წვდომის მენიუ

შპს ” კამარასთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 404 / 15

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (29.07.2011 №7/329-11 და №7/330-11) მიმართა შპს ”კამარამ” ციფრების სამნიშნა - 006 და ოთხნიშნა - 8006 კომბინაციის ნუმერაციის რესურსების მინიჭებასთან დაკავშირებით.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კამარას”, კომისიის 2010 წლის 6 აგვისტოს №370/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 006 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 6 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა, ხოლო კომისიის 2010 წლის 13 აგვისტოს №390/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 8006 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 13 აგვისტომდე  ქ. თბილისში.

    შპს ”კამარა” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: სარიტუალო, საკონსულტაციო, სამედიცინო მომსახურება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი, სანტექნიკოსის გამოძახება, ტექნიკოსის გამოძახება, ავეჯის გადაზიდვა, ტაქსის და გაზის გამოძახება და სხვა.

  კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ნებართვით, ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრო­ნული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საც­ნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახუ­რების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინ­ფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახუ­რების ნომრებსა და კოდებს. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა მოხდება კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კამარა” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”კამარას” მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”კამარას” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-6 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ექვსი) საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-6 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ექვსი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”კამარა” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს სამნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა, ხოლო ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-0-6 (რვა-ნული-ნული-ექვსი) - ქ. თბილისში.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”კამარას” ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-0-6 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 6 აგვისტოდან,  2012 წლის 6 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-6 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ექვსი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”კამარა” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) ნუმერაციის რესურსით საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა, ხოლო ნუმერაციის რესურსით 8-0-0-6 (რვა-ნული-ნული-ექვსი) - ქ. თბილისში;

3.  შპს ”კამარა” არ არის უფლებამოსილი წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”კამარასთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                               

ს. ბრიტანჩუკი

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები