შპს ,,MINDA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2011
მიღების თარიღი ივლისი 01, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2011 წლის 1 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) 2011 წლის 31 მაისის №10/399-11 სამსახურებრივი ბარათი და 2011 წლის 12 მაისის №24 შემოწმების აქტი, რომელთა თანახმად, შპს ,,MINDA“ უფლების მოპოვების გარეშე ახორციელებდა მთელი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ გადაცემას (ტრანზიტს).
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 3 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,MINDA“ -ს სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 17 ივნისს, რის თაობაზეც მას გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2011 წლის 17 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,MINDA“-ს დირექტორი რ.მახაჭაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების მიერ 2011 წლის 12 მაისს შედგენილ №24 შემოწმების აქტში მითითებულ მისამართზე, ტაბიძის ქ. № 9, ბ.23–ში ცხოვრობს არა რამაზ შარაშიძე, არამედ ნიაზ ბოლქვაძე, რომელიც შემოწმების ჩატარების დროს შპს ,,თანამგზავრის” აბონენტი იყო. შემოწმების აქტში მითითებული რამაზ შარაშიძე, რომ ცხოვრობს ტაბიძის ქ. № 9, ბ.25–ში, ასევე დასტურდება შპს ,,MINDA”-სა და რამაზ შარაშიძეს შორის დადებული №942 სააბონენტო ხელშეკრულებიდან, სადაც რამაზ შარაშიძის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ტაბიძის ქ. №9, ბ. №25.
2011 წლის 17 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიამ გამოიკვლია და შეისწავლა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 31 მაისის №10/438-11 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 12 მაისის №24 შემოწმების აქტი თანდართული მასალებით (პირადობის მოწმობების ასლები, სააბონენტო ხელშეკრულების ასლი);
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
4. შპს ,,MINDA“ -ს დირექტორის ახსნა-განმარტება;
5. შპს ,,MINDA“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი და კომისიაში დაცული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მოპოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, კომისიამ მიჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო შემოწმების აქტში და შპს ,,MINDA“-ს დირექტორის მიერ აღნიშნული გარემოებების დაზუსტება და დამატებითი მტკიცებულებების მოძიება. შესაბამისად, კომისიამ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაავალა 2011 წლის 12 მაისის №24 შემოწმების აქტში მითითებული პირის რამაზ შარაშიძის საცხოვრებელი მისამართისა და იმის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა რამაზ შარაშიძე შპს ,,MINDA“-ს აბონენტს. ვინაიდან აღნიშნული მოითხოვდა გარკვეულ დროს, კომისიამ საკითხის განხილვა გადადო 2 კვირით და დანიშნა 2011 წლის 1 ივლისს, 16 სთ-ზე, რის თაობაზეც შპს ,, MINDA“-ს დირექტორი გაფრთხილდა ამავე სხდომაზე.
2011 წლის 1 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ვ.შუღლიაშვილი) 2011 წლის 30 ივნისის №10/546-11 სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც მითითებულია, რომ კომისიის დავალებით, განმეორებით გადამოწმდა შპს ,,MINDA“-ს აბონენტის (რამაზ შარაშიძე) შემოწმების მასალები და გამოირკვა, რომ აბონენტმა შემოწმება ჩაგვატარებინა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ბინაში, რომელიც არ წარმოადგენდა მის საკუთრებასა და რეგისტრაციის ადგილს (მისამართი: ქ.ბათუმი, ტაბიძის ქ. №9, ბინა №23). შესაბამისად, შემოწმების მასალები წინააღმდეგობრივია, რის გამოც კომისიის წინაშე შუამდგომლობს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
2011 წლის 1 ივლისის სხდომაზე, დამატებითი ახსნა-განმარტების მოსმენისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,MINDA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, წინააღმდეგობრივია, რის გამოც შეუძლებელია შპს ,,MINDA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,MINDA”-ს სანქცირების საფუძველი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,MINDA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,MINDA“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,MINDA“-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებელი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
