წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 401 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 25 ივლისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიის მიერ 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, 2011 წლის 2 ივნისს, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, დაევალათ კომისიაში, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) კომისიაში წარმოდგენა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია ნაწილობრივ. კერძოდ, აღნიშნული კომპანიის მიერ, კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ 5 DVD. ამასთანავე, წარმოდგენილი ჩანაწერები დაზიანებულია და DVD-ების მხოლოდ პირველი რამოდენიმე წუთის ნახვა არის შესაძლებელი.

შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხმა“ 2011 წლის 14 ივნისს N2448-11 წერილით მიმართა კომისიას და აუწყა, რომ წარმოადგინა, შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 27 ივლისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“  სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 5 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე  შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი მზია ბაღაშვილი, რომელმაც აღიარა შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი და დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა კომისიაში დაზიანებული DVD-ების წარმოდგენას. შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“  წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მათი სამაუწყებლო ეთერის ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს, ეთერი მთლიანად დატვირთულია ტელეკომპანიის გადაცემებით და არ ხდება სხვა ტელეარხის რეტრანსლიაცია.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი;

2.    კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;

3.    კომისიის 2011 წლის 2 ივნისის წერილი N04/1137-11, რომლის თანახმად კომისიამ შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხს“  დაავალა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)  ჩაწერილი სახით წარმოდგენა;

4.    შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ 2011 წლის 14 ივნისის N6/2448-11 წერილი;

5.    შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 5 DVD;

6.    2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის  მზია ბაღაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB53 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება, შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

2.  შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხს“ კომისიის 2011 წლის 2 ივნისის N04/1137-11 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) კომისიაში წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი გაეგზავნა ყველა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, კომისიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 511 მუხლების, აგრეთვე კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული, კერძოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით;

3.   შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ 2011 წლის 16 ივნისის N6/2448-11 წერილით  კომისიაში წარმოდგენილ იქნა 5 DVD, რომელზედაც ჩაწერილი პროგრამები არ იკითხება და თითოეული DVD ჩართვიდან რამოდენიმე წუთში ითიშება. დაზიანებული DVD-ების წარმოდგენისა და შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ მიერ კანონდარღვევის არსებობის ფაქტი დაადასტურა შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა;

4. შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მზია ბაღაშვილის განმარტებით შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ სამაუწყებლო ეთერის ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს, რაც ცხადყოფს, რომ კომისიაში წარმოდგენილ 5 DVD-ზე არ იყო სრულად ჩაწერილი 1 თვის არქივი (ტექნიკოსების განმარტებით, 1 DVD იძლევა საშუალოდ 2 საათიანი ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობას);

5.     შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე  საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან შექმნან არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები. დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე;

2.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

3.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15  დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული;

4.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;

5.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“  პუნქტის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობა ეს არის კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე და 70-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მან არანაკლებ 1 თვის განმავლობაში არ შეინახა გადაცემების არქივი და კომისიას არ წარმოუდგინა ეს ინფორმაცია სრულად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება და ამავდროულად უნდა დაეკისროს უკანასკნელი 1 თვის არქივის წარმოდგენა.

გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა აფერხებს, მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების (მონიტორინგი, შემოწმება) შესრულებას. კომისიას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“ პუნქტით განსაზღვრულ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის, დამრღვევ პირს უნდა განესაზღვროს 15 კალენდარული დღე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 49-ე, 70-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“  პუნქტის, 162-ე მუხლის პირველი  ნაწილის,  165-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

:

1.        გაფრთხილდეს შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე და 70-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;

2.        დაევალოს შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხს“, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, უკანასკნელი 1 თვის გადაცემების არქივის კომისიაში წარმოდგენა;

3.        წინამდებარე გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

4.        დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

6.        გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,ტელეკომპანია ,,მე-5 არხისათვის“   ჩაბარების დღიდან;

7.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                            ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები