ერთი მხრივ, მომხმარებელ თინა კუპრაშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ალფა-კომს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2011 წლის 7 ივლისს მიმართა (სამსახურებრივი ბარათი N10/579-11) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”), შპს „ალფა-კომის“ აბონენტ თინა კუპრაშვილის განცხადების განხილვისა და შპს „ალფა-კომთან“ არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ მოქალაქე თინა კუპრაშვილი ასაჩივრებს შპს „ალფა-კომის“ (ყოფილი შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“, რომელსაც შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ალფა-კომი“; აღნიშნული დადასტურებულია 2011 წლის 4 ივლისის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) მიერ მისთვის ხაზის რადიოს მომსახურების შეწყვეტას და მომსახურების ტარიფის ოდენობის გაზრდას. მოქალაქე თინა კუპრაშვილის ინფორმაციით, ის წლების მანძილზე ყოველთვიურად უხდიდა შპს ,,ალფა-კომს“ მომსახურების გადასახადს 2 ლარის ოდენობით. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 2009 წლიდან 2011 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მას შპს ,,ალფა-კომისთვის“ გადახდილი აქვს რადიოფიკაციის მომსახურების სააბონენტო გადასახადი;
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს მომსახურების აღდგენას და ამავე დროს, მის მიერ შპს „ალფა-კომისთვის“ გადახდილი თანხების მისთვის დაბრუნებას.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ შპს ,,ალფა-კომი“ არ ფლობს რაიმე სახის მაუწყებლობის ლიცენზიას. ამასთან, ის ავტორიზებულია მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, რაც დასტურდება კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის ამონაწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე თინა კუპრაშვილის საჩივირის განსახილველად ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2011 წლის 16 აგვისტოს, სხდომას ესწრებოდა საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ეკატერინე ჭახრაკია, რომელმაც, როგორც მოქალაქე თინა კუპრაშვილის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, აღნიშნა, რომ მოქალაქე თინა კუპრაშვილი ხსნის მოთხოვნას გადახდილი თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით და ითხოვს მხოლოდ მომსახურების მიწოდების აღდგენას.
კომისიის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან ირკვევა, იმ პერიოდში, როდესაც შპს „ალფა-კომი“ მოქალაქე თინა კუპრაშვილს უწევდა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას (2009 წლიდან 2011 წლის თებერვლიოს ჩათვლით), მას არ ჰქონდა გავლილი ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე, შესაბამისად კომპანია ახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ალფა კომს“ დღესაც არ აქვს გავლილი ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე, კომპანიისთვის იმ მომსახურების აღდგენის დავალდებულება, რისი განხორციელების უფლებაც ამ უკანასკნელს არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწემ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, მოქალაქე თინა კუპრაშვილისთვის შპს ”ალფა-კომთან” დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე უარის თქმის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების სტადიაზე კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა შემდეგი გარემოებები:
1. 2009 წლიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით, შპს „ალფა-კომი“ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას უწევდა მოქალაქო თინა კუპრაშვილს (ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიოარხის ტრანზიტს), რასაც ადასტურებს მოქალაქე თინა კუპრაშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილი მომსახურების გადახდის ქვითრები. მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გაწევის პერიოდში, შპს „ალფა-კომს“ არ ჰქონდა გავლილი ავტორიზაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მაუწყებლობის ტრანზიტზე; ამასთან, კომპანია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორიზებულია მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე;
2. 2011 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „ალფა კომი“ არ ფლობს რაიმე სახის მაუწყებლობის ლიცენზიას.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
5. მოქალაქე თინა კუპრაშვილის განცხადებიდან (01.07.2011) გამოვლინდა, რომ უკვე ორ თვეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც შპს „ალფა-კომმა“ შეწყვიტა ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, კერძოდ მაუწყებლობის ტრანზიტი (2011 წლის მარტიდან);
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ალფა კომს“ 2011 წლის მარტიდან შეწყვეტილი აქვს ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების განხორციელება, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 28-ე მუხლიდან გამომდინარე, გასულია ადმინისტრაციული სახდელის დადების კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის 2 თვიანი ვადა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე კომისიას ართმევს შესაძლებლობას, შპს „ალფა-კომის“ მიმართ დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, კომისია ვერ დაავალდებულებს შპს „ალფა-კომს“ თინა კუპრაშვილს აღუდგინოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების იმ სახის გაწევა, რაზედაც ამ უკანასკნელს არ აქვს გავლილი ავტორიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის შუამდგომლობა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უარი უნდა ეთქვას მოქალაქე თინა კუპრაშვილს შპს „ალფა-კომთან“ დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუქნტის მ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის შუამდგომლობა ერთი მხრივ, მოქალაქე თინა კუპრაშვილსა და, მეორე მხრივ, შპს „ალფა-კომს“ შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ;
2. უარი ეთქვას მოქალაქე თინა კუპრაშვილს შპს „ალფა-კომთან“ დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ალფა-კომის“, მოქალაქე თინა კუპრაშვილისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
