წვდომის მენიუ

შპს ,,სუპერ ტვ”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 360 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2011

მიღების თარიღი ივლისი 15, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 8 ივლისს  წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 6 ივლისის N10/576-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ,,სუპერ ტვ”-ის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტები.  კერძოდ, 2011 წლის 20 აპრილს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შპს ,,სუპერ ტვ”-ის  სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზე კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ ნაცვლად არჩილ თაბაგარისა განისაზღვრა ,,Super TV S.A.”.  აღნიშნული ცვლილების შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდა  შპს ,,სუპერ ტვ“-ის 2011 წლის 14 ივნისის N6/2484-11 წერილით, რომლითაც  კომისიას აუწყა ახალი დირექტორების დანიშვნის თაობაზე და წარუდგინა ამონაწერი  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივლისის N10/576-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 11 ივლისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სუპერ ტვ”-ის სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 15 ივლისს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სუპერ ტვ”-ს  ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2011 წლის 15 ივლისს კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სუპერ ტვ”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლები არჩილ თაბაგარი და სოფო ნემსაძე. შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლის არჩილ თაბაგარის განმარტებით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს  ავტორიზებული პირების მხრიდან წილის მფლობელთა ცვლილებაზე ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას, მაგრამ აღნიშნული კანონი მიღებულ იქნა 2011 წლის 8 აპრილს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ, შპს „სუპერ ტვ“-ის დამფუძნებელთა შორის ცვლილება კი განხორციელდა 20 აპრილს. შესაბამისად, დამფუძნებელთა შორის მომხდარი ცვლილების კომისიაში წარმოდგენის იურიდიული ვალდებულება შპს ,,სუპერ ტვ“-ის 2011 წლის 20 აპრილისათვის არ გააჩნდა.

შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა ასევე განაცხადა, რომ  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2011 წლის 20 აპრილისათვის მოქმედი რედაქცია კომპანიის დამფუძნებელთა ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის იურიდიულ ვალდებულებას არ შეიცავდა, რაზეც მეტყველებს, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ავტორიზაციის წესი, რომელშიც საუბარია მხოლოდ სარეგისტრაციო მონაცემების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ანუ დირექტორების შეცვლის შემთხვევაში, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულებაზე.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 6 ივლისის N10/576 -11  სამსახურებრივი ბარათი;

2.    შპს ,,სუპერ ტვ”-ის  2011 წლის 14 ივნისის  N6/2484-11 წერილი;

3.    შპს ,,სუპერ ტვ”-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.    კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 12 ივლისის N10/599-11 სამსახურებრივი ბარათი;

5.    შპს ,,სუპერ  ტვ“-ის 2011 წლის 15 ივლისის N6/2970-11 წერილი თანდართული დოკუმენტებითურთ;

6.    შპს ,,სუპერ ტვ”-ის წარმომადგენლის არჩილ თაბაგარის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2011 წლის 15 ივლისის კომისიის სხდომაზე.

კომისიაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.        შპს ,,სუპერ ტვ” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, ავტორიზაციის თარიღი - 2011 წლის 31 იანვარი;

2.        შპს ,,სუპერ ტვ”-ის სადამფუძნებლო დოკუმენაციაში შევიდა ცვლილება, კერძოდ 2011 წლის 20 აპრილიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს ,,სუპერ ტვ“-ის დამფუძნებლად რეგისტრირებულია  ,Super TV S.A.”, ნაცვლად არჩილ თაბაგარისა;

3.        შპს ,,სუპერ ტვ”-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების შესახებ, კერძოდ  კომპანიის დამფუძნებლის შეცვლის თაობაზე, კომისიისათვის ცნობილი გახდა  შპს ,,სუპერ ტვ“-ის 2011 წლის 14 ივნისის N6/2484-11 წერილით, რომლითაც აცნობა კომისიას კომპანიის დერექტორების შეცვლის თაობაზე და წარმოადგინა ახალი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. აღნიშნულ ამონაწერში გარდა ახალი დირექტორებისა (ა. ოჩიგავა, გ. ხორხელი) დაფიქსირებული იყო შპს ,,სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის ახალი მესაკუთრე ,,Super TV S.A.“.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ის ახალი პარტნიორი ,,Super TV S.A.“  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 20 აპრილს, რასთან დაკავშირებითაც შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, დარღვეულ იქნა კომისიისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად  კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადა;

4.        შპს  ,,სუპერ ტვ”-ს კომისიის 2011 წლის 31 მაისის N261/18  გადაწყვეტილებით დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე  -  გაფრთხილება;

5.        შპს ,,სუპერ ტვ“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5%-ს, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შეადგენს 8,295.94 (რვა ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი მთელი ოთხმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარი.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.    ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის (2011 წლის 2 მაისამდე მოქმედი რედაქციით) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

2.    ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს, რომელშიც შეიტანება დეკლარაციის მონაცემები;

3.    ავტორიზებული პირის მიერ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების ჩამონათვალი განსაზღვრულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ესენია: საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდებისა და ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

4.    საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად ამონაწერი განმარტებულია, როგორც ,,საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების, წამომადგენლობის) შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, საჯაროსამართლებრივ და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრებში არსებული მონაცემების შემცველი, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი“; ამავე ინსტრუქციის  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია საწარმოს პარტნიორებისა და მათი წილების შესახებ;

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ  ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან შეიცავს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია საწარმოს პარტნიორებისა და მათი წილების შესახებ; ბ) 2005 წლის 17 ივნისს კომისიის N408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცდა  ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმა. დეკლარაციის ელექტრონული ფორმა ივსება ყველა ავტორიზებული პირის მიერ და კანონით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად შეიცავს ავტორიზებული პირის შესახებ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებ, მათ შორის ინფორმაციას დამფუძნებლების (პარტნიორების) შესახებ; გ) ავტორიზებული პირების დეკლარაციაში განხორციელებული ცვლილება საჭიროებს კომისიისათვის 7 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინებას; დ) შპს ,,სუპერ ტვ“-ს დეკლარაციის ფორმა შევსებული აქვს 2011 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ცნობილი იყო, რომ დეკლარაცია შეიცავს ინფორმაციას კომპანიის დამფუძნებელთა შესახებ.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სუპერ ტვ”-ს მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილ დეკლარაციის ელექტრონულ ფორმაში შეტანილი მონაცემების ცვლილების შესახებ, კომისიისათვის კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობით, დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,გ” ქვეპუნქტი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს. კომისიის 2011 წლის 31 მაისის N261/18  გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულია გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ,,ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  დარღვევის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ის  მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ   3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 12 ივლისის N10/599-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,სუპერ ტვ“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს 8,295.94 ლარს; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ს, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს 8,295.94 (რვა ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი მთელი ოთხმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,გ” ქვეპუნქტის და  45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შპს ,,სუპერ ტვ”-ს დაეკისროს ჯარიმა 8,295.94  (რვა ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი მთელი ოთხმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.    უზრუნველყოს შპს ,,სუპერ ტვ”-მ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3.    უზრუნველყოს შპს ,,სუპერ ტვ“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,სუპერ ტვ”-სათვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.    გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სუპერ ტვ”-სათვის  ჩაბარების დღიდან;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

      კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

      კომისიის წევრი                                                                                              კ. კვიტაიშვილი

      კომისიის წევრი                                                                                              ა. სიხარულიძე

      კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები