წვდომის მენიუ

შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 386 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2011

მიღების თარიღი ივლისი 29, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთმა“ (№6/2833-11, 04.07.2011), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“ ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“ ფლობს მაუწყებლობის №B56 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,  გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონები, ანტენის განთავსების ადგილი - ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძა; კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.  კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიით გათვალისწინებული ლიცენზიის სახის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის სახესთან შეუსაბამობა. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, რაც შეეხება მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილების გარეშე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 26 აგვისტოს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები