ერთი მხრივ, შპს „სუპერ ტვ“-სა და, მეორე მხრივ სს „სილქნეტს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18.07.2011 N6/3035-11) მიმართა შპს ”სუპერ ტვ”-მ, სს „სილქნეტის“ მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და შპს „სუპერ ტვ“-სთვის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეზრუდვასთან დაკავშირებით.
შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „სუპერ ტვ“, რომელიც რეგისტრირებულია 2011 წლის 28 იანვარს (საიდენტიფიკაციო კოდი 400015201), წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს და მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების ძირითად ტექნიკურ საშუალებად იყენებს საკომუნიკაციო კანალიზაციაში არსებულ კაბელებს, რომელიც კომპანიას განთავსებული აქვს სს „სილქნეტის“ კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებში. 2011 წლის 10 თებერვალს სს „სილქნეტსა“ და შპს „სუპერ ტვს“ შორის გაფორმდა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება 3 თვის ვადით 2011 წლის 30 აპრილამდე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების აუცილებელ წინაპირობად განისაზღვრა ის გარემოება, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს თავის თავზე უნდა აეღო სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „აიეტის“ ვალის დაფარვის ვალდებულება. შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადებით, კომპანია იძულებული გახდა 2011 წლის 1 თებერვალს სს „სილქნეტთან“ გაეფორმებინა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც „სუპერ ტვ“-მ თავის თავზე აიღო სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „აიეტის“ 2011 წლის 1 თებერვლამდე რესტრუქტურიზებული 738,774.77 ლარიანი დავალიანების დაფარვის ვალდებულება წლიური 16%-იანი სარგებლით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „სუპერ ტვს“ დაეკისრა ჯარიმა, რაც თავის მხრივ სადავოა მხარეებს შორის.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „სუპერ ტვ“ ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებულ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულებას მოქმედების ვადა გაუვიდა 2011 წლის 30 აპრილს, რის შემდეგაც სს „სილქნეტმა“ უარი განაცხადა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „სუპერ ტვ“-ს, სს „სილქნეტის“ მიმართ ერიცხებოდა დავალიანება, თუმცა შპს „სუპერ ტვ“-ს ოფიციალური პასუხი საკითხზე, თუ რატომ არ უფორმებს სს „სილქნეტი“ მას ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულებას, არ მიუღია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ცნობილ იქნა სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონდე ავტორიზებულ პირად და დაეკისრა სპეციფიკური ვალდებულებები, ხოლო კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტს“ 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისრა ყველა იმ სპეციფიკური ვალდებულების (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ვალდებულების) შესრულება, რაც კომისიის მიერ განსაზღვრული იყოს სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“.
მოთხოვნები:
1. კომისიამ დაავალოს სს „სილქნეტს“, შპს „სუპერ ტვ“-ს შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება მის კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციასთან და შესაბამისად, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმება ყოველგვარი დისკრიმინაციისა და შეზღუდვების გარეშე;
2. კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო სს „სილქნეტის“ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადების (18.07.2011 N6/3035-11) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-სა და სს „სილქნეტს“ შორის დავის განხილვის მიზნით; მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე სს „სილქნეტს“ და შპს „სუპერ ტვს“ ეცნობათ შეტყობინებებით (20.07.2011 N03/1503-11; N03/1504-11) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. სს „სილქნეტს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 27 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2011 წლის 28 ივლისს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ბატონი ლევან გიორგაძე; კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „სუპერ ტვს“ წარმომადგენელი. შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომა მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო 2011 წლის 2 აგვისტოს 16:00 საათზე (კომისიის სხდომის ოქმი N6 28.07.2011), რის თაობაზედაც სს „სილქნეტი“ გაფრთხილდა კომისიის სხდომაზევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო შპს „სუპერ ტვ“-ს გაეგზავნა განმეორებითი შეტყობინება (29.07.2011 N03/1579-11) და ეცნობა სხდომის ჩატარების დღის ადგილისა და დროის შესახებ.
კომისიაში სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი (28.07.2011 N6/3242-11) შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ არ ეთანხმება შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადებას, ვინაიდან განცხადება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და შესაბამისად იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.
2. სს „სილქნეტის“ მიერ გამოქვეყნებულია და კომისიის ვებ გვერდზე განთავსებულია ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომლის მე-6 მუხლიც ამომწურავად განსაზღვრავს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოწვევის ოფერტაზე აქცეპტის გაკეთების პროცედურას და როგორც სს „სილქნეტი“ აღნიშნავს, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ აღნიშნულ ოფერტაზე აქცეპტი არ გაკეთებულა და შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ რაიმე სახის ვალდებულების დარღვევას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, ოღონდ სხვა პირობებით, ვიდრე ამას ოფერტი ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი ჩაითვლება უარად ოფერტზე და, ამავე დროს, ახალ წინადადებად.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ აღნიშნული შესაგებელი გადაეგზავნა შპს „სუპერ ტვ“-ს 2011 წლის 29 ივლისს (29.07.2011 N03/1579-11).
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განმეორებითი მოსამზადებელი სხდომა გაიმართა კომისიაში 2011 წლის 2 აგვისტოს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი თინათინ ფილია და შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელი არჩილ თაბაგარი.
კომისიის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება სს „სილქნეტის“ შესაგებელზე, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „სუპერ ტვ“-მ განაცხადა უპირობო სურვილი და თანხმობა სს „სილქნეტთან“ მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე; კომპანიის მიერ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოთქმული იყო მოსაზრებები ხელშეკრულების რიგ მუხლებთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგი მუხლები არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. რაც შეეხება საკითხს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ არ არის გაკეთებული უპირობო აქცეპტი სს „სილქნეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაზე, შპს „სუპერ ტვ“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მან 2011 წლის 28 აპრილს წერილობით მიმართა სს „სილქნეტს“ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, შესაბამისად, კომპანიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სს „სილქნეტი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან შპს „სუპერ ტვ“-ს შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება, რაც სს „სილქნეტს“ არ განუხორციელებია, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 34-ე მუხლის მე-4 პუნქტს (ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები), შპს „სუპერ ტვ“-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ ავტორიზებულ პირებზე, რომელთაც არ აქვთ სახელშეკრულებო ურთიერთობები სს „სილქნეტთან“ და სურთ ამ სახის ურთიერთობების დაწყება.
შპს „სუპერ ტვ“ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება სს „სილქნეტის“ აპელირებას სამოქალაქო კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან სს „სილქნეტის“ მიერ გამოქვეყნებული ე.წ ოფერტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე არის არა ოფერტა არამედ, მოწვევა ოფერტზე, ვინაიდან იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „სუპერ ტვ“ ითხოვს სს „სილქნეტის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის ფარგლებში შპს „სუპერ ტვ“-სთან ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება შპს „სუპერ ტვ“-ს შემდეგი მოთხოვნები:
1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები და ამავე დროს, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მოქმედების ვადის ავტომატურ გაგრძელებას;
2. ხელშეკრულებით სს „სილქნეტმა“ უნდა იკისროს ვალდებულება იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც გამოწვეული იქნება შპს „სუპერ ტვ“-ს კუთვნილი კაბელების სს „სილქნეტის“ კანალიზაციის არხებში დაზიანებით, სს „სილქნეტის“ თანამშრომლების მოქმედებით ან კანალიზაციის არხების ტექნიკური გაუმართაობით;
3. ხელშეკრულება არ უნდა ითვალისწინებდეს სს „სილქნეტის“ უფლებას დააწესოს რაიმე სახის შეზღუდვა შპს „სუპერ ტვ“-ს კუთვნილი ქონების ნებისმიერი სახით გასხვისებაზე;
4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სს „სილქმეტმა“ უნდა უზრუნველყოს წინასწარ შეთანხმებული სიის შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს ტექნიკური პერსონალის უპირობო დაშვება კანალიზაციის არხებთან და თანალოკაციის ფართზე;
5. სს „სილქნეტს“ არ უნდა ჰქონდეს უფლება უპირობოდ შეცვალოს მომსახურების ტარიფი და პირობები. ცვლილებების განხორციელება უნდა მოხდეს კომისიის გადაწყვეტილებებით და კანონით დადგენილი ზღვარის ფარგლებში და მხარეს ამის შესახებ უნდა ეცნობოს ახალი ტარიფების ამოქმედებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე;
6. სს „სილქნეტს“ არ უნდა ჰქონდეს უფლება ხელშეკრულების ნებისმიერი (თუნდაც უმნიშვნელო) დარვევის შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ან მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების შეცვლა, ისე რომ მეორე მხარეს არ მიეცეს დარღვევის გამოწოდების გონივრული ვადა;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის უცნობია გამოქვეყნებული აქვს თუ არა სს „სილქნეტს“ როგორც საკუთარ ვებ გვერდზე ინტერნეტში, ასევე კომისიის ვებ გვერდზე ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) და შესაბამისად, მას არ უნახავს აღნიშნული მოწვევის ოფერტა. ამავე დროს, შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა თავის განცხადებაში (18.07.2011 N6/3035-11) ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს და დააზუსტა, რომ აღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად კომპანია ითხოვს, რომ კომისიის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“-სა და სს „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (2011 წლის 30 აპრილი) შპს „სუპერ ტვ“-ს არ მიუმართავს სს „სილქნეტისთვის“ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, კერძოდ, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ არ გაკეთებულა უპირობო აქცეპტი სს „სილქნეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მოწვევის ოფერტაზე, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც სს „სილქნეტის“ ვებ გვერდზე ინტერნეტში, ასევე კომისიის ვებ გვერდზე. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ ოფერტაზე უპირობო აქცეპტის გაკეთების შემთხვევაში, კომპანია მზადაა გააფორმოს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება შპს „სუპერ ტვ“-სთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი განცხადებებისა და ახსნა-განმარტებების შესაბამისად, ირკვევა, რომ
ა) სს „სილქნეტსა“ და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის ელექტრონულის საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის 19 მაისს, სს „სილქნეტმა“ შესთავაზა შპს „სუპერ ტვ“-ს იგივე პირობებით ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 3 თვის ვადით, რასაც არ დაეთანხმა შპს „სუპერ ტვ“;
ბ) მიუხედავად იმისა, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის არ არის მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები ფაქტობრივად გაგრძელებულია, კერძოდ, სს „სილქნეტი“ მომსახურებას უწევს შპს „სუპერ ტვ“-ს, ხოლო ეს უკანასკნელი აგრძელებს სს „სილექნტისთვის“ მიღებული მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდას. მოსამზადებელ სხდომაზე აღნიშნული გარემოება დაადასტურეს მხარეებმა;
დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და შუამდგომლობების შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც სს „სილქნეტი“ ასევე შპს „სუპერ ტვ“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ შპს „სუპერ ტვ“-სა და მეორე მხრივ, სს „სილქნეტს“ შორის და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2011 წლის 9 აგვისტოს 16:00 საათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ერთი მხრივ, შპს „სუპერ ტვ“-სა და, მეორე მხრივ, სს „სილქნეტს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2011 წლის 9 აგვისტოს 16:00 საათზე;
2. დავის დღის განხილვის შესახებ შპს „სუპერ ტვ“ და სს „სილქნეტი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2011 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ი.მოსეშვილი
