შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 25 ივლისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიის მიერ 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, 2011 წლის 2 ივნისს, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, დაევალათ კომისიაში, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) კომისიაში წარმოდგენა. როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია ნაწილობრივ. კერძოდ, აღნიშნული კომპანიის მიერ, კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ 3 DVD. ამასთანავე, წარმოდგენილ ჩანაწერებში ფიქსირდება შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ ეთერით გადაცემული რამოდენიმე სამაუწყებლო პროგრამა, ხოლო არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის განთავსების ფაქტი არ ფიქსირდება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 27 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 5 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ დირექტორი ოთარ თევზაძე, რომელმაც სხდომამდე წარმოადგინა NB17, NB18 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი სამაუწყებლო კომპანიის უკანასკნელი 1 თვის არქივი და განაცხადა, რომ გარდა რამოდენიმე გადაცემისა (რომელთა ჩანაწერებიც მის მიერ წარმოდგენილია კომისიაში 2011 წლის 13 ივნისს 3 DVD-ის სახით) შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ ეთერი დათმობილი აქვს აღნიშნული კომპანიის რეტრანსლიაციას.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;
3. კომისიის 2011 წლის 2 ივნისის წერილი N04/1136-11, რომლის თანახმად კომისიამ შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ დაავალა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) ჩაწერილი სახით კომისიაში წარმოდგენა;
4. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ 2011 წლის 13 ივნისის N6/2415-11 წერილი;
5. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 3 DVD;
6. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ სამაუწყებლო ბადე;
7. NB17, NB18 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი სამაუწყებლო კომპანიის უკანასკნელი 1 თვის არქივი;
8. 2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ დირექტორის ოთარ თევზაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB43 და NB44 ლიცენზიების მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება, შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
2. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ კომისიის 2011 წლის 2 ივნისის N04/1136-11 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) კომისიაში წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი გაეგზავნა ყველა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, კომისიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 511 მუხლების, აგრეთვე კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული, კერძოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით;
3. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ 2011 წლის 13 ივნისის N6/2415-11 წერილით კომისიაში წარმოდგენილ იქნა 3 DVD, რომელზედაც სრულად არის ჩაწერილი შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ 1 თვის მანძილზე საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით გაშვებული გადაცემები;
4. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადე ადასტურებს, რომ შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ საეთერო დრო დათმობილი აქვს შემდეგ პროგრამებს: ადგილობრივი განცხადებები - ყოველდღე 18:00-21:00 საათებზე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს - საინფორმაციო პროგრამა ,,დროება“ 18:30 და 21:30 საათებზე, ყოველ კვირას 20:30 საათზე - გადაცემა ,,სულიერი საუბრები“, ხოლო დანარჩენი საეთერო დრო მთლიანად დატვირთულია NB17, NB18 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი სამაუწყებლო კომპანიის რეტრანსლიაციით;
5. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ NB17, NB18 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი სამაუწყებლო კომპანიის რეტრანსლიაციას ახორციელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემისა. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ ახორციელებს, სწორედ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელეარხის პროგრამების გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ავალდებულებს არქივის შექმნას და უკანასკნელი 1 თვის პროგრამების შენახვას. ამასთანავე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები, ხოლო, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით გაშვებული გადაცემების 1 თვის არქივი სრულად, ხოლო შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ დანარჩენი საეთერო დრო მთლიანად დათმობილი აქვს NB17, NB18 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი სამაუწყებლო კომპანიის რეტრანსლირებას და შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ, ასევე წარმოდგენილ იქნა აღნიშნული საუწყებლო კომპანიის უკანასკნელი 1 თვის არქივი, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ, კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოდგენილია სრულად და უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ სანქცირებასთან დაკავშირებით;
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე და 70-ე მუხლების დარღვევის გამო მის სანქცირებასთან დაკავშირებით, დარღვევის არ არსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისათვის “ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
