წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 402 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 25 ივლისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიის მიერ 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, 2011 წლის 2 ივნისს, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, დაევალათ კომისიაში, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) კომისიაში წარმოდგენა. როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, შპს  ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ პროგრამების არქივი არ წარმოუდგენია. აღნიშნულმა კომპანიამ 2011 წლის 14 ივნისის N6/2495-11 წერილით კომისიას აუწყა, რომ შპს  ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ერთი თვის გადაცემების ჩანაწერები განთავსებულია ვებ გვერდზე: www.myvideo.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეამოწმოს უკანასკნელი 1 თვის მანძილზე ეთერში გასული გადაცემები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რაიმე საკითხი გადაეცემა სასამართლოს, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ მზად არის წარუდგინოს სასამართლოს სათანადო დღის, საათის თუ კონკრეტული დროის ჩანაწერი. აღნიშნული წერილის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ კომპანია არ არის ვალდებული გასწიოს დამატებითი ხარჯები  და კომისიას წარუდგინოს 1 თვის ჩანაწერი, ამასთანავე მიაჩნია, რომ კომისიის მხრიდან უკანასკნელი თვის გადაცემების ჩანაწერის მოთხოვნა უფლებების გადამეტებაა.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის N10/641-11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ვებ გვერდი www.myvideo.ge,  სადაც განთავსებულია შპს  ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  პროგრამების არა 1 თვის, არამედ მხოლოდ უკანასკნელი 10 დღის პროგრამების არქივი. გარდა ამისა, ვებ გვერდ  www.myvideo.ge-ზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო (რომელიც ვლინდება პროგრამების არქივის ნახვის შემთხვევაში) იმ 10 დღის ჩანაწერების შესწავლაც ვერ ხერხდება. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის N10/641-11 სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს ვებ გვერდი www.myvideo.ge-დან ამობეჭდილი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ პროგრამების ჩანაწერი დაზიანებულია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 27 ივლისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 5 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ  კანონმდებლობა არ ავალდებულებს წარუდგუნოს კომისიას ფასიანი ნივთი (DVD) ინფორმაციის სახით. მისი განცხადებით, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც იქნება დოკუმენტი, ფურცელი და არა DVD. ამასთანავე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორის განმარტებით, ტელეკომპანიაში დაცულია არა მხოლოდ 1 თვის, არამედ მრავალი წლის არქივი სრულად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი;

2.    კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;

3.   კომისიის 2011 წლის 2 ივნისის წერილი N04/1143-11, რომლის თანახმად, კომისიამ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაავალა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)  ჩაწერილი სახით წარმოდგენა;

4.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2011 წლის 14 ივნისის N6/2495-11 წერილი;

5.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის N10/641-11 სამსახურებრივი ბარათი, თანდართულ ფოტოებთან ერთად;

6.  2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორ   ჯონდო ნანეტაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.        შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB56 და NB57 ლიცენზიების მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება, შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

2.    შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ კომისიის 2011 წლის 2 ივნისის  N04/1143-11 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი გაეგზავნა ყველა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, კომისიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 511 მუხლების, აგრეთვე კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული, კერძოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით;

3.    შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ 2011 წლის 14 ივნისის N6/2495-11 წერილით  მიმართა კომისიას და მიუთითა ვებ გვერდ www.myvideo.ge-ზე, სადაც კომისიას შეეძლო მოეპოვებინა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ უკანასკნელი 1 თვის პროგრამების ჩანაწერები, თუმცა კომისიის მიერ ვერ მოხერხდა ზემოაღნიშნული ვებ გვერდიდან შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ უკანასკნელი 1 თვის არქივის მოპოვება, ვინაიდან ვებ გვერდ www.myvideo.ge-ზე, დაცული იყო, მხოლოდ 10 დღის არქივი და ისიც დაზიანებული სახით;

4.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ არ წარმოადგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია - უკანასკნელი 1 თვის არქივი;

5.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე  საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან შექმნან არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები, დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე;

2.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

3.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15  დღის ვადაში, თუ რასაკვირველია,  კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული;

4.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;

5.        საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“  პუნქტის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობა ეს არის კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  70-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მან კომისიას არ წარმოუდგინა, კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, უკანასკნელი 1 თვის არქივი, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება და ამავდროულად უნდა დაეკისროს უკანასკნელი 1 თვის არქივის წარმოდგენა.

გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა აფერხებს, მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების (მონიტორინგი, შემოწმება) შესრულებას. კომისიას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“ პუნქტით განსაზღვრულ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის, დამრღვევ პირს უნდა განესაზღვროს 15 კალენდარული დღე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“  პუნქტის, 162-ე მუხლის პირველი  ნაწილის,  165-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

:

1.   გაფრთხილდეს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

2.  დაევალოს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“,  წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, უკანასკნელი 1 თვის გადაცემების არქივის კომისიაში წარმოდგენა;

3.   წინამდებარე გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“  ჩაბარების დღიდან;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                            ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები