წვდომის მენიუ

შპს “ჯავშანის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 415 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2011

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  ”ჯავშანმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №205294938) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/274-11, 04.07.11)მეტრულ ტალღათა დიაპაზონში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად ერთი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს  ”ჯავშანის”  მიერ კომისიაში   წარმოდგენილ   განცხადებას (№ 7/274-11, 04.07.11) თანდართული არ ჰქონდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის    500  ლარის  (500  ლარი  1  სიხშირეზე)     საქართველოს

ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/1500-11, 20.07.11წ., რომელიც ჩაბარდა შპს ”ჯავშანს” 2011 წლის 20 ივლისს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი საბუთი არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს შპს  ”ჯავშანის” განცხადება №7/274-11, 04.07.2011წ. სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯავშანისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები