წვდომის მენიუ

შპს „ახმეტა ტვ-1“-ის მაუწყებლობის №1140 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2004 წლის 1 ოქტომბრის №513/4 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 431 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 19, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა შპს „ახმეტა ტვ-1“-მა (24.03.2011 №7/119-11) მაუწყებლობის №1140 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სალიცენზიო კომისიის მიერ 1999 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ახმეტა ტვ-1“-ზე გაიცა სატელევიზიო მაუწყებლობის №1140 ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზია კომისიის 2001 წლის 29 ივნისის  №343/5 გადაწყვეტილებით გატარდა ხელახალ რეგისტრაციაში, ხოლო 2004 წლის 1 ოქტომბრის №513/4 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით, შპს ”საქართველოს ტელეცენტრთან” გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის 1,386.27 (ათას სამასოთხმოცდაექვსი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

   308,06  ლარი – 2004  წლის  31 დეკემბრამდე;

   154,03   ლარი -    2005  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2006  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -    2007  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2008  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2009  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -  2010  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2011  წლის  1 თებერვლამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 31 მარტის სამსახურებრივი ბარათი №10/224-11, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ახმეტა ტვ-1“-სათვის კომისიის 2004 წლის 1 ოქტომბრის №513/4 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის თაობაზე არ არის შესრულებული. კერძოდ, შპს „ახმეტა ტვ-1“-ს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 770.15 (შვიდასსამოცდაათი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი. კომპანიას ასევე არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება კომისიის წინაშე არსებული დავალიანების ოდენობა.

გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა  წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს, კომისია არ არის უფლებამოსილი უარი უთხრას შპს „ახმეტა ტვ–1“–ს ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება.  შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1’’-ს №1140 ლიცენზიის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ამავე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის  2004 წლის 1 ოქტომბრის №513/4 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „ახმეტა ტვ–ს“–ს №1140 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო. ამავე დროს, შპს „ახმეტა ტვ–1“–მა უნდა უზრუნველყოს მასზე დაკისრებული კანონიერი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების 770.15 (შვიდასსამოცდაათი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის დაფარვა და კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა.

კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული შპს „ახმეტა ტვ–1“–ს მთლიანი საგადასახადო ვალდებულების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა აღრიცხოს შპს „ახმეტა ტვ–1“, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულების მქონე სუბიექტად.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახმეტა ტვ-1“-ის №1140 ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახმეტა ტვ-1“-ს მაუწყებლობის №1140 ლიცენზიის გაუქმებისა და 2004 წლის 1 ოქტომბრის №513/4 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 16 სექტემბერს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს შპს „ახმეტა ტვ-1“-ს ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს რეგულირების საფასურის გაანგარიშება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „ახმეტა ტვ-1“-ს №1140 ლიცენზიიდან გამომდინარე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების შესახებ;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახმეტა ტვ–1“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები