შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 21 ივლისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (21.07.2011 10/638-11), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება და მიუხედავად კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხისა, ვერ დგინდება დავალიანების არსებობის ფაქტი, რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობის გამო. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (21.07.2011 N10/638-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 26 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 2 აგვისტოს, რის თაობაზეც შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (26.07.2011 N03/1539-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 01 აგვისტოს კომისიაში გამოცხადდა შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორი ბატონი მალხაზ მახაჭაძე, ადმინისტრაციული წარმოების მასალების ადგილზე გაცნობის მიზნით, რომელმაც აღნიშნა, რომ 2011 წლის ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება კომპანიის მიერ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნილ იქნა 2011 წლის 19 ივლისს, აღნიშნულის დასადასტურებლად, მალხაზ მახაჭაძის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო ქვითარი N000013. კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ 2011 წლის 26 ივლისს შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ს გაეგზავნა შეტყობინება (26.07.2011 N03/1539-11) და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შპს BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენელი ადმინისტრაციული მასალების ადგილზე გაცნობის მიზნით გამოცხადდა კომისიაში 2011 წლის 1 აგვისტოს და მის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, შესაბამისად, იგი ინფორმირებული იყო სხდომის ჩატარებით ადგილის, თარიღისა და დროის თაობაზე; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 21.07.2011 N10/638-11;
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
3. კომისიაში შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 25.07.2011 N6/3211-11);
4. შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენლის მიერ კომისიაში 2011 წლის 1 აგვისტოს წარმოდგენილი შპს „საქართველოს ფოსტის“ 2011 წლის 19 ივლისის საფოსტო ქვითარი N000013;
5. შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენლის მიერ კომისიაში 2011 წლის 1 აგვისტოს გაკეთებული ახსნა-განმარტება;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ შესწავლილ და დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 27.05.2011 ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2011 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში არ იყო წარმოდგენილი 2011 წლის ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება და მიუხედავად კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხისა, ვერ დგინდებოდა დავალიანების არსებობის ფაქტი, რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობის გამო.
3. შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულების შესაბამისად, 2011 წლის ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება კომისიაში კომპანიის მიერ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გამოგზავნილ იქნა 2011 წლის 19 ივლისს, რაც კომისიას ჩაბარდა 2011 წლის 25 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის N6/3211-11);
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ 2011 წლის ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება კომისიაში დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით გამოიგზავნა 2011 წლის 19 ივლისს, რასაც ადასტურებს შპს ”საქართველოს ფოსტის” 2011 წლის 19 ივლისის საფოსტო ქვითარი N000013, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ არ ყოფილა დარღვეული 2011 წლის ივნისის თვის რეგულირების საფასურის 2011 წლის 20 ივლისამდე კომისიაში წარმოდგენის ვადა და შესაბამისად, კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას; აღნიშნული კი, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს, კერძოდ, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო მის სანქცირებასთან დაკავშირებით, დარღვევის არ არსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ი.მოსეშვილი
