შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2011
მიღების თარიღი ივლისი 15, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქართულმა რადიომ“ (№7/224-11, 31.05.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ქართული რადიო” ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №300/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ქართული რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 ივნისამდე;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მგჰც FM |
სიმძლავრე კვტ |
გასხივების დიაგრამა |
შენიშვნა |
|
თბილისი, მთაწმინდის ანძა |
N 410 41’ 44” E 0440 47’ 09” |
85 |
94.7 |
1 |
წრიული |
სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%–ის (7482.00 შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაორი ლარი) ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
623.50 ლარი - 2007 წლის 1 ივლისამდე;
623.50 ლარი - 2007 წლის 1 აგვისტომდე;
623.50 ლარი - 2007 წლის 1 სექტემბრამდე;
623.50 ლარი - 2007 წლის 1 ოქტომბრამდე;
623.50 ლარი - 2007 წლის 1 ნოემბრამდე;
623.50 ლარი - 2007 წლის 1 დეკემბრამდე;
623.50 ლარი - 2008 წლის 1 იანვრამდე;
623.50 ლარი - 2008 წლის 1 თებერვლამდე;
623.50 ლარი - 2008 წლის 1 მარტამდე;
623.50 ლარი - 2008 წლის 1 აპრილამდე;
623.50 ლარი - 2008 წლის 1 მაისამდე;
623.50 ლარი - 2008 წლის 1 ივნისამდე.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 13 ივნისის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „ქართული რადიოს“ მიერ სრულად არის შესრულებული სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%–ის, 7482.00 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაორი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული მოდიფიცირება გულისხმობს სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, რომელიც არსებითად არის ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილება, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით, იმავე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც, კომპანიას ეძლევა საშუალება, მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს, თავის მხრივ, ეძლევა გაუმჯობესებული ხარისხის სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.
კომისიის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 12 აგვისტოს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქართული რადიოსთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
