“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მი
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 12, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს კომისია.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, კომისიაში, ხშირია დავები, რომელიც შეეხება სატელევიზიო რეკლამაში ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების რეკლამირებისას გამოყენებული ტექსტების აღქმადობის პრობლემებს, კერძოდ, ტექსტის ზომასა და სატელევიზიო ეკრანზე სარეკლამო რგოლში გამოყენებული ტექსტის გამოსახვის ხანგძლივობას. მოდავე მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ადგილი ჰქონდა კონკურენციის შემზღუდავ ქმედებებს ეკრანზე გამოსახული წერილობითი ინფორმაციის ბოლო მომხმარებლისთვის აღქმადობის შეზღუდვით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლებთან ინდივიდუალური (არასტანდარტული) პირობებით გაფორმებულ ხელშეკრულებებში, ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო მომსახურების მიმწოდებლის სასარგებლოდ, მომხმარებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემას უქმნის მომხმარებელს და ფაქტიურად უზღუდავს უფლებას შეიცვალოს მომსახურების მიმწოდებელი კომპანია და მომსახურება მიიღოს მისთვის ხელსაყრელ ფასში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს ცვლილებების და დამატებების შეტანა “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 103-ე მუხლების,”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში (სსმ 3, 23.03.2006 წ. №39, მუხლი 468) ცვლილებებისა და დამატებების შესატანად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების, ასევე კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტებს (რ. სხირტლაძე, ე. ასანიძე) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 9 სექტემბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების, ასევე კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტებს (რ. სხირტლაძე; ე. ასანიძე).
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ი.მოსეშვილი
ა. სიხარულიძე
