ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2011
მიღების თარიღი ივლისი 01, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 22 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) სამსახურებრივი ბარათი №10/498-11 და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ვ.შუღლიაშვილი) მიერ 2011 წლის 21 ივნისს ქ.თბილისში, მისამართზე: შროშის ქ.№8/10 ბინა №25 ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №38, სადაც აღნიშნულია, რომ ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი” თავის საკაბელო ქსელში გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „მზე“, „ტელეიმედი“, „ერთსულოვნება“, „კავკასია“, „პირველი სტერეო“, „RTVI”, „აფხაზეთის ხმა“, „Music Box”, “საქართველო“, „BBC”, “Euronews”, “НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС”, “Viasat sport”, “РОССИЯ К”, “ZooPark”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, “Eurosport2”, “Viasat Explorer”, “მაესტრო“, „Иллюзион+“, „National Geographic”, “НТВ-ПЛЮС НАШ ФУТБОЛ”, “ПИК”, “Eurosport”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, “ენკი ბენკი“, “TV5 MONDE”, “24 TЕХНО”, “BRIDGE TV”, “ФЕНИКС+КИНО”, "Еврокино", “DW”. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“, არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საქართველო“, “BBC”, “ZooPark”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, „Eurosport”, “Eurosport 2”, „Иллюзион+“, “ენკი ბენკი“, “TV5 MONDE”, “BRIDGE TV”, "Еврокино", “DW”;
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის (22.06.2011№10/498-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 24 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ სანქცირების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 1 ივლისს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“ ეცნობა შეტყობინებით (24.06.2011 N03/1307-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 1 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი, რომელმაც კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და სანებართვო წერილები, კერძოდ, წარმოდგენილ იქნა:
1. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილსა“ და შპს „ივერია ინტერმედიას“ შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (წერილი N6/2828-11 N01.07.2011) სამაუწყებლო არხის „ენკი ბენკი“ რეტრანსლირების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სამაუწყებლო არხის „ენკი ბენკი“ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ საკაბელო ქსელით რეტრანსლირების უფლებას და დადებულია უვადოდ;
2. სამაუწყებლო არხის „DW” 2002 წლის 16 დეკემბრის წერილი, სატელიტური მოწყობილობების შეკვეთის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც მიწერილია შპს „ზარის“ სახელზე და რომლითაც სამაუწყებლო არხი ატყობინებს შპს „ზარს“, რომ თანხა, 1160 დოლარის ოდენობით გადარიცხული იქნება შპს „ზარის“ მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშზე, ამავე წერილით სამაუწყებლო არხი სთხოვს შპს „ზარს“, გადაუგზავნოს საბოლოო ინვოისის ასლი, მას შემდეგ რაც დასრულდება სატელიტური მოწყობილობების ინსტალაციის პროცესი;
3. „მთიანი რეგიონების აღმავლობისა და განვითარების ასოციაციასა“ და „BBC World Distribution Limited Woodland”-ს შორის 2004 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, „BBC World Distribution Limited Woodland”-ი უფლებას აძლევს ასოციაციას, უზრუნველყოს სამაუწყებლო არხის “BBC” გავრცელება ასოციაციის წევრების საკაბელო ქსელში. ხელშეკრულება დადებულია 2004 წლის 15 ნოემბერს და მოქმედებს ერთი წლის ვადით.
ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ განცხადებით, იგი წარმოადგენს „მთიანი რეგიონების აღმავლობისა და განვითარების ასოციაციის“ წევრს და შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას აქვს სამაუწყებლო არხის „BBC” საკუთარი საკაბელო ქსელით გავრცელების უფლება. მისივე განცხადებით ხელშეკრულება ავტომატურად აქვს გაგრძელებული მოქმედების ვადა და იგი დღესაც მოქმედია;
4. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ განცხადებით, სამაუწყებლო არხების “НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС”, “НТВ-ПЛЮС НАШ ФУТБОЛ”, “24 TЕХНО” და “ФЕНИКС+КИНО”, გავრცელებასთან დაკავშირებით, მას აქვს წერილები უფლების მფლობელი პირებისგან, კერძოდ, შპს „შამმ 2002“-სა და შპს „საბ 2002“-სგან, რომლის შესაბამისადაც, კომპანიები უფლებას აძლევენ კავშირ „კაბელს“ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების გავრცელება კავშირის წევრ ავტორიზებული პირების, მათ შორის ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ საკაბელო ქსელის მეშვეობით. ზურაბ მამუკელაშვილის განცხადებით, მან არ წამოიღო კომისიის სხდომაზე ზემოაღნიშნული წერილები, ვინაიდან N38 შემოწმების აქტის შესაბამისად, აღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების კანონიერება არ იყო ეჭვქვეშ დაყენებული;
5. სამაუწყებლო არხ „პირველი კავკასიური არხის“ რეტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებით ინდ. მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილმა“ აღნიშნა, რომ სამაუწყებლო არხი „პირველი კავკასიური არხი“ წარმოადგენს უფასო სამაუწყებლო არხს და თვით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული იმ გარემოებით, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხის გავრცელება უზრუნველეყო საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ოპერატორს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, კომისიაში წარმოდგენილია წერილი „პირველი კავკასიური არხისგან“ რომლის შესაბამისადაც, ყველა საკაბელო ოპერატორს ეძლევა ნებართვა განახორციელოს აღნიშნული არხის რეტრანსლირება საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით;
6. სამაუწყებლო არხის „TV 5 MONDE”-ს გავრცელებასთან დაკავშირებით, ინდ. მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილმა“ აღნიშნა, რომ ეს არხი წარმოადგენს უფასო არხს და მათი გავრცელების უფლება ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ აქვს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან სამაუწყებლო არხის „Культура“ რეტრანსლირების თაობაზე 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 21 ივნისის №38 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 22 ივნისის №10/498-11 და 2011 წლის 28 ივნისის N10/528-11 სამსახურებრივი ბარათები;
3. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ და კავშირი „კაბელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე;
4. კომისიის მიერ 2011 წლის 30 ივნისს შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნილი წერილი (30.06.2011 N03/1346-11);
5. შპს „ტელეიმედის“ წერილები (30.06.2011 N2807-11; 30.06.2011 N2808-11);
6. ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ აბონენტთან ზურაბ გოჩიტაშვილთან ჩატარებული შემოწმების ჩანაწერი CD-ზე;
7. ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ აბონენტის, შემოწმებაზე დასწრე მოწმის პირადობის მოწობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გადახდის ქვითრის ასლები;
8. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
9. „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ წერილი N6/2376-11 07.06.2011;
10. კავშირი „კაბელის“ წერილი 31.05.2011 N6/2288-11 და თანდართული დოკუმენტაცია;
11 კომისიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სახელზე გაგზავნილი წერილი (14.03.2011 N04/481-11)
12. კომისიის 2011 წლის 1 ივლისის სხდომაზე ზურაბ მამუკელაშვილის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები (წერილი N01.07.2011 N6/2828-11) და ამავე სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიის მიერ სრულად იქნა შესწავლილი ინდ. მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული ყველა იმ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც აღნიშნულია შემოწმების აქტში N38; კერძოდ, შესწავლილ იქნა კომისიაში როგორც ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“, ასევე კავშირი „კაბელის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და სანებართვო წერილები, სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაცული კორესპოდენცია და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში დაცული ინფორმაცია; ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 2010 წლის 25 იანვარი, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. 2011 წლის 21 ივნისს, 17:17 საათზე, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ აბონენტ ზურაბ გოჩიტაშვილთან, მისამართზე: ქ. თბილისი, შროშის ქუჩა N8/10, ბინა 25, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ. შუღლიაშვილის მონაწილეობით განხორციელდა ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ, მის საკაბელო ქსელში, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №38. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: გ. რატიშვილი და ვ. შუღლიაშვილი, ასევე აბონენტი ზ. გოჩიტაშვილი (პ/ნ 01008003926) და მოწმე ნ.ვასილევა (პ/ნ 01024020932);
3. 2011 წლის 21 ივნისის N38 შემოწმების აქტის თანახმად, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი“ თავისი საკაბელო ქსელით, გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „მზე“, „ტელეიმედი“, „ერთსულოვნება“, „კავკასია“, „პირველი სტერეო“, „RTVI”, „აფხაზეთის ხმა“, „Music Box”, “საქართველო“, „BBC”, “Euronews”, “НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС”, “Viasat sport”, “РОССИЯ К”, “ZooPark”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, “Eurosport2”, “Viasat Explorer”, “მაესტრო“, „Иллюзион+“, „National Geographic”, “НТВ-ПЛЮС НАШ ФУТБОЛ”, “ПИК”, “Eurosport”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, “ენკი ბენკი“, “TV5 MONDE”, “24 TЕХНО”, “BRIDGE TV”, “ФЕНИКС+КИНО”, "Еврокино", “DW”.
4. შემოწმების ჩატარების სისწორე დასტურდება 2011 წლის 21 ივნისის №38 შემოწმების აქტით და აქტზე თანდართული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
5. კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები.
ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
6. 2011 წლის 31 მაისს კომისიას განცხადებით (31.05.2011 N6/2288-11) მიმართა კავშირმა „კაბელი“; განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა სამმა კომპანიამ: ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილმა“, ინდ.მეწარმე „ნინო ჯაკობიამ“, ინდ.მეწარმე „მარიანა ოკლეიმ“ დააფუძნეს კავშირი „კაბელი“ და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებს აღნიშნული ინდ.მეწარმეების სახელით, უფლების მფლობელ კომპანიებთან გააფორმებს კავშირი „კაბელი“.
კავშირი „კაბელი“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია 2001 წლის 13 მარტს (სახელმწიფო რეგისტრაციის N5/9-417 საიდენტიფიკაციო კოდი 204959385);
კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად, კავშირი „კაბელი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
7. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხების: “НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС”, “НТВ-ПЛЮС НАШ ФУТБОЛ”, “24 TЕХНО” და “ФЕНИКС+КИНО” განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:
კომისიას 2011 წლის 31 მაისს კავშირმა „კაბელი“ წერილით (31.05.2011 N6/2288-11) წარმოუდგინა შპს „საბ 2002“-სა და კავშირ „კაბელს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, სამაუწყებლო არხების: “ФЕНИКС+КИНО”, “24 TЕХНО” ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების ტრანზიტის უფლების გადაცემის თაობაზე და შპს „შამმ 2002“-სა და კავშირ „კაბელს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება “НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“-ის და „НТВ-ПЛЮС Наш Футбол“-ის ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების ტრანზიტის უფლების გადაცემის თაობაზე;
შპს „საბ 2002“-სა და კავშირ „კაბელს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს სამაუწყებლო არხების: “ФЕНИКС+КИНО”, “24 TЕХНО” ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების ტრანზიტის უფლების გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულება კომისიაში წარმოდგენილია არასრული სახით, კერძოდ, წარმოდგენილია მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-6 გვერდები, მაგრამ აღნიშნულის შესწავლის შედეგად, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტიდან ირკვევა, რომ სამაუწყებლო არხების “ФЕНИКС+КИНО”, “24 TЕХНО” რეტრანსლირება განხორციელდება მხოლოდ რეალური დროის რეჟიმში, აღნიშნული ოპერატორის (კავშირი „კაბელის“) სამოქმედო ტერიტორიაზე; შესაბამისად, დგინდება, რომ სამაუწყებლო არხების “ФЕНИКС+КИНО”, “24 TЕХНО” რეტრანსლირების უფლება კავშირ „კაბელს“ გადაცემული ჰქონდა მხოლოდ მის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამ უკანასკნელს არ ჰქონდა აღნიშნული სამაუწყებლო არხების მესამე პირებისთვის გადაცემის უფლება;
შპს „შამმ 2002“-სა და კავშირ „კაბელს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს სამაუწყებლო არხების: „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“-ის და „НТВ-ПЛЮС Наш Футбол“-ის ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების ტრანზიტის უფლების გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულება კომისიაში წარმოდგენილია არასრული სახით, კერძოდ, წარმოდგენილი მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-6 გვერდები, მაგრამ აღნიშნულის შესწავლის შედეგად, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტიდან ირკვევა, რომ სამაუწყებლო არხების „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“-ის და „НТВ-ПЛЮС Наш Футбол“-ის რეტრანსლირება განხორციელდება მხოლოდ რეალური დროის რეჟიმში, აღნიშნული ოპერატორის (კავშირი „კაბელის“) სამოქმედო ტერიტორიაზე; შესაბამისად, დგინდება, რომ სამაუწყებლო არხების „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“-ის და „НТВ-ПЛЮС Наш Футбол“-ის რეტრანსლირების უფლება კავშირ „კაბელს“ გადაცემული ჰქონდა მხოლოდ მის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამ უკანასკნელს არ ჰქონდა აღნიშნული სამაუწყებლო არხების მესამე პირებისთვის გადაცემის უფლება;
კომისიის სხდომაზე ინდ მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილმა“ განაცხადა, რომ მას აქვს სანებართვო წერილები უფლების მფლობელი კომპანიებისგან, კერძოდ შპს „შამ 2002“-სა და შპს „საბ 2002“-სგან, რომლითაც აღნიშნული კომპანიები უფლებას აძლევენ კავშირ „კაბელს“ განახორციელოს ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების გავრცელება საკუთარი წევრების, მათ შორის ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ საკაბელო ქსელის მეშვეობით, მაგრამ აღნიშნული წერილების წარმოდგენა არ მოხდა კომისიის 2011 წლის 1 ივლისის სხდომაზე იმის გამო, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილისთვის“ N38 შემოწმების აქტიდან გამომდინარე არ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილება კომისიის მიერ ეჭვქვეშ იყო დაყენებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ იყო გამოკვლეული შპს „შამ 2002“-სა და შპს „საბ 2002“-ს სანებართვო წერილები, რომლებზედაც აპელირებს ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“ კომისიას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე “ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხების “ФЕНИКС+КИНО”, “24 TЕХНО”, „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“ და „НТВ-ПЛЮС Наш Футбол“-ის ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირებას არამართლზომიერების თაობაზე. ამავე დროს, ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს შპს „შამ 2002“-სა და შპს „საბ 2002“-სგან მიღებული შესაბამისი სანებართვო წერილები;
8. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის “TV5 MONDE”, განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:
კომისიას, 2011 წლის 31 მაისს, კავშირმა „კაბელი“ წერილით (31.05.2011 N6/2288-11) წარმოუდგინა კავშირ „კაბელსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხის „TV5 MONDE”-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების ტრანზიტის უფლების გადაცემის თაობაზე;
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 პუნტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ოპერატორს (ავტორიზებული პირს) არ აქვს უფლება მეორე მხარისგან წერილობითი თანხმობის გარეშე თავისი უფლებები და ვალდებულებები გაასხვისოს ან გადასცეს მესამე პირს; შესაბამისად, დადგენილად არის მიჩნეული, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კავშირ „კაბელს“ არ ჰქონდა სატელევიზიო არხის „TV5 MONDE”-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების ტრანზიტის უფლების მესამე პირთათვის (მათ შორის კავშირის წევრებისთვის) გადაცემის უფლება „საქართველოს საკაბელი ტელევიზიების კავშირის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
იმ გარემოებას, რომ „საქართველოს საკაბელი ტელევიზიების კავშირს“ არ მიუცია კავშირი „კაბელისთვის“ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხის მესამე პირთათვის გადაცემის უფლება, ადასტურებს „საქართველოს საკაბელი ტელევიზიების კავშირის“ წერილი (N6/2376-11 07.06.2011), რომელშიც აღნიშნულია, რომ კავშირმა „კაბელი“ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ მიმართა წერილით, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლების, მესამე პირებისთვის გადაცემაზე თანხმობის მიღებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულის უფლებამისლება არ გააჩნია „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და ვინაიდან, მოხდა „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ შეცდომაში შეყვანა კავშირი „კაბელის“ მხრიდან, „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“, კავშირ „კაბელთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს მიიჩნევს ბათილად.
კომისიის სხდომაზე ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე განხორციელდა ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის სამაუწყებლო არხის “РОССИЯ К” („Культура“) რეტრანსლირების თაობაზე 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შემოწმება და გაირკვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებულია მხოლოდ სამაუწყებლო არხის “РОССИЯ К” („Культура“) რეტრანსლირებასთან დაკავშირებით და იგი არ ითვალისწინებს სამაუწყებლო არხ „TV5 MONDE”-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირებას.
შესაბამისად, დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული, რომ ინდ.მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი“ საკუთარ საკაბელო ქსელში ახორციელებს სამაუწყებლო არხის „TV5 MONDE”-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირებას, აღნიშნული არხის ტრანზიტზე შესაბამისი უფლების მოპოვების გარეშე;
9. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხების „პირველი კავკასიური არხი“ და „DW TV” განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:
კომისიას, 2011 წლის 31 მაისს, კავშირმა „კაბელი“ წერილით (31.05.2011 N6/2288-11) წარმოუდგინა „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ სანებართვო წერილი „პირველი კავკასიური არხის“ და „DW TV”-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების ტრანზიტის უფლების კავშირი „კაბელისთვის“ გადაცემის თაობაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ კავშირ „კაბელს“ გადაცემული ჰქონდა სამაუწყებლო არხის „პირველი კავკასიური არხის“ და „DW-TV” რეტრანსლირების უფლება მხოლოდ მის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამ უკანასკნელს არ ჰქონდა აღნიშნული სამაუწყებლო არხების მესამე პირებისთვის გადაცემის უფლება;
კომისიის სხდომაზე, ინდ. მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილმა“ აღნიშნა, რომ სამაუწყებლო არხი „პირველი კავკასიური არხის“ წარმოადგენს უფასო სამაუწყებლო არხს და თვით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული იმ გარემოებით, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხის გავრცელება უზრუნველეყო საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ოპერატორს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, კომისიაში წარმოდგენილია წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან რომლის შესაბამისადაც, ყველა საკაბელო ოპერატორს ეძლევა ნებართვა განახორციელოს „პირველი კავკასიური არხის“ რეტრანსლირება საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ვერ იქნა მოძიებული კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შემოსული წერილი, რომელზედაც აპელირებს ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“, მაგრამ ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უტყუარად არ დასტურდება, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“ ახორციელებდა სამაუწყებლო არხის „პირველი კავკასიური არხის“ საკუთარ საკაბელო ქსელში არამართლზომიერ გავრცელებას (კომისია უშვებს იმას, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ მართლაც აქვს მიღებული სანებართვო წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სამაუწყებლო არხ „პირველი კავკასიური არხის“ რეტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებით), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხ „პირველი კავკასიური არხის“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირებას არამართლზომიერების თაობაზე. ამავე დროს, ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს „პირველი კავკასიური არხის“ საკუთარ საკაბელო ქსელში რეტრანსლირების უფლებამოსილების დამამასტურებელი უტყუარი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან/და სანებართვო წერილი);
რაც შეეხება სამაუწყებლო არხის „DW-TV” ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირებას, კომისიას მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სამაუწყებლო არხის „DW” 2002 წლის 16 დეკემბრის წერილი ვერ ადასტურებს ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ უფლებამოსილებას აღნიშნული არხის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით ვინაიდან 2002 წლის 16 დეკემბრის წერილი მიწერილია შპს „ზარის“ და არა ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ სახელზე, ამავე დროს, წერილი შინაარსობრივად ეხება სატელიტური მოწყობილობების შეკვეთის ფინანსურ მხარდაჭერას რომლითაც სამაუწყებლო არხი ატყობინებს შპს „ზარს“, რომ თანხა, 1160 დოლარის ოდენობით გადარიცხული იქნება შპს „ზარის“ მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშზე, ამავე წერილით სამაუწყებლო არხი სთხოვს შპს „ზარს“, გადაუგზავნოს საბოლოო ინვოისის ასლი, მას შემდეგ რაც დასრულდება სატელიტური მოწყობილობების ინსტალაციის პროცესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“ საკუთარ საკაბელო ქსელში ახორციელებს სამაუწყებლო არხის „DW-TV” ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირებას, აღნიშნული არხის ტრანზიტზე შესაბამისი უფლების მოპოვების გარეშე.
10. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხების “RTVI”, “Еврокино”, “ZooPark”, „Иллюзион+“, “BRIDGE TV”, განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:
კომისიას 2011 წლის 24 ივნისს კომისიას წერილით (6/2777-11) მიმართა კავშირმა „კაბელი“ და წარმოუდგინა უფლების მფლობელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე: “RTVI”, “Еврокино”, “ZooPark”, „Иллюзион+“, “BRIDGE TV”. აღნიშნულ ხელშეკრულებებში კავშირი „კაბელის“ საკაბელო ქსელი განმარტებულია, როგორ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“, ინდ.მეწარმე „ნინო ჯაკობიას“ და ინდ.მეწარმე „მარიანა ოკლეის“ საკაბელო ქსელი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებლად გათვალისწინებულია ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“, ინდ.მეწარმე „ნინო ჯაკობიას“ და ინდ.მეწარმე „მარიანა ოკლეის“ საკაბელო ქსელის აბონენტები;
შესაბამისად, დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს საკუთარ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხების “RTVI”, “Еврокино”, “ZooPark”, „Иллюзион+“, “BRIDGE TV” ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულებები;
11. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის “BBC” განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:
„მთიანი რეგიონების აღმავლობისა და განვითარების ასოციაციასა“ და „BBC World Distribution Limited Woodland”-ს შორის, 2004 წლის 15 ნოემბერს, გაფორმებულია ხელმოწერილი და ორივე მხარის მიერ ბეჭედდასმულია ხელშეკრულება, რომლის შესაბამსიადაც, „BBC World Distribution Limited Woodland”-ი უფლებას აძლევს ასოციაციას, უზრუნველყოს სამაუწყებლო არხ “BBC”-ს გავრცელება, ასოციაციის წევრების საკაბელო ქსელის მეშვეობით. ხელშეკრულება მოქმედებს ერთი წლის ვადით. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ განცხადებით, იგი წარმოადგენს „მთიანი რეგიონების აღმავლობისა და განვითარების ასოციაციის“ წევრს და შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას აქვს სამაუწყებლო არხის „BBC” საკუთარი საკაბელო ქსელით გავრცელების უფლება. მისივე განცხადებით ხელშეკრულებას ავტომატურად აქვს გაგრძელებული მოქმედების ვადა და იგი დღესაც მოქმედია.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უტყუარად არ დასტურდება, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“ არ წარმოადგენს „მთიანი რეგიონების აღმავლობისა და განვითარების ასოციაციის“ წევრს (კომისიის სხდომაზე გადამოწმდა „მთიანი რეგიონების აღმავლობისა და განვითარების ასოციაციის“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი და დადგინდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია რეგისტრირებულია 2003 წლის 10 თებერვალს, რეგისტრაციის N5/9-690, საიდენტიფიკაციო კოდი 204999653) და ამავე დროს, ვერ დგინდება რომ „მთიანი რეგიონების აღმავლობისა და განვითარების ასოციაციასა“ და „BBC World Distribution Limited Woodland”-ს შორის 2004 წლის 15 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარეს მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხ „BBC“-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირებას არამართლზომიერების თაობაზე. ამავე დროს, ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს „BBC World Distribution Limited Woodland”-სგან შესაბამისი დოკუმენტაცია (შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ან/და სანებართვო წერილი), რითაც უტყუარად დადასტურდება, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ ნამდვილად აქვს სამაუწყებლო არხის „BBC” საკუთარ საკაბელო ქსელით რეტრანსლირების უფლება;
12. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხ “ტელეიმედის” განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:
კომისიაში შპს „ტელეიმედის“ მიერ 2011 წლის 2 ივნისის წარმოდგენილი N0235 სანებართვო წერილიდან ირკვევა, შპს „ტელეიმედი“ უფლებას აძლევს საქართველოში მოქმედ იმ საკაბელო ოპერატორებს (აღნიშნულ საკაბელო ოპერატორებს შორის არის ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“), რომლებთანაც ამ უკანასკნელს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, საკუთარი საკაბელო ქსელით განახორციელონ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო პროგრამების რეტრანსლირება 2011 წლის 8 ივნისამდე. შესაბამისად, 2011 წლის 30 ივნისს, კომისიამ წერილით (N03/1346-11) მიმართა შპს „ტელეიმედს“ რათა ამ უკანასკნელს მოეწოდებინა ინფორმაცია, კერძოდ, 2011 წლის 8 ივნისიდან მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ ჰქონდა თუ არა უფლება საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით განეხორციელებინა შპს „ტელეიმედის“ სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირება. აღნიშნულთან დაკაშირებით შპს „ტელეიმედისგან“ კომისიაში შემოსულია წერილი (30.06.2011 N6/2807-11) სადაც აღნიშნულია, რომ 2011 წლის 8 ივნისიდან მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ არ ჰქონდა უფლება საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით განეხორციელებინა შპს „ტელეიმედის“ სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირება. 2011 წლის 30 ივნისს, კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ტელეიმედის“ მეორე წერილი (30.06.2011 N6/2808-11) რომლის შესაბამისადაც, შპს „ტელეიმედი“ ატყობინებს კომისიას, რომ შპს „ტელეიმედი“ უფლებას აძლევს საქართველოში მოქმედ იმ საკაბელო ოპერატორებს, რომლებთანაც ამ უკანასკნელს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, საკუთარი საკაბელო ქსელით განახორციელონ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო პროგრამების რეტრანსლირება 2011 წლის 1 აგვისტომდე.
შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი წერილების საფუძველზე დგინდება, რომ შემოწმების ჩატარების დროისთვის (2011 წლის 21 ივნისი) ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ არ ჰქონდა შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო პროგრამების საკუთარ ქსელში რეტრანსლირების უფლება 2011 წლის 8 ივნისიდან 2011 წლის 30 ივნისამდე პერიოდში (შპს „ტელეიმედის“ წერილი 30.06.2011 N6/2807-11), ხოლო 2011 წლის 30 ივნისიდან, ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ აქვს უფლება საკუთარ საკაბელო ქსელში განახორციელოს სამაუწყებლო არხ „ტელეიმედის” ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირება 2011 წლის 1 აგვისტომდე (შპს „ტელეიმედის“ წერილი 30.06.2011 N6/2808-11);
13. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის “ენკი ბენკი” განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:
სამაუწყებლო არხის “ენკიბენკი“ რეტრანსლირებასთან დაკავშირებით ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ კომისიაში 2011 წლის 1 ივლისს (წერილი N6/2828-11) წარმოდგენილი იქნა შპს „ივერია ინტერმედიასთან“ 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, აღნიშნული სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების თაობაზე. შესაბამისად, დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილი“ სამაუწყებლო არხის „ენკი ბენკი“ საკუთარ საკაბელო ქსელში რეტრანსლირებას ახორციელებს აღნიშნული სამაუწყებლო არხის რეტრანლირების უფლების მოპოვებით, თუმცა ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 1 ივლისს (წერილი N6/2828-11), რითიც ამ უკანასკნელის მიერ დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ა) ქვეპუნქტი გამომდინარე იქიდან, რომ კომისიამ 2011 წლის 14 მარტს, წერილით N04/481-11 მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და განუმარტა, რომ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინათ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე.
14. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის ““РОССИЯ К” (Культура) განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამაუწყებლო არხის “РОССИЯ К”-ს საკაბელო ქსელში რეტრანლირების უფლებამოსილება დადასტურებულია ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების თაობაზე;
15. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „მზე“, „კავკასია“, „პირველი სტერეო“, „ერთსულოვნება“, „Music Box”-ი განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის სანებართვო წერილით (30.05.2011 N6/2281-11);
16. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის „რუსთავი 2“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს სანებართვო წერილით (31.05.2011 N6/2278), სადაც აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“ და „ახალი არხი“ გავრცელების უფლება აქვთ 2011 წლის 1 ივლისამდე.
17. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის „საქართველო“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება „ტელეკომპანია საქართველოს“ სანებართვო წერილით (07.03.2011 N6/901-11);
18. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის „აფხაზეთის ხმა“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ სანებართვო წერილით (N0053 01.06.2011);
19. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის „მაესტრო“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს 3 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებით;
20. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის „Euronews“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება ინდ. მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილსა“ და “Euronews”-ს შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, მოქმედების ვადით 2013 წლის 3 სექტემბრამდე;
21. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხების “Viasat sport”-ის “TV 1000”-ის “TV 1000 Action”-ის “Viasat Explorer”-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება „Niltex Holding Limited”-სა და კავშირ „კაბელს“ შორის 2011 წლის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით; აღნიშნულ ხელშეკრულებებში კავშირი „კაბელის“ საკაბელო ქსელი განმარტებულია, როგორ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“, ინდ.მეწარმე „ნინო ჯაკობიას“ და ინდ.მეწარმე „მარიანა ოკლეის“ საკაბელო ქსელი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებლად გათვალისწინებულია ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“, ინდ.მეწარმე „ნინო ჯაკობიას“ და ინდ.მეწარმე „მარიანა ოკლეის“ საკაბელო ქსელის აბონენტები;
22. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის „МОЯ ПЛАНЕТА” ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება 2011 წლის 29 ივნისს კომისიაში კავშირი „კაბელის“ მიერ წარმოდგენილი შპს „სტეპკომის“ სანებართვო წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ 2011 წლის 1 ივლისამდე შპს „სტეპკომი“ უფლებას აძლევს კავშირ „კაბელს“ სატესტო რეჟიმში განახორციელოს სამაუწყებლო არხის „МОЯ ПЛАНЕТА” რეტრანსლირება ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ და ინდ.მეწარმე „ნინო ჯაკობიას“ საკაბელო ქსელებში;
23. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხების ”Eurosport” და “Eurosport 2”-ს ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება ”Eurosport”-სგან მიღებული სანებართვო წერილებითა და ამ უკანასკნელსა და ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით;
24. ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ქსელში სამაუწყებლო არხის „National Geographic”-ის ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების განთავსების კანონიერების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილება დასტურდება ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილსა“ და „NGC Europe Limited”-ს შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც კომისიაში წარმოდგენილია არასრულყოფილი სახით, მაგრამ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია სამი წლის ვადით;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 3 ივნისის N264/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“ მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „ტელეიმედი“ „TV5” და “DW” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის” მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი; ამავე დროს, ინდ.მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილის მიერ სამაუწყებლო არხის „ენკი ბენკი“ რეტრანსლირების თაობაზე შპს „ივერია ინტერმედიასთან“ 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების დაგვიანებით 2011 წლის 1 ივლისს წარმოდგენით დარღვეულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი;
გამომდინარე იქიდან, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კერძოდ, 2011 წლის 3 ივნისის N265/18 გადაწყვეტილების შესაბამისად სანქციის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო და ინდ. მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ ჩადენილი დარღვევა ატარებს განმეორებით ხასიათს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ამჯერად ინდ. მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (28.06.2011 N10/526-11) შესაბამისად, ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი არ აღემატება 3000.00 (სამი ათასი) ლარს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს” უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით 3,000.00 (სამი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“ ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „TV5” და “DW” არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხების: “ФЕНИКС+КИНО”, “24 TЕХНО”, „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“, „НТВ-ПЛЮС Наш Футбол“, „BBC“ და „პირველი კავკასიური არხის“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების არამართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო;
2. დაევალოს ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილ“ 3 სამუშო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს:
ა) შპს „შამ 2002“-სა და შპს „საბ 2002“-ს სანებართვო წერილები სამაუწყებლო არხების “ФЕНИКС+КИНО”, “24 TЕХНО”, „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“ და „НТВ-ПЛЮС Наш Футбол“-ის ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების საკუთარ საკაბელო ქსელში რეტრანსლირების მართლზომიერების თაობაზე;
ბ) „BBC World Distribution Limited Woodland”-სგან შესაბამისადი დოკუმენტაცია (შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ან/და სანებართვო წერილი), რითაც უტყუარად დადასტურდება, რომ ინდ.მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილს“ ნამდვილად აქვს სამაუწყებლო არხის „BBC” საკუთარ საკაბელო ქსელით რეტრანსლირების უფლება;
გ) სამაუწყებლო არხ „პირველი კავკასიური არხის“ საკაბელო ქსელში რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადაასტურებელი უტყუარი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან/და სანებართვო წერილი);
3. დაჯარიმდეს ინდ.მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი“ 3,000.00 (სამი ათასი) ლარით სამაუწყებლო არხების „ტელეიმედი“, „TV5 MONDE”, “DW-TV” რეტრანსლირების დროს „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო; ხოლო შპს „ივერია ინტერმედიასთან“ სამაუწყებლო არხის „ენკი ბენკი“ რეტრანსლირების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და დარღვევის გამო;
4. უზრუნველყოს ინდ,მეწარმე „ზურაბ მამუკელაშვილმა“ ჯარიმის 3,000.00 (სამი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. უზრუნველყოს ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „TV5 MONDE” და “DW” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილისათვის“ ჩაბარების დღიდან;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
