წვდომის მენიუ

ი/მ ”ნიკო კევლიშვილის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 364 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2011

მიღების თარიღი ივლისი 22, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  ი/მ ”ნიკო კევლიშვილმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/236-11, 08.06.11)  ქ. თელავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში დისპეჩერსა და ტაქსებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტში 2011 წლის 8 აპრილს განხორცილებული ცვლილების შესაბამისად (რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 17 მაისს)  არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია  აღნიშნავს, რომ ი/მ  ”ნიკო კევლიშვილის”  მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№ 7/236-11, 08.06.11) თანდართული არ ჰქონდა კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების  რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 1000 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ   სახელმწიფო   ბიუჯეტში   გადახდის   დამადასტურებელი  საბუთის  და   მეწარმეთა და

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების  რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/1267-11, 20.06.11წ., რომელიც ჩაბარდა ი/მ ”ნიკო კევლიშვილს”  2011 წლის 24 ივნისს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი საბუთი არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს ი/მ  ”ნიკო კევლიშვილის” განცხადება სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ი/მ ”ნიკო კევლიშვილისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები