წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 383 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2011

მიღების თარიღი ივლისი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს „ემ პაბლიშინგმა“ (14.12.2010, №7/424-10) და სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ (16/05/2008, №6/956-08), ქ. თბილისში მეტრულ ტალღოვან (FM) დიაპაზონში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამავე დროს კომისიაში წარმოდგენილია შპს „სინდიკატი 104.3“–ს განცხადება (22.02.2008, 7/66-08) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისში. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.  ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. კომისია აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების თხოვნით კომისიაში შემოსულია სამი განცხადება:

1. შპს „ემ პაბლიშინგი“ ითხოვს კონკურსის გამოცხადებას ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად;

2. სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ ითხოვს კონკურსის გამოცხადებას ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად;

3. შპს „სინდიკატი 104.3“ ითხოვს კონკურსის გამოცხადებას ქ. თბილისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად.

კომისიამ შეისწავლა ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 13 ივნისის №10/465-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ ქ. თბილისში არსებობს ერთი თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია საეთერო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადება შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: გადამცემი სადგური განთავსების ადგილი - ქ. თბილისი (მთაწმინდის ანძა), სიხშირე (მჰც) – 98,5; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N41041’44” E044047’09”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 95 მეტრი. კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა კონკურსის წესით, როგორც საერთო, ისე სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე დადგენილი ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები; აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ დამტკიცებული ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები უნდა გამოცხადდეს, როგორც საერთო, ისე სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე დამტკიცებული ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების შესაბამისად, კერძო რადიომაუწყებლობის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილ იქნა პროგრამული მრავალფეროვნება. კომისიამ იხელმძღვანელა რა დამტკიცებული ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით და ამავდროულად მხედველობაში მიიღო რა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობა და მათი მოთხოვნა (ორი განაცხადი – საერთო მაუწყებლობაზე, ერთი განაცხადი სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე), ასევე ის გარემოება, რომ ქ. თბილისში თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსი ერთია, მიზანშეწონილად მიიჩნია ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადება, ვინაიდან პროგრამული მრავალფეროვნება ყველაზე უკეთ უზრუნველყოფილია სწორედ საერთო მაუწყებლობის განხორციელებისას, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტიდან.  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

თბილისი,

მთწმინდის ანძა

98,5

FM

V

წრიული

1000

N41041’44” E044047’09”

95

ბ) კონკურსში გამარჯვებული, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის აღების შემთხვევაში ვალდებული იქნება:

ბ.ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში, მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

ბ.ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ.გ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ბ.დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ბ.ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ბ.ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ბ.ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს;

ბ.თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ბ.ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა მოქმედ კანონმდებლობასთან;

ბ.კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ბ.ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ბ.მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ბ.ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.

ბ.ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ბ.პ) უზრუნველყოს რადიოსიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის 90%-სათვის;

ბ.ჟ) უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

ბ.რ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ბ.ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

2. მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად დღე–ღამის განმავლობაში განისაზღვროს 12 საათი;

3. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით;

4. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2011 წლის 30 სექტემბერი, 13:00 საათი;

5. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2011 წლის 29 აგვისტოს 17:00 საათამდე;

6. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 2 სექტემბერი, 16:00 საათი;

7. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი (აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში);

გ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით);

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.

ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ვ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ზ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;

თ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:

 სკბ ,,თი-ბი-სი’’;

   -ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

    -კოდი: TBC BGE 22;

    -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;

9. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს;

დ) პოლიტიკური პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

ვ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42–ე მუხლის შესაბამისად კომისია წარმოებაში არ მიიღებს:

ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე–7 და მე–8 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ გადაწყვეტილების მე–9 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა;

გ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

11. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს აძლევს დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

12. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

13. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

14. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

15. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

16. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

17. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

18. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

19. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

20. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას საკონკურსო პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო ვალდებულებები;

21. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

22. დაევალოს კომისიის პრეს–მდივანს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ხ. ყურაშვილი);

23. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

24. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები