუსაბუთებელი უარი შეფასებულ უნდა იქნას, როგორც ხელოვნური დაბრკოლება, რათა შპს „მაგთიკომს“ ვერ შეესრულებინა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.  უფასო ნომრის გააქტიურებაზე უარის თქმით, შპს „მაგთიკომი“ ვერ ახერხებს კონტრაჰენტ მხარესთან ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რის შედეგადაც შპს „მაგთიკომი“ კარგავს პოტერნციურ კლიენტს და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა შესაძლებელია გახდეს ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძველი. 2011 წლის 13 ივნისს, შპს ,,მაგთიკომმა” მიიღო  შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისაგან“ წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამავე წერილით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იუწყება, რომ მიმართავენ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რათა შპს „მაგთიკომი“ შეყვანილ იქნას შესყიდვების მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტში. ეს კი ნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ერთი წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რაც აშკარად მიუთითებს შპს „ჯეოსელის“ განზრახვაზე შეზღუდოს კონკურენცია, რაც თავის მხრივ არაკონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, შპს „ჯეოსელის“ ქმედება იწვევს არა მხოლოდ ფინანსურ ზიანს, არამედ ლახავს შპს „მაგთიკომის“ სახელსა და საქმიან რეპუტაციას.  შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ ქმედება წარმოადგენს წინასწარგანზრახულ ბოროტ ქმედებას, რომელიც მიმართულია კონკურენციის შეზღუდვისა და კონკურენტი კომპანიისთვის ზიანის მიყენებაზე.

შპს ,,მაგთიკომს” მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის მე–4 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, მე–11 მუხლის მე–2, მე–20 მუხლის მე–2 პუნქტების და 32–ე მუხლის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილების დარღვევას, მისი ქმედება ამავე დროს ლახავს ბოლო მომხმარებლის ინტერესებს და ეწინააღმდეგება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს და შესაბამისად, მოითხოვს კომისიამ დაავალოს შპს „ჯეოსელს“ ქმედების განხრციელება და ამავე დროს დააკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 24 ივნისს დაინიშნა დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა, რის შესახებ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებებით ეცნობათ შპს „მაგთიკომს” და შპს ,,ჯეოსელს” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოსამზადებელ სხდომამდე კომისიაში წარმოდგენა.  შპს ,,ჯეოსელს”, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, ასევე გაეგზავნა შპს ,,მაგთიკომის” განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 22 ივნისს, შპს ,,ჯეოსელმა” კომისიაში წარმოადგინა თავისი მოსაზრება შპს ,,მაგთიკომის” განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,ჯეოსელის” განმარტებით შპს ,,მაგთიკომის” ქმედება შპს ,,ჯეოსელის” და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” წინაშე იყო არაკეთილსინდისიერი და მოკლებული იყო ბიზნეს ეთიკას, ვინაიდან შპს ,,მაგთიკომმა” ისე მიიღო ტენდერში მონაწილეობა და ისე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან”, რომ შპს ,,ჯეოსელისგან” არ მიუღია წინასწარი თანხმობა ნუმერაციის რესურსის 8-90-008-XXX შპს ,,ჯეოსელის” ქსელში ნულოვანი ტარიფით გააქტიურების შესახებ. 2011 წლის 24 მაისის № 11/087 წერილში შპს  ,,მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ მას დაგეგმილი აქვს მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი 8-90-009-XXX გამოყოს ე.წ. ,,უფასო” ნომრებისათვის, ხოლო 2011 წლის 6 ივნისის № 11-095-12 წერილში აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომმა” უკვე დანერგა მომსახურების ახალი სეგმენტი ე.წ. ,,უფასო” ნომრებით მომსახურებისათვის, რისთვისაც გამოყო ნუმერაციის რესურსი 8-90-008-XXX და ითხოვდა, რომ აღნიშნულ რესურსზე განხორციელებულ ზარებზე შპს ,,ჯეოსელის” სატელეფონო ქსელის აბონენტებისათვის თანხა არ დარიცხულიყო და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც უკვე ძალაშია საქართველოს მთავრობის დადგენილება №355 საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ, მიმდინარეობს სამუშაოები ნუმერაციის ახალ გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხოლო კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება № 123/2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ.

შპს ,,ჯეოსელი” განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2010 წლის 18 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება”, რომლითაც დადგინდა ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვის და გამოყენების წესები. აღნიშნული დებულებით, ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები შექმნილია მომხმარებლების უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულე­ბისა და მომსა­ხურების სხვადასხვა ფართო სახეობებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სატელეფონო გამოძახებების  განხორციელებასთან დაკავშირე­ბული ფუნქციური და საკონტროლო ინფორმაციის სიგნალიზაციის არხების მეშ­ვეობით გაცვლის (გადაცემის) მიზნით; უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობები კი არის უფასო ან ფასიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო, გასართობი, საცნობარო ან სხვა სახის მომსახურების სახეობები, რომელთა მიწოდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის აბონენტე­ბისა­თვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ხორციელდება  ოპერატორის ქსელ­სა და საშუალებებთან დაშვებითა და ურთიერთჩართვით. ამავე დებულებით ინტე­ლექ­ტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ნუმერაციის რესურსი: 800 XX XXXX.

შპს ,,ჯეოსელი” განცხადებაში განმარტავს, რომ კომისიის 2011 წლის 15 მარტის № 123/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა  შპს ,,ალფაკომის” №11 ლიცენზია (ნუმერაციის რესურსი 8-8-0) და ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის მას გამოეყო ნუმერაციის რესურსი 800-80-XXXX.  შპს  ,,ალფაკომსა” და შპს ,,ჯეოსელს” შორის 2007 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად ნუმერაცია 8-80-0 ბოლო მომხმარებლებისათვის პირდაპირ გაიწერა ნულოვანი ტარიფით. კომისიის 2011 წლის 15 მარტის № 123/2 გადაწყვეტილებით ასევე მოდიფიცირდა შპს ,,მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია № N14 (ნუმერაციის რესურსი 8-9-0), რომელიც არ ითვალისწინებს ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებას. შესაბამისად, მისი ნუმერაციის რესურსის მოდიფიცირების შემდგომ შპს ,,მაგთიკომს” თვითნებურად არ უნდა დაენერგა ე.წ. ,,უფასო” ნომრებით მომსახურება და ასევე თვითნებურად არ უნდა გამოეყო ნუმერაცის რესურსი, რომელიც ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის არ არის გათვალისწინებული.

შპს ,,ჯეოსელის” განმარტებით, ახალი ნუმერაციიის ეროვნული გეგმის მიღების შემდეგ, მიუხედავად არაერთი მომართვისა, შპს ,,ჯეოსელი” თავს იკავებდა სხვადასხვა ოპერატორების მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის ნულოვანი ტარიფით გააქტიურებისაგან, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ასეთი ქმედება წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების მოთხოვნებთან, რომელიც ანალოგიური უფასო მომსახურებისათვის განსაზღვრავს სპეციალურ ნუმერაციის რესურსს 800 XX XXXX.  შპს ,,მაგთიკომის” თხოვნა არღვევს საქართველოში მოქმედ კანონდებლობას, მისი მოთხოვნა უფასო ნომრის გააქტიურებაზე იყო და არის პროვოკაცია, რომ შპს ,,ჯეოსელს” და საქართველოში მოქმედ სხვა ოპერატორებს დაერღვიათ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება და წინააღმდეგობაში მოსულიყვნენ კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიზნებთან და პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომს” ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე პირველ რიგში უნდა გაერკვია ის საკითხი, რომელიც ასე აქტუალურად დასვა თავის 2011 წლის 15 ივნისის განცხადებაში.

შპს ,,ჯეოსელს” მიაჩნია, რომ სრულიად სამართლიანია შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მოთხოვნა შპს ,,მაგთიკომის” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში შეყვანაზე, ხოლო შპს ,,მაგთიკომის” ქმედება მომსახურების ახალი სეგმენტის - ე.წ. ,,უფასო” ნომრებით მომსახურების დანერგვაზე უნდა ჩაითვალოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და შესაბამისად მოითხოვს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკისროს შპს შპს ,,მაგთიკომს” მომავალში ასეთი ქმედებისაგან თავის შეკავება და ამავე დროს დააკისროს ,,ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

2011 წლის 24 ივნისს, კომისიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ  შპს „მაგთიკომისა” და შპს ,,ჯეოსელის”  უფლებამოსილი წარმომადგენლები (დ. ძიძიგური, ა.სადაღაშვილი).

მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებაში დაფიქსირებულ პოზიციას და მოითხოვა, რომ კომისიამ, შპს ,,ჯეოსელს”  დააკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია და ქმედების განხრციელება.  მან, ასევე მოითხოვა კომისიისგან განმარტება, ჰქონდა თუ არა შპს „ჯეოსელს“ ვადებულება გაეაქტიურებინა უფასო ნომერი.

მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შეპასუხებაში დაფიქსირებულ პოზიციას და  აღნიშნა, რომ  შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა არაკანონიერია. მას არ უნდა მიეღო ტენდერში მონაწილეობა, ვიდრე არ გაარკვევდა შპს „ჯეოსელის“ პოზიციას უფასო ნომრის გააქტიურებასთან დაკავშირებით. შპს „მაგთიკომის“ მიერ ასეთი სერვისის დანერგვა, როდესაც უკვე მიღებულია საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება და მოდიფიცირებულია ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიები, არაკანონიერია. ასეთი მოთხოვნით  შპს „მაგთიკომი“ შპს „ჯეოსელს’ უწესებდა ტარიფს თავის აბონენტებისთვის. შპს ,,მაგთიკომი” აცხადებს, რომ  გადაიხდის ურთიერთჩართვის ტარიფს, მაგრამ ეს ტარიფი არის ხარჯებზე ორიენტირებული და მისი მიზანია ურთიერთჩართვის მხოლოდ ტექნიკური ხარჯების დაფარვა. შპს ,,ჯეოსელი”, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერატორი, ყოველი წამისგან ელოდება მოგებას.

შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ალფაკომი” არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც  2006 წლიდან უწევდა ანალოგიურ მომსახურებას, ვინაიდან  მხოლოდ შპს „ალფაკომი“ არის უფლებამოსილი განახორციელოს უფასო ნომრებით მომსახურება, რადგანაც  მისი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოდიფიცირების (კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილება) შემდეგ,  მას ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად გამოეყო ნუმერაციის რესურსი: 8-8-0, ხოლო  კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 800 - 80 XXXX; 800 - 88 XXXX; 800 - 77 XXXX; 800 - 55 XXXX; 800 - 50 XXXX; 800 - 40 XXXX; 800 - 41 XXXX; 800 - 70 XXXX; 800 - 10 XXXX; 800 - 20 XXXX; 800 - 90 XXXX.  აქედან გამომდინარე,. შპს „მაგთიკომს“  უნდა მიემართა კომისიისთვის და გაერკვია, ჰქონდა თუ არა მას უფლება, განეხორციელებინა უფასო ნომრებით მომსახურება. შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ შპს „თეგეტა მოტორსის“ უფასი ცხელი ხაზის ნომერი გაქტიურებული იყო სატესტო რეჟიმში 1 კვირით და არც ერთ აბონენტს არ დაურეკავს ცხელ ხაზზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა, იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა შპს ,,ჯეოსელს”, სს ,,სილქნეტის” მოთხოვნის საფუძველზე,  შპს ,,თეგეტა მოტორსის” უფასო ცხელი ხაზის ნომერი გააქტიურებული, შუამდგომლობით მიმართა კომისიას სს ,,სილქნეტის” საქმის განხილვაში ჩართვის თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც შპს ,,მაგთიკომი”, ასევე შპს ,,ჯეოსელი” წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებასთან (უფასო ნომრის გააქტიურებასთან) დაკავშირებით,  კომისიას მიაჩნია, რომ  შპს ,,მაგთიკომსა” და შპს ,,ჯეოსელს” შორის დავის  განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ,  შპს ,,მაგთიკომსა” და, მეორე მხრივ, შპს ,,ჯეოსელს” შორის და შესაბამისად, დავის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2011 წლის 7 ივლისი, 16 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ერთი მხრივ, შპს ,,მაგთიკომსა” და, მეორე მხრივ, შპს ,,ჯეოსელს”  შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2011 წლის 7 ივლისს,  16:00 საათზე;

2. დავის  განხილვის დღის შესახებ შპს ,,მაგთიკომი” და შპს ,,ჯეოსელი” გაფრთხილდნენ კომისიის 2011 წლის 24 ივნისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. დაკმაყოფილდეს შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენლის შუამდგომლობა სს ,,სილქნეტის” საქმის განხილვაში ჩართვის თაობაზე, რის თაობაზეც ეცნობოს სს ,,სილქნეტს”;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს ,,მაგთიკომისთვის”, შპს ,,ჯეოსელისთვის” და სს ,,სილქნეტისთვის” გაგზავნა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-6 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                   კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                   აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                   ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები