ერთი მხრივ, შპს ,,მაგთიკომსა” და, მეორე მხრივ, შპს ,,ჯეოსელს” შორის, შპს ,,ჯეოსელის” მიერ შპს ,,მაგთიკომისთვის” ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011
მიღების თარიღი ივლისი 07, 2011
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 15 ივნისს, შპს ,,მაგთიკომმა” განცხადებით მიმართა კომისიას შპს ,,ჯეოსელთან” არსებული დავის განხილვის მოთხოვნით.
შპს ,,მაგთიკომის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 20 მაისს, შპს „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ცხელი ხაზით საკომუნიკაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში. 2011 წლის 24 მაისს საქართველოში კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს, მათ შორის შპს „ჯეოსელს“, წერილობით (№11/087) აცნობა, რომ აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად შპს „მაგთიკომის“ მიერ გამოყოფილია ნუმერაციის რესურსი და ითხოვა, რომ 2011 წლის 1 ივნისიდან ამ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებულ ზარებზე აბონენტებისთვის არ დაერიცხათ თანხა, რის სანაცვლოდ შესთავაზეს აღნიშნული ზარების თითოეულ წუთზე ზარის წამოწყების ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნულ თხოვნაზე, შპს ,,მაგთიკომმა” შპს „ჯეოსელისგან“ მიიღო წერილობითი (07.06.2011 #2/203-11) უარი, შემდეგი საფუძვლებით: 1. შპს ,,ჯეოსელმა” ანალოგიურ თხოვნაზე უარი უთხრა სხვა კომპანიებს (შპს „გლობალ 1“, შპს „კავკასუს ონლაინი“, ს.ს. „სილქნეტი“), ასევე შპს „მაგთიკომის“ თანამშრომელმაც ზეპირსიტყვიერად დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია უფასო ნომრების გააქტიურებასთან დაკავშირებით; 2. უფასო ნომრების გააქტიურება დიდ ტვირთად დააწვება შპს „ჯეოსელის“ საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურს; 3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება განსაზღვრავს უფასო საკომუნაკაციო მომსახურებისათვის კონკრეტულ ნუმერაციას და მისი შესაბამისი პუნქტების ამოქმედებამდე თავს იკავებს აღნიშნული სახის მომსახურება გაუწიოს მსურველ ავტორიზებულ პირებს.
შპს ,,მაგთიკომის” განცხადებით შპს „ჯეოსელის“ უარი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას. შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „გლობალ 1“, რომლებსაც შპს „ჯეოსელის“ მტკიცებით უარი ეთქვათ უფასო ნომრის გააქტიურებაზე, შპს ,,მაგთიკომის” მსგავსად მონაწილებდნენ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, შესაბამისად, ამ კომპანიებმა არ იცოდნენ, რომ შპს „ჯეოსელი“ უარს განაცხადებდა მომსახურების გაწევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღებდნენ ტენდერში მონაწილეობას. შპს „ჯეოსელის“ მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს „მაგთიკომი” უფასო ნომრების გააქტიურების წინააღმდეგი იყო, ლოგიკას მოკლებულია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, შპს „მაგთიკომი“ მონაწილეობას არ მიიღებდა ტენდერში, ასევე, სს „სილქნეტის“ მოთხოვნის საფუძველზე არ გააქტიურებდა შპს „თეგეტა მოტორსის“ სახელზე რიცხულ უფასო ცხელი ხაზის ნომერს.
შპს ,,მაგთიკომის” მოსაზრებით, შპს „ჯეოსელის“ საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღეის მდგომარეობით შპს „ჯეოსელს“ გააქტიურებული აქვს შპს „თეგეტა მოტორსისა“ და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ცხელი ხაზის ნუმერაციის რესურსი, რაც „არ დაწოლია დიდ ტვირთად“ მის საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურსს. შპს „ჯეოსელის“ მხრიდან შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იყო დაკავშირებული ფინანსურ და ტექნიკურ სირთულესთან, ვინაიდან საჭირო იყო მხოლოდ საბილინგო სისტემაში პროგრამული ცვლილებები. შესაბამისად, შპს „ჯეოსელი“ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას და მისი ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შეზღუდვას. ვინაიდან, უფასო ნომრების გააქტიურება წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ერთგვარ სახეობას, შპს „ჯეოსელის“ ქმედებით იზღუდება ბოლო მომხმარებლის შესაძლებლობა მიიღოს აღნიშნული მომსახურება.
შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „ჯეოსელს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა დისკრიმინაციისა და კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების აკრძალვა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება მსურველი ავტორიზებული პირისათვის (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში ერთნაირი პირობებით. განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ ქმედება მის მიმართ წარმოადგენს დისრკიმინაციას, ვინაიდან არსებითად მსგავსი გარემოებების და ექვივალენტური მოთხოვნების პირობებში მის მიერ დგინდება არაერთგვაროვანი პირობა შპს „მაგთიკომის“ მიმართ, ვიდრე მას აქვს სხვა ავტორიზებულ პირებთან მიმართებაში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი ძალაუფლება. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად კი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას. შპს „ჯეოსელი“ აღიარებულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. ამდენად შპს „ჯეოსელის“ მხრიდან სპეციფიკური ვალდებულების დარღვევით, სახეზეა საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი.
შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, თუ გავიზიარებთ შპს „ჯეოსელის“ არგუმენტაციას, რომელიც, მისივე განცხადებით, თავს იკავებს უფასო ნომრების გააქტიურებაზე „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისი პუნქტების ამოქმედებამდე, მიმდინარე წლის ნოემბრამდე შეუძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომხმარებლებისათვის უფასო ცხელი ხაზის მომსახურების შეთავაზება. ასეთი მიდგომა ლახავს მომხმარებელთა უფლებებს და ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და პრინციპებს, რომლის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა, ხოლო ამავე მუხლის მე–2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განხორციელების ერთ–ერთი ძირითადი პრინციპია მომხმარებელთა კანონერი ინტერესების დაცვა. ამასთან, თუ შპს „ჯეოსელის“ ეს მსჯელობა საფუძვლიანი და კანონიერია, ისმის ლოგიკური კითხვა: ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიებმა 2011 წლის ნოემბრამდე უნდა დაუკმაყოფილონ თუ არა მსურველ ავტორიზებულ პირებს მოთხოვნა უფასო ნომრებით მომსახურების გაწევაზე და უნდა შეუწყვიტონ თუ არა 2011 წლის ნოემბრიდან არსებული უფასო ნომრებით მომსახურების მიწოდება?!
შპს ,,მაგთიკომი” განცხადებაში განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კომისიის ერთ–ერთ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. შპს ,,მაგთიკომის” მიერ მოთხოვილ მომსახურების მიწოდებაზე შპს „ჯეოსელის“ უარი იმ საფუძვლით, რომ მომსახურების გაწევა მძიმე ტვირთად დააწვება შპს ,,ჯეოსელის” საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურსს, მაშინ როდესაც ის ანალოგიურ მომსახურებას უწევს სხვა კომპანიებს, მიუთითებს იმაზე, რომ შპს „ჯეოსელი“ ხელოვნურად ზღუდავს მომსახურების ფართო არჩევანის შესაძლებლობას ბოლო მომხმარებლებისთვის.
შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის რეგულირების ერთ–ერთი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას არ იქნას დაშვებული ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაცია, დაცულ იქნას მათი უფლებები და უზრუნველყოფილ იქნას საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ნორმის მიზანია დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა. შპს „ჯეოსელის“ ქმედება წარმოადგენს ბოლო მომხმარებლის დისკრიმინაციას და არღვევს თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპს, ვინაიდან არსებითად მსგავს პირობებში შპს „ჯეოსელი“ უარს აცხადებს მომსახურების მიწოდებაზე.
შპს ,,მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ მან შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” წინაშე იკისრა ვალდებულება გაეწია მომსახურება, რაც გამოიხატებოდა საკუთარი ნუმერაციის რესურსიდან ნომრის გამოყოფასა და აბონენტების შესაძლებლობას ამ ნომერზე დაკავშირება ყოფილიყო უსასყიდლო. შპს „ჯეოსელის“ დაუსაბუთებელი უარი შეფასებულ უნდა იქნას როგორც ხელოვნური ხელშეშლა შპს „მაგთიკომის” მიერ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის. უფასო ნომრის გააქტიურებაზე უარის თქმით, შპს „მაგთიკომი“ ვერ ახერხებს კონტრაჰენტ მხარესთან ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რის შედეგად შპს „მაგთიკომი“ კარგავს პოტერნციურ კლიენტს და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა შესაძლებელია გახდეს მისი ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძველი. 2011 წლის 13 ივნისს, შპს ,,მაგთიკომმა” მიიღო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისაგან“ წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამავე წერილით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იუწყება, რომ მიმართავს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „მაგთიკომი“ შეიყვანოს სახელმწიფო შესყიდვების მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტში, რის შედეგად შპს „მაგთიკომი“ ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. აღნიშნული აშკარად მიუთითებს შპს „ჯეოსელის“ განზრახვაზე შეზღუდოს კონკურენცია, რაც თავის მხრივ არაკონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, შპს „ჯეოსელის“ ქმედება იწვევს არა მხოლოდ ფინანსურ ზიანს, არამედ ლახავს შპს „მაგთიკომის“ სახელსა და საქმიან რეპუტაციას. შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ ქმედება წარმოადგენს წინასწარგანზრახულ ბოროტ ქმედებას, რომელიც მიმართულია კონკურენციის შეზღუდვისა და კონკურენტი კომპანიისთვის ზიანის მიყენებაზე.
შპს ,,მაგთიკომს” მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის მე–4 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, მე–11 მუხლის მე–2, მე–20 მუხლის მე–2 პუნქტების და 32–ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილების დარღვევას, მისი ქმედება ამავე დროს ლახავს ბოლო მომხმარებლის ინტერესებს და ეწინააღმდეგება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს და შესაბამისად, მოითხოვს კომისიამ დაავალოს შპს „ჯეოსელს“ ქმედების განხორციელება და დააკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 24 ივნისს დაინიშნა დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა, რის შესახებ დაზღვეული საფოსტო გზავნილებით ეცნობათ შპს „მაგთიკომს” და შპს ,,ჯეოსელს” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების მოსამზადებელ სხდომამდე კომისიაში წარმოდგენა. შპს ,,ჯეოსელს”, ასევე გაეგზავნა შპს ,,მაგთიკომის” განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 22 ივნისს, შპს ,,ჯეოსელმა” კომისიაში წარმოადგინა თავისი პოზიცია შპს ,,მაგთიკომის” განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,მაგთიკომის” ქმედება შპს ,,ჯეოსელის” და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” წინაშე იყო არაკეთილსინდისიერი და მოკლებული იყო ბიზნეს ეთიკას, ვინაიდან შპს ,,მაგთიკომმა” ისე მიიღო ტენდერში მონაწილეობა და ისე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან”, რომ შპს ,,ჯეოსელისგან” არ მიუღია წინასწარი თანხმობა ნუმერაციის რესურსის 8-90-008-XXX შპს ,,ჯეოსელის” ქსელში ნულოვანი ტარიფით გააქტიურების შესახებ. 2011 წლის 24 მაისის № 11/087 წერილში შპს ,,მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ დაგეგმილი აქვს მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი 8-90-009-XXX გამოყოს ე.წ. ,,უფასო” ნომრებისთვის, ხოლო 2011 წლის 6 ივნისის № 11-095-12 წერილში აღნიშნავს, რომ უკვე დანერგა მომსახურების ახალი სეგმენტი ე.წ. ,,უფასო” ნომრებით მომსახურებისათვის, რისთვისაც გამოყო ნუმერაციის რესურსი 8-90-008-XXX და მოითხოვა აღნიშნულ რესურსზე განხორციელებულ ზარებზე შპს ,,ჯეოსელის” სატელეფონო ქსელის აბონენტებისათვის თანხა არ დარიცხულიყო. აღნიშნული, შპს ,,ჯეოსელის” განმარტებით, ხდება იმ დროს, როდესაც უკვე ძალაშია საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება და მიმდინარეობს სამუშაოები ნუმერაციის ახალ გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხოლო კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ.
შპს ,,ჯეოსელი” განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2010 წლის 18 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება, რომლითაც დადგინდა ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი, რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვის და გამოყენების წესები. აღნიშნული დებულებით, ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები შექმნილია მომხმარებლების უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულებისა და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სატელეფონო გამოძახებების განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციური და საკონტროლო ინფორმაციის სიგნალიზაციის არხების მეშვეობით გაცვლის (გადაცემის) მიზნით. შპს ,,ჯეოსელის” განმარტებით, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობები არის უფასო ან ფასიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო, გასართობი, საცნობარო ან სხვა სახის მომსახურების სახეობები, რომელთა მიწოდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ხორციელდება ოპერატორის ქსელსა და საშუალებებთან დაშვებითა და ურთიერთჩართვით. ამავე დებულებით ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ნუმერაციის რესურსი: 800 XX XXXX.
შპს ,,ჯეოსელი” განცხადებაში განმარტავს, რომ კომისიის 2011 წლის 15 მარტის № 123/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს ,,ალფაკომის” №11 ლიცენზია (ნუმერაციის რესურსი 8-8-0) და ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის გამოეყო ნუმერაციის რესურსი 800-80-XXXX. შპს ,,ალფაკომსა” და შპს ,,ჯეოსელს” შორის 2007 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნუმერაცია 8-80 ბოლო მომხმარებლებისათვის პირდაპირ გაიწერა ნულოვანი ტარიფით. კომისიის 2011 წლის 15 მარტის № 123/2 გადაწყვეტილებით ასევე მოდიფიცირდა შპს ,,მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 ლიცენზია (ნუმერაციის რესურსი 8-9-0), რომელიც არ ითვალისწინებს ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებას. აქედან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომს” თვითნებურად არ უნდა დაენერგა ე.წ. ,,უფასო” ნომრებით მომსახურება და არ უნდა გამოეყო ნუმერაცის რესურსი, რომელიც ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისთვის არ არის გათვალისწინებული.
შპს ,,ჯეოსელის” განმარტებით, ახალი ნუმერაციიის ეროვნული გეგმის მიღების შემდეგ, მიუხედავად ოპერატორების არაერთი მოთხოვნისა, თავს იკავებდა ნუმერაციის რესურსის ნულოვანი ტარიფით გააქტიურებისაგან, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ასეთი ქმედება წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების მოთხოვნებთან, რომელიც ანალოგიური უფასო მომსახურებისათვის განსაზღვრავს სპეციალურ ნუმერაციის რესურსს 800 XX XXXX. შპს ,,მაგთიკომის” თხოვნა არღვევს საქართველოში მოქმედ კანონდებლობას, მისი მოთხოვნა უფასო ნომრის გააქტიურებაზე იყო და არის პროვოკაცია, რომ შპს ,,ჯეოსელს” და საქართველოში მოქმედ სხვა ოპერატორებს დაერღვიათ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება და წინააღმდეგობაში მოსულიყვნენ კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიზნებთან და პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომს” ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე პირველ რიგში უნდა გაერკვია ის საკითხი, რომელიც ასე აქტუალურად დასვა 2011 წლის 15 ივნისის განცხადებაში.
შპს ,,ჯეოსელს” მიაჩნია, რომ სრულიად სამართლიანია შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მოთხოვნა შპს ,,მაგთიკომის” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში შეყვანაზე, ხოლო შპს ,,მაგთიკომის” ქმედება მომსახურების ახალი სეგმენტის - ე.წ. ,,უფასო” ნომრებით მომსახურების დანერგვაზე უნდა ჩაითვალოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და შესაბამისად მოითხოვს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკისროს შპს ,,მაგთიკომს” მომავალში ასეთი ქმედებისაგან თავის შეკავება და ამავე დროს დააკისროს ,,ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
2011 წლის 24 ივნისს, კომისიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მაგთიკომისა” და შპს ,,ჯეოსელის” უფლებამოსილი წარმომადგენლები (დ. ძიძიგური, ა.სადაღაშვილი).
მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებაში დაფიქსირებულ პოზიციას და მოითხოვა შპს ,,ჯეოსელის” სანქირება და ქმედების განხორციელების დაკისრება. მან, ასევე მოითხოვა კომისიის განმარტება, ჰქონდა თუ არა შპს „ჯეოსელს“ ვადებულება გაეაქტიურებინა უფასო ნომერი. სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა წარმოადგინა შპს ,,ჯეოსელის” აბონენტის დეტალური ანგარიში (22.06.11 – 23.06.11.), რომლითაც, მისი განმარტებით, დასტურდებოდა შპს ,,ჯეოსელის” მიერ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა” და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფასო ცხელი ხაზის ნომრების გააქტიურება.
მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შეპასუხებაში დაფიქსირებულ პოზიციას და აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა არაკანონიერია. მას არ უნდა მიეღო ტენდერში მონაწილეობა, ვიდრე არ გაარკვევდა შპს „ჯეოსელის“ პოზიციას უფასო ნომრის გააქტიურებასთან დაკავშირებით. შპს „მაგთიკომის“ მიერ ასეთი მომსახურების დანერგვა, როდესაც მიღებულია საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება და მოდიფიცირებულია ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიები, არაკანონიერია. ასეთი მოთხოვნით, შპს „მაგთიკომი“ შპს „ჯეოსელს” უწესებდა ტარიფს აბონენტებისთვის, რომელიც არ არის ხარჯებზე ორიენტირებული და მისი მიზანია ურთიერთჩართვის მხოლოდ ტექნიკური ხარჯების დაფარვა.
შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ალფაკომი” არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 2007 წლიდან უწევდა ანალოგიურ მომსახურებას, ვინაიდან მხოლოდ შპს „ალფაკომი“ არის უფლებამოსილი განახორციელოს უფასო ნომრებით მომსახურება, რადგანაც მისი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოდიფიცირების (კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილება) შემდეგ, მას ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად გამოეყო ნუმერაციის რესურსი: 8-8-0, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 800 - 80 XXXX; 800 - 88 XXXX; 800 - 77 XXXX; 800 - 55 XXXX; 800 - 50 XXXX; 800 - 40 XXXX; 800 - 41 XXXX; 800 - 70 XXXX; 800 - 10 XXXX; 800 - 20 XXXX; 800 - 90 XXXX. აქედან გამომდინარე, შპს „მაგთიკომს“ უნდა მიემართა კომისიისთვის და გაერკვია, ჰქონდა თუ არა უფლება განეხორციელებინა უფასო ნომრებით მომსახურება. შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ შპს „თეგეტა მოტორსის“ უფასი ცხელი ხაზის ნომერი გააქტიურებული იყო სატესტო რეჟიმში 1 კვირით და არც ერთ აბონენტს არ დაურეკავს ცხელ ხაზზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა, იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა შპს ,,ჯეოსელს”, სს ,,სილქნეტის” მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,თეგეტა მოტორსის” უფასო ცხელი ხაზის ნომერი გააქტიურებული, შუამდგომლობით მიმართა კომისიას სს ,,სილქნეტის” საქმის განხილვაში ჩართვის თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ამასთან, შპს ,,მაგთიკომი” და შპს ,,ჯეოსელი” წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობდა დავა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებასთან (უფასო ნომრის გააქტიურებასთან) დაკავშირებით, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომსა” და შპს ,,ჯეოსელს” შორის დავის განხილვა შედიოდა კომისიის უფლებამოსილების სფეროში და დავის განხილვის დღედ განსაზღვრა 2011 წლის 7 ივლისი.
2011 წლის 5 ივლისს, შპს ,,მაგთიკომმა” კომისიაში წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება, სადაც აღნიშნულია, შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა უფასო ნომრების გააქტიურების შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბერს №355 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებას, რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 18 ნოემბერს, მაგრამ მისი ცალკეული მუხლების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრა დებულების დანართი 4-ით. ამავე დებულების დანართ 3–ის თანახმად, ინტელექტუალური ქსელებით უფასოდ მომსახურებისათვის გამოყოფილია ნუმერაციის რესურსი 800 XXXXXX, რომლის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ 2011 წლის ნოემბრიდან, როდესაც შეიცვლება ეროვნული პრეფიქსი. აქედან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომისთვის” გაუგებარია, როგორ უნდა ჰქონდეს ადგილი ჯერ ძალაში არ შესული ნორმების დარღვევას. შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, დებულების მიზანს წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსის ჰარმონიზირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა. შესაბამისად, არ შეიძლება დებულება ზღუდავდეს ცხელი ხაზით უფასოდ მომსახურების მიწოდებას. შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ორიენტირებული მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და შეუძლებელია, რომ ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად დებულებით გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის ამოქმედებამდე შეიზღუდოს ასეთი მომსახურების მიწოდება მომხმარებლებისათვის.
შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, შპს „ჯეოსელის“ მიერ უფასო ნომრის გააქტიურებაზე უარი ეთქვათ იმიტომ, რომ შპს „მაგთიკომი“ არ ფლობდა შესაბამისი ნუმერაციის რესურსს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნებოდა კანონდარღვევა. არც 2007 წელს და არც 2011 წლის 24 მაისს, როდესაც შპს „მაგთიკომმა“ მიმართა შპს „ჯეოსელს“, 800–იანი რესურსი ბუნებაში არ არსებობდა და, ამდენად, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ექვივალენტური მოთხოვნის პირობებში, არაერთგვაროვანი პირობების დადგენა შპს „მაგთიკომის“ მიმართ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ქმედებას, რაც დასტურდება მის მიერ კომისიაში წარდგენილი შპს ,,ჯეოსელის” აბონენტის დეტალური ანგარიშის ამონაბეჭდიდან. რაც შეეხება შპს „მაგთიკომის“ მხრიდან პროვოკაციულ ქმედებას სხვა ავტორიზებულ პირებს დაერღვიათ მოქმედი კანონმდებლობა, დაუსაბუთებელი და ყოველგვარ გონივრულ განსჯას მოკლებულია. ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება თავად შპს „ჯეოსელის“ მსჯელობას, რომლითაც შპს „ალფაკომის” ნუმერაციის რესურსის გააქტიურებას ამართლებს იმ გარემოებით, რომ მასთან ხელშეკრულება დადებულია 2007 წელს და შპს „ალფაკომს“კომისიის გადაწყვეტილებით ინტელეტუალური ქსელების მომსახურებისათვის მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 800. შპს ,,მაგთიკომის” განმარტებით, შპს ,,ალაფაკომის” მიერ ინტელექტუალური მომსახურებისათვის გამოყოფილი ნუმერაციის რესურსი არის 880, რაც არ წარმოადგენს დებულებით გათვალისწინებულ ინტელექტუალური ქსელებით მომსახურების ნუმერაციის რესურსს. ამავე დროს, შპს „ჯეოსელის“ შეგებებულ განცხადებაში არ არის გაბათილებული შპს ,,მაგთიკომის” განცხადებაში მოყვანილი არც ერთი არგუმენტაცია და, შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა უცვლელია.
2011 წლის 7 ივლისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომისა” და შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლები (დ.ძიძიგური, ა.სადაღაშვილი და მ. ჟორჟიკაშვილი). ასევე გამოცხადდა სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელი ლ.გიორგაძე.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებაში (15.06.11. №11/102-13) და წერილობით (5.07.11. №11/116-3) დაფიქსირებულ პოზიციას და მოითხოვა შპს ,,ჯეოსელისთვის” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისა და ქმედების განხრციელების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 7 ივლისის კომისიის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტის” მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,ჯეოსელს” გააქტიურებული ჰქონდა შპს ,,თეგეტა მოტორსის” უფასო ცხელი ხაზის ნომერი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, რითაც სარგებლობდნენ აბონენტები, თუმცა, მხარეთა შორის გადახდის პირობებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო მომსახურება შეწყდა.
2011 წლის 7 ივლისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. შპს ,,მაგთიკომის” 2011 წლის 15 ივნისის №11/102-13 განცხადება;
2. შპს ,,მაგთიკომის” 2011 წლის 24 მაისი №11/087 წერილი;
3. შპს ,,მაგთიკომის” 2011 წლის 6 ივნისის №11/095-12 წერილი;
4. შპს ,,ჯეოსელის” 2011 წლის 7 ივნისის №2/203-11 წერილი;
5. შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” 2011 წლის 13 ივნისის №01-07/1349 წერილი;
6. შპს ,,ჯეოსელის” 2011 წლის 22 ივნისის №2/280-11 წერილობითი ახსნა-განმარტება;
7. შპს ,,ჯეოსელის” აბონენტის დეტალური ანგარიში (22.06.11 – 23.06.11.);
8. შპს ,,მაგთიკომის” 2011 წლის 5 ივლისის №11/116-3 წერილობითი ახსნა-განმარტება;
9. სს ,,სილქნეტის” წარმომადგენლის კომისიის 2011 წლის 7 ივლისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
10. შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლის კომისიის 2011 წლის 14 ივნისის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
11. შპს ,,მაგთის” წარმომადგენლის კომისიის 2011 წლის 14 ივნისისა და 7 ივლისის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2011 წლის 20 მაისს, შპს „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ცხელი ხაზით საკომუნიკაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში;
2. 2011 წლის 24 მაისს, შპს ,,მაგთიკომმა”, საქართველოში კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს, მათ შორის შპს „ჯეოსელს“, წერილობით (№11/087) აცნობა, რომ შპს „მაგთიკომს“ დაგეგმილი ჰქონდა ნუმერაციის რესურსის - 890 008XXX გამოყოფა ე.წ. ,,უფასო” ნომრით მომსახურებისთვის და ითხოვა, რომ 2011 წლის 1 ივნისიდან აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებულ ზარებზე ოპერატორებს აბონენტებისათვის არ დაერიცხათ თანხა, რის სანაცვლოდ შესთავაზა აბონენტის მიერ განხორციელებული ზარების თითოეულ წუთზე ზარის წამოწყების (ურთიერთჩართვის) ღირებულების ანაზღაურება;
3. 2011 წლის 6 ივნისს, შპს ,,მაგთიკომმა” წერილობით (11/095-12) მიმართა შპს ,,ჯეოსელს” და მოითხოვა 2011 წლის 24 მაისის № 11/087 წერილში მითითებულ პირობებთან დაკავშირებით შპს ,,ჯეოსელს” დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია 2 დღის ვადაში;
4. 2011 წლის 7 ივნისს, შპს ,,მაგთიკომმა” შპს ,,ჯეოსელისგან” მიიღო წერილობითი (№2/203-11) უარი ,,უფასო” ნომრის გააქტიურების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 1. შპს ,,ჯეოსელმა” ანალოგიურ მოთხოვნაზე უარი უთხრა სხვა კომპანიებს (შპს „გლობალ 1“, შპს „კავკასუს ონლაინი“, სს „სილქნეტი“), ასევე შპს „მაგთიკომის“ თანამშრომელმაც ზეპირსიტყვიერად დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია უფასო ნომრების გააქტიურებასთან დაკავშირებით; 2. უფასო ნომრების გააქტიურება დიდ ტვირთად დააწვება შპს „ჯეოსელის“ საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურს; 3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება განსაზღვრავს უფასო საკომუნაკაციო მომსახურებისათვის კონკრეტულ ნუმერაციას და ამ ნუმერაციის რესურსის ამოქმედებამდე თავს იკავებს აღნიშნული სახის მომსახურება გაუწიოს მსურველ ავტორიზებულ პირებს;
5. 2011 წლის 13 ივნისს, შპს ,,მაგთიკომის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” შპს ,,მაგთიკომს” შეუწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ცხელი ხაზით მომსახურების თაობაზე;
6. შპს ,,ჯეოსელს”, ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის გააქტიურებული აქვს ან/და ჰქონდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის”, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს”, შპს ,,რომპეტროლისა” და ,,Moby Pay”- ის (შპს ,,ალფაკომის” ნუმერაციის რესურსი 8-8-0), საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შპს ,,ინფოჯორჯიას” ნუმერაციის რესურსი - 090), შპს ,,თეგეტა მოტორსის” (სს ,,სილქნეტის” ნუმერაციის რესურსი - 244), საგადასახდო ინსპექციის (ნუმერაციის რესურსი - 077) და ,,TBC-pay“-ის (ნუმერაციის რესურსი - 995) ცხელი ხაზის უფასო ნომრები.
მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შედეგ გარემოებათა გამო:
1. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი - 800 XX XXXX. ამავე დებულების №4 დანართის - საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითად ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსის - 800 XX XXXX აღება და გააქტიურება შესაძლებელია 2011 წლის ნოემბრიდან ოპერატორის არჩევის კოდის ,,10 XX” და ეროვნული პრეფიქსის ,,0” და საერთაშორისო პრეფიქსის ,,00” ამოქმედების შემდეგ. აქედან გამომდინარე, 2011 წლის მაისში, როდესაც შპს ,,მაგთიკომმა” მიმართა შპს ,,ჯეოსელს” ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის მის მიერ გამოყიფილი ნუმერაციის რესურსის გააქტიურების თხოვნით, ადგილი ვერ ექნებოდა დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ჯეოსელის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებას. აქედან გამომდინარე, კომისია მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად შპს ,,მაგთიკომის” სანქცირების საფუძველი, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელის” მოთხოვნა შპს ,,მაგთიკომის” სანქცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ არ შეიძლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების იმგვარად ინტერპრეტირება, რომ 2011 წლის ნოემბრამდე, ნუმერაციის რესურსის - 800 XX XXXX ამოქმედებამდე, ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურების სახე აიკრძალოს.
2. კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლიდან წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღემდე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ, შპს ,,ჯეოსელს”, ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის გააქტიურებული აქვს ან/და ჰქონდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის”, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს”, შპს ,,რომპეტროლისა” და ,,Moby Pay”- ის (შპს ,,ალფაკომის” ნუმერაციის რესურსი 8-8-0), საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შპს ,,ინფოჯორჯიას” ნუმერაციის რესურსი - 090), შპს ,,თეგეტა მოტორსის” (სს ,,სილქნეტის” ნუმერაციის რესურსი - 244), საგადასახდო ინსპექციის (ნუმერაციის რესურსი - 077) და ,,TBC-pay“-ის (ნუმერაციის რესურსი - 995) ცხელი ხაზის უფასო ნომრები. აქედან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ჯეოსელის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსის - 800 XX XXXX ამოქმედებამდე თავს იკავებს აღნიშნული სახის მომსახურება გაუწიოს მსურველ ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ჯეოსელის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,მაგთიკომის” ქმედება ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურების განხორციელებაზე უნდა ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად, ვინაიდან
3. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ჯეოსელის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,მაგთიკომისთვის” ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურების გაწევა მძიმე ტვირთად დააწვება შპს ,,ჯეოსელის” საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურს, ვინაიდან ასეთი სახის მომსახურებას ის დღემდე უწევს სხვადასხვა კომპანიებს. ამასთან, კომისია ითვალისწინებს იმას, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელება საჭიროებს საბილინგო სისტემაში პროგრამულ ცვლილებას, რაც არ არის დაკავშირებული მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსთან და დანახარჯებთან.
4. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის” მიერ, ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის, გააქტიურებული იყო არა საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი - 800 XX XXXX, არამედ ნუმერაციის რესურსები: 880, 224, 090, 995 და 077. შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელი”, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურების ფარგლებში, მომსახურებას უწევდა და უწევს იმ კომპანიებს, რომლებსაც, მისივე განცხადებით, 2010 წლის 18 ნოემბრიდან, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების ამოქმედების შემდეგ, არ აქვთ უფლება აღნიშნული მომსახურების მიღებაზე, ვინაიდან, მისივე განცხადებით, ასეთი მომსახურების მიღებისთვის ოპერატორს უნდა ჰქონდეს დებულებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი - 800 XX XXXX. აქედან გამომდინარე, შპს ,,ჯეოსელი”, თუ გავიზიარებთ მის არგუმენტებს, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების ამოქმედების დღიდან არღვევს ამ დებულებას.
5. კომისია ვერ დაეთანხმება შპს ,,მაგთიკომს”, რომ მას ჰქონდა გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მისი მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,ჯეოსელი” გაააქტიურებდა მის ნუმერაციის რესურს ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის, ვინაიდან ის ანალოგიურ მომსახურებას უწევდა სხვა კომპანიებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომს”, ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებამდე, მიზანშეწონილი იყო მიემართა და წინასწარი თანხმობა მიეღო შპს ,,ჯეოსელისაგან” მის ქსელში ნუმერაციის რესურსის ნულოვანი ტარიფით გააქტიურების თაობაზე, რაც შემდგომში, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, აისახებოდა მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
6. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, შპს ,,მაგთიკომმა” წერილობით (2011 წლის 24 მაისს და 2011 წლის 6 ივნისს) მიმართა შპს ,,ჯეოსელს” სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რაზედაც შპს ,,ჯეოსელისგან” მიიღო დაუსაბუთებელი უარი (ეწინააღმდეგება დებულებას; სხვა კომპანიებს უთხრა ანალოგიურ მომსახურებაზე უარი; მძიმე ტვირთად დააწვება საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურს). კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირი არ არის უფლებამოსილი დაუსაბუთებლად უარი თქვას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებაზე; ამასთან, საგულისხმოა, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ანგარიშსწორების პირობები, არის მხარეთა შეთანხმების საგანი.
7. კომისია ვერ დაეთანხმება შპს ,,მაგთიკომს” იმის თაობაზე, რომ შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტისა და მე–20 მუხლის მე–2 პუნქტის დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული მუხლები არეგულირებენ კომისიის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს.
8. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,მაგთიკომის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ შპს „ჯეოსელის“ ქმედება შპს ,,მაგთიკომის” მიმართ წარმოადგენს დისკრიმინაციას, ვინაიდან შპს ,,ჯეოსელმა”, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ექვივალენტური მოთხოვნის პირობებში, შპს ,,მაგთიკომის” მიმართ დაადგინა სხვა ავტორიზებული პირებისაგან განსხვავებული არაერთგვაროვანი პირობები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დარღვევას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრიმინაცია არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის ან მომხმარებლებისათვის, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდების არაერთგვაროვანი პირობების შეთავაზება ან დადგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნის პირობებში, შპს ,,მაგთიკომმა” შპს ,,ჯეოსელი” ჩააყენა არათანაბარ პირობებში. შპს ,,ჯეოსელმა” საერთოდ უარი თქვა შპს ,,მაგთიკომთან” ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე. შპს ,,ჯეოსელს”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების ამოქმედების შემდეგ, ხელშეკრულება არც სხვა კომპანიებთან გაუფორმებია. როგორც სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,ჯეოსელს” შორის დღემდე არ არის გაფორმებული ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება, ვინაიდან მათ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ტარიფთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ დასტურდება შპს „ჯეოსელის“ მხრიდან შპს ,,მაგთიკომის” მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ფაქტი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისია მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად შპს ,,ჯეოსელის” სანქცირების საფუძველი, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა შპს ,,ჯეოსელის ” სანქცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, 76-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე, 103-ე, 105-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-ე, 38-ე, 39-ე მუხლისა და 42-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მაგთიკომის” განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: შპს ,,ჯეოსელს” დაევალოს შპს ,,მაგთიკომის” მიერ ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის გააქტიურება მათ შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის განსაზღვრული ნუმერაციის რესურსის - 800 XX XXXX ამოქმედებამდე;
2. შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა შპს ,,ჯეოსელის” სანქცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
3. შპს ,,ჯეოსელის” მოთხოვნა შპს ,,მაგთიკომის” სანქცირებისა და მისთვის ქმედებისაგან თავის შეკავების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის” და შპს ,,ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის” და შპს ,,ჯეოსელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-6 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
