წვდომის მენიუ

სს “სილქნეტის“ მიერ შპს “ნოვუსის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 336 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2011

მიღების თარიღი ივლისი 07, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  07.07.2011  №1714/05-8 წერილის საფუძველზე ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს “სილქნეტმა“ და შპს “ნოვუსმა“, სს “სილქნეტის“ მიერ შპს “ნოვუსის“ 100%-იანი წილის შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ და შპს “ნოვუსი“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ სს “სილქნეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

-         ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

-         ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

-         მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და /ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

-         მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა;

-         საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა;

-         ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა;

-         ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

-         თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

-         ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება;

-         ინტერნეტ მომსახურება;

-         მონაცემთა გადაცემა;

-         ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

-         ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

შპს “ნოვუსს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

-          „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა;

-         ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სს “სილქნეტის“ და “შპს “ნოვუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

-         სს “სილქნეტის“ და შპს “ნოვუსის“ ერთობლივი განცხადება წილის შეძენასთან დაკავშირებით;

-         ინფორმაცია სს „სილქნეტის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე;

-         ინფორმაცია შპს „ნოვუსის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე;

-         სს “სილქნეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-         სს “სილქნეტის“ აქციათა რეესტრის მდგომარეობა 2011 წლის 7 ივლისისათვის;

-         შპს “ნოვუსის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სს “სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მესაკუთრე არის “RHINESTREAM HOLDING LIMITED“, ხოლო შპს “ნოვუსის“ 100 % წილის მესაკუთრეა ფიზიკური პირი გიორგი ლორთქიფანიძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, სს “სილქნეტის“, “RHINESTREAM HOLDING LIMITED“-ის, შპს “ნოვუსის“ და გიორგი ლორთქიფანიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს “ნოვუსი“ არ ფლობს საკაბელო ქსელის მოწყობილობას მაუწყებლობის ტრანზიტის განსახორციელებლად. ამავე დროს, კომპანიას არ ჰყავს აბონენტები და იგი მხოლოდ სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლებას აძლევს სხვა ავტორიზებულ პირებს. რაც შეეხება სს “სილქნეტს“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ პირს, ივნისის თვეში მას ერიცხება 12196 აბონენტი, რაც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეადგენს 9,4%-ს. “ნოვუსის“ 100%-იანი წილის შეძენის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩება, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქციის შესწავლა არ საჭიროებს ბაზრის ამ სეგმენტზე კვლევის ჩატარებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს “სილქნეტისათვის“ შპს “ნოვუსის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

          გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.      სს “სილქნეტის“ და შპს “ნოვუსის“ ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდეს;

2.      მიეცეს თანხმობა შპს “ნოვუსის“ მესაკუთრე გიორგი ლორთქიფანიძეს მისი კუთვნილი 100 %-იანი წილის გასხვისებაზე;

3.      მიეცეს თანხმობა სს “სილქნეტს“ შპს “ნოვუსის“ მესაკუთრე გიორგი ლორთქიფანიძისაგან 100%-იანი წილის შეძენაზე;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5.      გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე;

6.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                           კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                           აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                           ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები