წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს „მაიფონსა“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 407 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (29.07.2011 N6/3453-11) მიმართა შპს ”მაიფონმა”, შპს „ახალი ქსელების“ მიერ მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზარის დასრულების ტარიფის ცალმხრივად შეცვლასთან დაკავშირებით.

შპს „მაიფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაიფონსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის არსებობს დავა ზარის დასრულების ტარიფთან დაკავშირებით, კერძოდ, 2010 წლის 16 მარტს შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაიფონს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ახალი ქსელებისგან“ შპს „მაიფონის“ ქსელში გამოძახების დასრულების ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 4 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). 2011 წლის მაისის თვიდან შპს „ახალი ქსელები“ თავის შედგენილ შედარების აქტებში აფიქსირებს შპს „მაიფონის“ მიმართულებით მთლიანი ტრაფიკის ტარიფს წუთში 2 თეთრს და შპს „მაიფონის“ მიერ გამოწერილ ანგარიშ ფაქტურებს (4 თეთრიან ტარიფზე) არ ადასტურებს.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ახალ ქსელებს“ ზარის დასრულების ტარიფის ცალმხრივად შემცირების მიზეზად მოჰყავს ის ფაქტი, რომ შპს „მაიფონის“ აბონენტებს საშუალება აქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანონ სააბონენტო ნომრები  VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით და შესაბამისად, შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ ასეთ აბონენტებთან განხორციელებულ ზარებზე შპს „მაიფონმა“ უნდა გადაიხადოს ზარის წამოწყების საფასური, რაც შპს „მაიფონს“ არამართლზომიერად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ითხოვს დავის განხილვას შპს „ახალ ქსელებთან“.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონის“ განცხადების (29.07.2011 N6/3453-11) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაიფონსა“-სა და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვის მიზნით, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე შპს „მაიფონს“ და შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობათ შეტყობინებებით (04.08.2011 N03/1631-11 N03/1632-11) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ახალ ქსელებს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 10 აგვისტომდე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ახალი ქსელების“ შეგებებული განცხადება (10.08.2011 N6/3562-11) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ახალი ქსელები“ არ ეთანხმება შპს „მაიფონის“ მოთხოვნას, ვინაიდან იგი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და შესაბამისად, მხარეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაიფონი“ ეწევა სხვადასხვა სახეობის მომსახურებას ნუმერაციის ზონის ერთიანი კოდის გარეშე, რითაც კომპანია არღვევს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებას“, ვინაიდან შპს „მაიფონი“ ფლობს ნუმერაციის რესურსს ქ.თბილისში, მაგრამ რეალურად ქ.თბილისის გეოგრაფიული ნომრები გატანილი აქვს გეოგრაფიული ზონის გარეთ, კერძოდ, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში და ა.შ შესაბამისად, შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, შპს „მაიფონს“ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, აღებული უნდა ჰქონდეს 7-იან ინდექსზე დაწყებული ნუმერაცია, რაც საშუალებას მისცემს შპს „ახალ ქსელებს“ დაადგინოს ხარჯზე ორიენტირებული ურთიერთჩართვის ტარიფი. შპს „ახალი ქსლებს“ მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, როცა მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი შეადგენს 4 თეთრს,  შპს „ახალი ქსელები“ ფაქტობრივად უფასო მომსახურებას უწევს შპს „მაიფონს“, რაც არამართლზომიერად მიაჩნია შპს „ახალ ქსელებს“.

შპს „ახალი ქსელები“ შეგებებულ განცხადებაში ითხოვს:

1. უარი ეთქვას შპს „მაიფონს“ განცხადების დაკმაყოფილებაზე;

2. შპს „მაიფონის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დარღვევის გამო გამოყენებულ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გატვალისწინებული სანქციები;

მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2011 წლის 12 აგვისტოს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაიფონის“ და შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები.

შპს „მაიფონის“-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და კომისიის სხდომაზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა მხარეებს შორის გაფორმებული და შპს „ახალი ქსელების“ მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი 2011 წლის ივლისის თვის შეტარების აქტი, სადაც მხარეებს შორის 2010 წლის 16 მარტს გაფორმებული  ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზარის დასრულების ტარიფი დაანგარიშებულია 2 თეთრზე.

შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა ასევე მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ შეგებებულ განცხადებაში აღნიშნულ პოზიციას.

კომისიის სხდომაზე, სამართლებრივი დეპარტამენტის კითხვაზე, მოქმედია ტუ არა მხარეებს შორის 2010 წლის 16 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და თუ მოქმედია, ხომ არ განხორციელებულა ცვლილებები ხელშეკრულებაში ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებით,  ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოქმედია და მასში არანაირი ცვლილებები არ განხორციელებულა.

დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და შუამდგომლობების შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც შპს „მაიფონი“ ასევე შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაიფონსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ, შპს „მაიფონსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“ შორის და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2011 წლის 19 აგვისტოს 16:00 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.       ერთი მხრივ, შპს „მაიფონსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2011 წლის 19 აგვისტოს  16:00 საათზე;

2.       დავის დღის განხილვის შესახებ შპს „მაიფონის“ და შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3.       გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

4.       გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები                                                                 ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები