წვდომის მენიუ

შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” ურთიერთჩართვის მოქმედი ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 392 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (21.07.2011 N6/3159-11) მომართა შპს ,,ჯეოსელმა“ და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” შპს „ჯეოსელის“ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ, 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ერიცხება ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანება 43,454.29 (ორმოცდასამი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით. შპს „ჯეოსელის“ განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მხრიდან არაჯეროვნად სრულდება მხარეებს შორის 2009 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.   შპს „ჯეოსელის“ განცხადებას თანდართული აქვს შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის 2009 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული და ორმხრივად ხელმოწერილი შედარების აქტი. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.  კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” 2009 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით; საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 29 ივლისს 16 საათზე, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელს” (25.07.2011 N03/1528-11) და  შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” (25.07.2011 N03/1527-11). შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და ეთხოვა შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 28 ივლისამდე.  კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 27 ივლისს შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება N6/3234-11, სადაც კომპანია აღნიშნავს, რომ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“ დაიწყო შპს „ჯეოსელის“ მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა, კერძოდ, კომპანიის მიერ 2011 წლის 1 ივლისს გადახდილ იქნა 2000.00 (ორი ათასი) ლარი, ხოლო 2011 წლის 25 ივლისს 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დარჩენილი 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდება უახლოეს პერიოდში. განცხადებას თანდართული აქვს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.  კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 29 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლები, წარმოდგენილ იქნა შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, კომპანიის დირექტორის საქართველოში არ ყოფნის გამო. კომისიამ იმსჯელა აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, დააკმაყოფილა შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შუამდგომლობა და საკითხის განხილა გადაიდო 2011 წლის 2 აგვისტოს 16:00 საათზე, რის თაობაზედაც შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (01.08.2011 N03/1586-11) რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2011 წლის 1 აგვისტოს. კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ალექსანდრე სადაღაშვილი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ 2011 წლის 1 აგვისტოს შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” გაეგზავნა შეტყობინება (01.08.2011 N03/1586-11)  და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შეტყობინება შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” ჩაბარდა 2011 წლის 1 აგვისტოს, შესაბამისად, კომპანია ინფორმირებული იყო სხდომის ჩატარებით ადგილის, თარიღისა და დროის თაობაზე; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” წარმომადგენლის  დაუსწრებლად.   კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსლეის“ წარმომადგენელმა დაადასტურა შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ, დავალიანების დაფარვის მიზნით, 7000.00 ლარის გადახდის ფაქტი და აღნიშნა, რომ კომპანიას 2011 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით შპს „ჯეოსელის“ მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების სახით ერიცხება 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარი. ამავე დროს, შპს ,,ჯეოსელის”   წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა შპს ,,ალექს დეველოპმენტს ჯორჯიასთან”  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო;  ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2009 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეების მიერ სადაო არ გამხდარა ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი; 

2. შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” შორის  2011 წლის 1 ივლისს გაფორმდა შედარების აქტი, რომელსაც შპს ,,ჯეოსელის” და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მხრიდან ხელს აწერენ გენერალური დირექტორები. აღნიშნული შედარების აქტის შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შპს „ჯეოსელის“ მიმართ გააჩნია დავალაინება  43,454.29 (ორმოცდასამი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით;

3. შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, შპს „ჯეოსელისთვის“ 2011 წლის 1 ივლისს გადახდილ იქნა 2000.00 (ორი ათასი) ლარი, ხოლო 2011 წლის 25 ივლისს 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი, რაც დადასტურებულია შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით და ამავე დროს, აღნიშნული კომისიის სხდომაზე დაადასტურა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა. შესაბამისად, 2011 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შპს „ჯეოსელის“ მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების სახით ერიცხება 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარი.

4. შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ აღიარებულია მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებები შპს ,,ჯეოსელის”  მიმართ 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით (წერილი N6/3234-11 27.07.2011);

5. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის შესაბამისად, მხარე, რომელსაც ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შედეგად აღმოაჩნდება უარყოფითი სალდო, ვალდებულია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში მოახდინოს მეორე მხარესთან ანგარიშსწორება.

6. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია” ვალდებულია შპს ,,ჯეოსელს” წარუდგინოს საბანკო გარანტია 20000 (ოცი ათასი) ლარზე, როგორც ურთიერთჩართვის მსურველის გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ შპს ,,ჯეოსელისთვის” გადასახდელი თანხა გადააჭარბებს 20000 (ოცი ათასი) ლარს და ურთიერთჩართვის მსურველი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ განახორციელებს შესაბამის გადახდას, შპს ,,ჯეოსელი” იტოვებს უფლებას შეაჩეროს წინამდებარე ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედება,   მოთხოვნის საბანკო გარანტიის საფუძველზე დაკმაყოფილებამდე და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენამდე;

7.კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის განცხადების შესაბამისად, კომპანიის მიერ განაღდებულ იქნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.7 პუნქტით გათვალისწინებულუ საბანკო გარანტია 20000 (ოცი ათასი) ლარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „ჯეოსელის“ მიმართ დავალიანების სახით ერიცხება 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარი;

შესაბამისად, აღიარებული და უდავოა შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება, 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით  შპს ,,ჯეოსელის” მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ უნდა მიეცეს ვადა 10 სამუშაო დღის ოდენობით, შპს „ჯეოსელთან“, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის დაფარვის მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ აღნიშნულ ვადაში არ განხორციელდება დავალაინების დაფარვა,  შპს ,,ჯეოსელს” უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს  შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „ჯეოსელის“ მიმართ ურთიერთჩარვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 36,454.29 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის დასაფარად მიეცეს ვადა 10 სამუშაო დღის ოდენობით;

2. შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,ჯეოსელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა” და შპს ,,ჯეოსელისთვის”;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა” და შპს ,,ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                           .ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                       .ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       .მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები