სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2011
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მობიტელმა“ (18/11/2010, №7/384-10), სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ, ქ. თბილისში 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე. ქ. თბილისში არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და შესაბამისად შესაძლებელია აუქციონის გამოცხადება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები და აბონენტის ნომრების სიგრძე. ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში აბონენტის ნომრის (SN) სიგრძე შედგება შვიდი ნიშნისაგან. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების შვიდნიშნა ნუმერაციაზე გადასვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია აუქციონის გამოცხადება ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად შვიდნიშნა ნუმერაციის რესურსზე ქ. თბილისში 2162XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი). ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი გარდამავალ ეტაპზე ვალდებული იქნება მომსახურება გაწიოს ექვსნიშნა ნუმერაციის რესურსით 162XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი).
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს 1 (ერთი) ათასიან ნუმერაციის ბლოკზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) 2162XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;
ბ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება გაწიოს 162XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით;
დ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 2,000.00 (ორი ათასი) ლარით;
3. აუქციონის ბიჯი შეადგენს 100 (ასი) ლარს;
4. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 18 მარტის 13:00 საათი;
5. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2011 წლის 28 თებერვლის 17:00 საათამდე;
6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
7. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
-კოდი: 220101830;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს);
8. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
9. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
11. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა. სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი
|
ი. მოსეშვილი |
