შპს ”ავტო-მოტორსი 2”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011
მიღების თარიღი ივლისი 08, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ავტო-მოტორსი 2”-მა (რეგისტრირებული ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 220407245) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/190-11, 11.05.11) ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში დისპეჩერსა და ტაქსებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტში 2011 წლის 8 აპრილს განხორცილებული ცვლილების შესაბამისად (რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 17 მაისს) არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ავტო-მოტორსი 2”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№ 7/190-11, 11.05.11) თანდართული არ ჰქონდა კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 1000 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთის და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/1053-11, 20.05.11წ., რომელიც ჩაბარდა შპს ”ავტო-მოტორსი 2”-ს 2011 წლის 30 მაისს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი საბუთი არ წარმოუდგენია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ავტო მოტორსი 2”-მა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 6/2818-11, 01.07.11) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გადავადების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სანებართვო მოსაკრებლის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არის ნებართვის გაცემის წინაპირობა, ამავე დროს სანებართვო მოსაკრებელი ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად კომისია არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გადავადება და აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს ”ავტო-მოტორსი 2”-ის განცხადება სიხშირეების მინიჭების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ავტო მოტორსი 2”-სთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
