სს „ჯი ენ ენის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2011
მიღების თარიღი ივლისი 01, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 22 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) სამსახურებრივი ბარათი №10/497-11 და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ვ.შუღლიაშვილი) მიერ 2011 წლის 20 ივნისს ქ.თბილისში, მისამართზე: ქ.თბილისი, ქ.ჩოლოყაშვილის 2 კვ. კორპ. 3ა ბ21, სს „ჯი ენ ენის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №37, სადაც აღნიშნულია, რომ სს ,,ჯი ენ ენი” თავის საკაბელო ქსელში გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „ტელეიმედი“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „საქართველო“, „კავკასია“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „აჭარის ტელევიზია“, “ПИК”, „RTVI”, „NAT GEO WILD”, „National Geographic”, “TLC”, “Animal Planet”, “Discovery”, “24 TЕХНО”, “History”, “Комедия”, “აფხაზეთის ხმა“, “КИНО ПЛЮС”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, „Наше любимое кино“, “CN”, “РОССИЯ К”, “Индия”, “Усадьба”, “Охота и Рыбалка”, “SHANT TV”, “AZTV”, “KURD TV”, “EURONEWS”, “ФУТБОЛ”, „Спорт Союз“ „English Club”, “Comedy Club”, “MTV”, “Шансон ТВ” „პირველი სტერეო“, „IHTER+”, “AXN”, “FASHION”, “TV5”, “ZONA ROMANTICA”, “FOX LIVE”, “MEZZO”, “DISNEY CHANNEL”, “MY VIDEO”, “VIASAT EXPLORER”, “TELE CLUB”; ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, სს „ჯი ენ ენი“ არამართლზომიერად გადასცემს ტელეარხ „ФУТБОЛ”-ის სამაუწყებლო ბადით გადაცემულ არგენტინის ეროვნულ ჩემპიონატს ფეხბურთში, აღნიშნული ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის (22.06.2011№10/497-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 24 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს,,ჯი ენ ენის“ სანქცირების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 1 ივლისს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე სს ,,ჯი ენ ენს“ ეცნობა შეტყობინებით (24.06.2011 N03/1289-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართულ იქნა შპს „გლობალ მედია ჯგუფი“, რომელსაც ასევე გაეგზავნა შეტყობინება (27.06.2011 03/1315-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 1 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენლები მირიან კიკნაძე და თეიმურაზ ხონელია.
კომისიის სხდომაზე სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, სს „ჯი ენ ენის“ მიმართ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, და აღნიშნა, რომ:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმება და შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი N37 არ შეესაბამება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით განსაზღვრულ შემოწმების ჩატარების წესებს, კერძოდ, შემოწმების ჩატარებას არ ესწრებოდა სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენელი და შემოწმების აქტზე N37 არ არის შესამოწმებელი პირის, სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენლის ხელმოწერა. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი არ იყო უფლებამოსილი შემოწმება ჩაეტარებინა სს „ჯი ენ ენის“ აბონენტთან, თვით სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია არის ადმინისტრაციული ორგანო და მისი უფლებამოსილებები განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისია არ არის უფლებამოსილი გასცდეს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
ამავე დროს, შემოწმების აქტზე თანდართულია იანვრის თვის გადახდის ქვითარი და ეს არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შემოწმების ჩატარების მომენტისთვის, რომან შალოიანი, ვისთანაც ჩატარდა შემოწმება, წარმოადგენდა სს „ჯი ენ ენის“ აბონენტს;
2. კომისია არ წარმოადგენს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს ავტორიზებულ პირთა მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით შემოწმების ჩატარება და შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენა, ვინაიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახეებს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს, განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსი, ხოლო ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქმის განხილვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს;
3. კომისია რომც იყოს უფლებამოსილი განიხილოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საქმე, მაინც არ არსებობს სს „ჯი ენ ენის“ სანქცირების საფუძველი, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირი ვალდებულია პირის მიერ მაუწყებლისგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის გადაცემა უზრუნველყოს უცვლელი სახით, შესაბამისად, სს „ჯი ენ ენი“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა სამაუწყებლო არხის გადაცემის (სამაუწყებლო არხ „ФУТБОЛ”-ზე მიმდინარე არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის) შეწყვეტა;
სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2011 წლის 24 ივნისს მიიღო წერილი კომისიისგან, რომლითაც კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებდა კომპანიას შეეჩერებინა არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩვენება და ამავე დროს, მას შემდეგ, რაც სს „ჯი ენ ენმა“ მიიღო შეტყობინება ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-სგან მათ შორის ხელშეკრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, სს „ჯი ენ ენმა“ შეაჩერა სამაუწყებლო არხ „ФУТБОЛ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება, რიც თაობაზედაც 2011 წლის 24 ივნისს აცნობა კომისიას წერილობით.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 20 ივნისის №37 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 22 ივნისის №10/497-11 სამსახურებრივი ბარათი;
3. სს ,,ჯი ენ ენის“ აბონენტთან რომან შალოიანთან ჩატარებული შემოწმების ჩანაწერი CD-ზე;
4. სს ,,ჯი ენ ენის“ აბონენტის, შემოწმებაზე დასწრე მოწმის პირადობის მოწმობებისა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გადახდის ქვითრის ასლები;
5. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
6. სს „ჯი ენ ენსა“ და ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №GNR-02 სამაუწყებლო არხის „ФУТБОЛ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე;
7. ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-სთვის კომისიის მიერ გაგზავნილი წერილი (27.05.2011 N04/1083-11);
8. „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-სთვის კომისიის მიერ გაგზავნილი წერილი (30.05.2011 N04/1090-11);
9 „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-სგან კომისიაში შემოსული წერილი (07.06.2011 N8/95-11);
10. შპს „გლობალ მედია ჯგუფისგან“ კომისიაში შემოსული წერილები (16.02.2011 N6/640-11; 07.06.2011 N6/2369-11);
11. შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
12. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიმართ კომისიის მიერ გაგზავნილი წერილი (08.06.2011 N04/1179-11);
13. სს „ჯი ენ ენისგან“ კომისიაში შემოსული წერილები (14.06.2011 N24/93-11; 24.06.2011 N6/2778-11);
14. სს „ჯი ენ ენისთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი წერილი (23.06.2011 N04/1288-11);
15. 2011 წლის 1 ივლისის კომისიის სხდომაზე სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
16. 2011 წლის 1 ივლისს კომისიის სხდომაზე შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „ჯი ენ ენი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით; უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
2. 2011 წლის 16 თებერვალს, კომისიას განცხადებით მომართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ და წარმოუდგინა არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური სატელევიზიო ჩვენების (IPTV, საკაბელო და სატელიტური ტრანსლირების უფლებების ჩათვლით) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კერძოდ, 2011 წლის 1 თებერვალს შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, უფლების მფლობელი კომპანია „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”, შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ გადასცემს არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის 2010/2011 წლის საფეხბურთო სეზონის განმავლობაში გამართული ფეხბურთის მატჩების (როგორც პირდაპირი ეთერის, ასევე ჩანაწერის) საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლებამოსილებას.
3. სს „ჯი ენ ენის“ მიერ 2011 წლის 12 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „ჯი ენ ენსა“ და ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №GNR-02 სამაუწყებლო არხის „ФУТБОЛ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე; აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“, სს „ჯი ენ ენს“ გადასცემს საქართველოს ტერიტორიაზე ტელეარხ „ФУТБОЛ”-ის რეტრანსლირების არაექსკლუზიურ უფლებას;
4. სს „ჯი ენ ენის“ მიერ 2011 წლის 12 აპრილს კომისიაში წარმოდგენილი სს „ჯი ენ ენსა“ და ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებისა და ტელეარხ „ФУТБОЛ”-ის სამაუწყებლო ბადის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ სამაუწყებლო არხზე ვრცელდებოდა არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლებამოსილებას ფლობს შპს „გლობალ მედია ჯგუფი“, TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2011 წლის 27 მაისს წერილით (N04/1083-11) მიმართა ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-ს რათა კომისიაში წარმოედგინათ სატელევიზიო არხის „ФУТБОЛ”-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სატელევიზიო პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ წერილზე პასუხი ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-ს კომისიისთვის არ გაუცია.
6. კომისიამ 2011 წლის 30 მაისს წერილით (04/1090-11) მიმართა „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-ს, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა, ფლობდა თუ არა ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ” უფლებას გაეფორმებინა ხელშეკრულებები საქართველოს რეზიდენტ საკაბელო ოპერატორებთან არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე. აღნიშნული წერილის პასუხად, 2011 წლის 7 ივნისს კომისიაში შემოსულია „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-ს წერილი (8/95-11) სადაც აღნიშნულია, რომ არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაცემული აქვს მხოლოდ შპს „გლობალ მედია ჯგუფს“;
7. 2011 წლის 7 ივნისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების თაობაზე მომიჯნავე უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
8. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის შპს „გლობალ მედია ჯგუფს“, რის თაობაზეც, 2011 წლის 8 ივნისს წერილობით (04.1179-11) ეცნობათ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ თავი შეეკავებინათ არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების არამართლზომიერი ტრანსლირებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღნიშნული წერილი სს „ჯი ენ ენს“ ჩაბარდა 2011 წლის 10 ივნისს (აღნიშნულს ადასტურებს სს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N145).
9. კომისიამ მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2011 წლის 10 ივნისს დამატებით, წერილით (N04/1201-11) მიმართა ტელეარხ „ФУТБОЛ”-ს, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა, ფლობდა თუ არა უფლებას ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ” გაეფორმებინა ხელშეკრულებები საქართველოს რეზიდენტ საკაბელო ოპერატორებთან, აღნიშნული ტელეარხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სატელევიზიო პროგრამების, კერძოდ, გერმანიის, ესპანეთის და არგენტინის ეროვნული ჩემპიონატების საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე. აღნიშნულ წერილზე პასუხი ტელეარხ „ФУТБОЛ”-ს კომისიისთვის არ გაუცია.
10. 2011 წლის 14 ივნისს კომისიას განცხადებით მიმართა სს „ჯი ენ ენმა“ (N6/2493-11) არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებასთან დაკავშირებით. წერილში აღნიშნულია, რომ სს „ჯი ენ ენის“ მიერ 2011 წლის 12 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „ჯი ენ ენსა“ და ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №GNR-02 სამაუწყებლო არხის „ФУТБОЛ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე; აღნიშნული ხელშეკრულებით უფლების მფლობელი კომპანია, კერძოდ ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კონტენტზე და მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დონეზე დაიცვას თავისი უფლებები. ამავე დროს, წერილში აღნიშნულია, რომ სს „ჯი ენ ენისთვის“ გაუგებარია, თუ კომისიამ წერილობით მიმართა „TRANS WORLD INTERNATIONAL. INC. IMG SPORTS MEDIA”-ს, რატომ არ მიმართა კომისიამ ანალოგიური შეკითხვით ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“-ს. შესაბამისად, სს „ჯი ენ ენს“ მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას არ დაუსრულებია ადმინისტრაციული წარმოება და გაუგებარია რა საფუძვლით აყენებს ეჭვქვეშ კომისია სამაუწყებლო არხ „ФУТБОЛ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე სს „ჯი ენ ენსა“ და ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას კანონიერებას;
11. სს „ჯი ენ ენის“ აღნიშნული წერილის პასუხად, კომისიამ 2011 წლის 23 ივნისს, განმეორებით გაუგზავნა წერილი (N04/1288-11), სადაც აცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით კომისიამ წერილობით მიმართა როგორც ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“-ს, ასევე სამაუწყებლო არხის „ФУТБОЛ”-ს, ხოლო რაც შეეხება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილებას არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, აღნიშნული უფლებამოსილება დადასტურებულია კომისიაში შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით;
12. 2011 წლის 20 ივნისს, 19:50 საათზე, სს „ჯი ენ ენის“ აბონენტ რომან შალოიანთან მისამართზე: ქ. თბილისი, ქ.ჩოლოყაშვილის 2 კვ. კორპ. 3ა ბ21, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ. შუღლიაშვილის მონაწილეობით განხორციელდა ავტორიზებული პირის სს „ჯი ენ ენის“ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №37, შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: გ. რატიშვილი და ვ. შუღლიაშვილი, ასევე აბონენტი რ.შალოიანი (პ/ნ01011018243) და მოწმე ე. შახნაზაროვი (პ/ნ 01011007905);
13. 2011 წლის 20 ივნისის N37 შემოწმების აქტის თანახმად, სს ,,ჯი ენ ენი” თავის საკაბელო ქსელში გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „ტელეიმედი“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „საქართველო“, „კავკასია“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „აჭარის ტელევიზია“, “ПИК”, „RTVI”, „NAT GEO WILD”, „National Geographic”, “TLC”, “Animal Planet”, “Discovery”, “24 TЕХНО”, “History”, “Комедия”, “აფხაზეთის ხმა“, “КИНО ПЛЮС”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, „Наше любимое кино“, “CN”, “РОССИЯ К”, “Индия”, “Усадьба”, “Охота и Рыбалка”, “SHANT TV”, “AZTV”, “KURD TV”, “EURONEWS”, “ФУТБОЛ”, „Спорт Союз“ „English Club”, “Comedy Club”, “MTV”, “Шансон ТВ” „პირველი სტერეო“, „IHTER+”, “AXN”, “FASHION”, “TV5”, “ZONA ROMANTICA”, “FOX LIVE”, “MEZZO”, “DISNEY CHANNEL”, “MY VIDEO”, “VIASAT EXPLORER”, “TELE CLUB”; ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, სს „ჯი ენ ენი“ არამართლზომიერად გადასცემს ტელეარხ „ФУТБОЛ”-ის სამაუწყებლო ბადით გადაცემულ არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მათჩებს, აღნიშნული ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.
14. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 20 ივნისის №37 შემოწმების აქტით და აქტზე თანდართული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
15. 2011 წლის 24 ივნისს კომისიას განცხადებით (N6/2778-11) მიმართა სს „ჯი ენ ენმა“, სადაც აღნიშნულია, რომ ვიანიდან კომისია ახორციელებს მოკვლევას სამაუწყებლო არხ „ФУТБОЛ”-ის სატელევიზიო პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერების დადგენის მიზნით, სს „ჯი ენ ენი“ ითვალისწინებს კომისიის რეკომენდაციას და 2011 წლის 24 ივნისიდან წყვეტს აღნიშნული სატელევიზიო არხის საკუთარი საკაბელო ქსელით გავრცელებას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სს „ჯი ენ ენმა“ 2011 წლის 24 ივნისს, ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“-სგან მიიღო შეტყობინება ამ უკანასკნელსა და სს „ჯი ენ ენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე. განცხადებას თანდართული აქვს ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“-სგან მიღებული შეტყობინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“ 2011 წლის 21 ივნისიდან აჩერებს სს „ჯი ენ ენთან“ 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებულ №GNR-02 ხელშეკრულებას სამაუწყებლო არხის „ФУТБОЛ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე, იმ მოტივით, რომ წარმოიშვა გარკვეული პრობლემები სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული რიგი ჩემპიონატების გავრცელების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
16. კომისიის 2011 წლის 4 მარტის N109/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „ჯი ენ ენს“ მიეცა გაფრთხილება ”ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს ”საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ”ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ იმსჯელა სს „ჯი ენ ენის“ მიერ კომისიის სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) ქვეპუნქიტს შესაბამისად, მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი შემოწმების ჩატარებისას არ იყო შეზღუდული ავტორიზებული პირის - სს „ჯი ენ ენის“ ადგილმდებარეობით და მას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება ჰქონდა განეხორციელებინა შემოწმება ავტორიზებული პირის აბონენტთან;
2. საქართველოს ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსი პირველი მუხლის შესაბამისად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანომდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.“
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ გადაცდომად ითვლება არა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევები, არამედ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული დარღვევებიც.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კერძოდ 1571-1574 მუხლები განსაზღვრავს იმ სამართალდარღვევათა სახეებს, რომლისთვისაც აღნიშნული კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 239-ე მუხლის 33-ე ნაწილის შესაბამისად, 1571–1574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის საქმეებს განიხლილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის სამართალდარღვევათა სახეებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევებთან მიმართებაში, მაგალითად როგორიცაა „ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა, განადგურება ან გაყალბება“ (მუხლის 1572), „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება“ (მუხლი 1574) და ა.შ. მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ აქვს უფლება განახორციელოს ავტორიზებული პირის შემომწმება და მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების დაკისრება, ამ უკანასკნელის მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის როგორც სახეებს, ასევე კომისიის იურისდიქციას ამავე კანონით გათვალისწინებული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების დროს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ხოლო 45-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს როგორც დარღვევის სახეს, რასაც წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა, ასევე პასუხისმგებლობის სახეებს აღნიშნული დარღვევისთვის.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებების შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნოდა შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ და აღნიშნულის თაობაზე კომისიამ 2011 წლის 8 ივნისს წერილობით (04.1179-11) აცნობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის სს „ჯი ენ ენს“, რომ თავი შეეკავებინა არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების არამართლზომიერი ტრანსლირებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია რა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ არ უნდა განხორციელებულიყო, არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება, ვინაიდან აღნიშნული ქმედებით დაირღვეოდა უფლების მფლობელი კომპანიის კანონიერი უფლებები, თვითონ მოსთხოვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, სამაუწყებლო ბადეში არა ცვლილების შეტანა, არამედ, არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩვენებისგან თავის შეკავება, კერძოდ, საფეხბურთო ჩემპიონატის ჩვენების დროს არხის ტრანზიტის შეჩერება, რაც თავისთავად ვერ ჩაითვლება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის დარღვევად.
რაც შეეხება სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ არსებობოს სს „ჯი ენ ენის“ სანქცირების საფუძველი, ვინაიდან კომპანიამ შეაჩერა სამაუწყებლო არხ „ФУТБОЛ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება, მას შემდეგ რაც კომისიისგან 2011 წლის 24 ივნისს მიიღო წერილი, რომლითაც კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებდა კომპანიას შეეჩერებინა არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩვენება და ამავე დროს, მას შემდეგ, რაც სს „ჯი ენ ენმა“ მიიღო შეტყობინება ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ”-სგან მათ შორის ხელშეკრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, კომისია განმარტავს, რომ კომისიამ არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების არამართლზომიერი ტრანსლირებისგან თავის შეკავების მოთხოვნით სს „ჯი ენ ენს“ მიმართა 2011 წლის 8 ივნისს (წერილი N04.1179-11) აღნიშნული წერილი სს „ჯი ენ ენს“ ჩაბარდა 2011 წლის 10 ივნისს (აღნიშნულს ადასტურებს სს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N145), ხოლო შემოწმება ჩატარებულ იქნა 2011 წლის 20 ივნისს და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 20 ივნისს სს „ჯი ენ ენი“ ახორციელებდა სამაუწყებლო არხზე „ФУТБОЛ” არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირებას. რაც შეეხება კომისიის 2011 წლის 23 ივნისის N04/1288-11 წერილს (რომელიც სს „ჯი ენ ენის“ დირექტორის განმარტებით მათ ჩაბარდათ 2011 წლის 24 ივნისს), აღნიშნული წერილი კომისიის მიერ გაეგზავნა სს „ჯი ენ ენს“, ამ უკანასკნელის 2011 წლის 14 ივნისის N6/2493-11 წერილის პასუხად და კომპანიას კიდევ ერთხელ განემარტა, რომ საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით კომისიას წერილობით მიმართული აქვს როგორც ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“-ს, ასევე სამაუწყებლო არხის „ФУТБОЛ”-სთვის, ხოლო რაც შეეხება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილებას არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, კომისიამ განმეორებით განუმარტა სს „ჯი ენ ენს“, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ აღნიშნული უფლებამოსილება დადასტურებულია კომისიაში ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ 2011 წლის 8 ივნისს წერილობით (N04/1179-11) აცნობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის სს „ჯი ენ ენს“, რომ თავი შეეკავებინათ არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანსლირებისგან, სს „ჯი ენ ენი“ კვლავ განაგრძობდა აღნიშნული საფეხბურთო მატჩების არამართლზომიერ ტრანსლირებას, აღნიშნული ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე. ის ფაქტი, რომ
ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“, არ იყო უფლებამოსილი გადაეცა სს „ჯი ენ ენისთვის“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხ „ФУТБОЛ”-ის სრული სამაუწყებლო ბადის უვლელი სახით რეტრანსლირების უფლება, დასტურდება ასევე სს „ჯი ენ ენის“ მიერ კომისიაში 2011 წლის 24 ივნისს წარმოდგენილი ღია სააქციო საზოგადოება „Медия ТВ“-ს წერილითაც, სადაც ამ უკანასკნელმა შეაჩერა სს „ჯი ენ ენთან“ 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ კომპანიას აქვს რიგი პრობლემები სამაუწყებლო არხ „ФУТБОЛ”-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული რიგი ჩემპიონატების გავრცელების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, სს „ჯი ენ ენის“ მიერ დარღვეულ იქნა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
გამომდინარე იქიდან, რომ სს „ჯი ენ ენის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კერძოდ, 2011 წლის 4 მარტის N109/18 გადაწყვეტილების შესაბამისად სანქციის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ”ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს ”საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ”ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო და სს „ჯი ენ ენის“ მიერ ჩადენილი დარღვევა ატარებს განმეორებით ხასიათს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ამჯერად სს „ჯი ენ ენის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (28.06.2011 N10/531-11) შესაბამისად, სს „ჯი ენ ენის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი შეადგენს 9,029.56 (ცხრა ათას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ჯი ენ ენს” უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით 9,029.56 (ცხრა ათას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი, მე-5, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაჯარიმდეს სს „ჯი ენ ენი“ 9,029.56 (ცხრა ათას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს სს „ჯი ენ ენმა“ ჯარიმის 9,029.56 (ცხრა ათას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,ჯი ენ ენისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „ჯი ენ ნისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
