ერთი მხრივ, შპს „მაიფონსა“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებული დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 19, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (29.07.2011 N6/3453-11) მიმართა შპს ”მაიფონმა”, შპს „ახალი ქსელების“ მიერ მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზარის დასრულების ტარიფის ცალმხრივად შეცვლასთან დაკავშირებით.
შპს „მაიფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაიფონსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის არსებობს დავა ზარის დასრულების ტარიფთან დაკავშირებით, კერძოდ, 2010 წლის 16 მარტს შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაიფონს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ახალი ქსელებისგან“ შპს „მაიფონის“ ქსელში გამოძახების დასრულების ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 4 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). 2011 წლის მაისის თვიდან შპს „ახალი ქსელები“ თავის შედგენილ შედარების აქტებში აფიქსირებს შპს „მაიფონის“ მიმართულებით მთლიანი ტრაფიკის ტარიფს წუთში 2 თეთრს და შპს „მაიფონის“ მიერ გამოწერილ ანგარიშ ფაქტურებს (4 თეთრიან ტარიფზე) არ ადასტურებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ახალ ქსელებს“ ზარის დასრულების ტარიფის ცალმხრივად შემცირების მიზეზად მოჰყავს ის ფაქტი, რომ შპს „მაიფონის“ აბონენტებს საშუალება აქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანონ სააბონენტო ნომრები VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით და შესაბამისად, შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ ასეთ აბონენტებთან განხორციელებულ ზარებზე შპს „მაიფონმა“ უნდა გადაიხადოს ზარის წამოწყების საფასური, რაც შპს „მაიფონს“ არამართლზომიერად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ითხოვს დავის განხილვას შპს „ახალ ქსელებთან“.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონის“ განცხადების (29.07.2011 N6/3453-11) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაიფონსა“-სა და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვის მიზნით, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე შპს „მაიფონს“ და შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობათ შეტყობინებებით (04.08.2011 N03/1631-11 N03/1632-11) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ახალ ქსელებს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 10 აგვისტომდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ახალი ქსელების“ შეგებებული განცხადება (10.08.2011 N6/3562-11) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ახალი ქსელები“ არ ეთანხმება შპს „მაიფონის“ მოთხოვნას, ვინაიდან იგი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და შესაბამისად, მხარეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაიფონი“ ეწევა სხვადასხვა სახეობის მომსახურებას ნუმერაციის ზონის ერთიანი კოდის გარეშე, რითაც კომპანია არღვევს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებას“, ვინაიდან შპს „მაიფონი“ ფლობს ნუმერაციის რესურსს ქ.თბილისში, მაგრამ რეალურად ქ.თბილისის გეოგრაფიული ნომრები გატანილი აქვს გეოგრაფიული ზონის გარეთ, კერძოდ, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში და ა.შ შესაბამისად, შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, შპს „მაიფონს“ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, აღებული უნდა ჰქონდეს 7-იან ინდექსზე დაწყებული ნუმერაცია, რაც საშუალებას მისცემს შპს „ახალ ქსელებს“ დაადგინოს ხარჯზე ორიენტირებული ურთიერთჩართვის ტარიფი. შპს „ახალი ქსლებს“ მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, როცა მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი შეადგენს 4 თეთრს, შპს „ახალი ქსელები“ ფაქტობრივად უფასო მომსახურებას უწევს შპს „მაიფონს“, რაც არამართლზომიერად მიაჩნია შპს „ახალ ქსელებს“.
შპს „ახალი ქსელები“ შეგებებულ განცხადებაში ითხოვს:
1. უარი ეთქვას შპს „მაიფონს“ განცხადების დაკმაყოფილებაზე;
2. შპს „მაიფონის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დარღვევის გამო გამოყენებულ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2011 წლის 12 აგვისტოს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაიფონის“ და შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები.
შპს „მაიფონის“-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და კომისიის სხდომაზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა მხარეებს შორის გაფორმებული და შპს „ახალი ქსელების“ მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი 2011 წლის ივლისის თვის შედარების აქტი, სადაც მხარეებს შორის 2010 წლის 16 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზარის დასრულების ტარიფი დაანგარიშებულია 2 თეთრზე.
შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა ასევე მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ შეგებებულ განცხადებაში აღნიშნულ პოზიციას.
კომისიის სხდომაზე, სამართლებრივი დეპარტამენტის კითხვაზე, მოქმედია თუ არა მხარეებს შორის 2010 წლის 16 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და თუ მოქმედია, ხომ არ განხორციელებულა ცვლილებები ხელშეკრულებაში ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებით, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოქმედია და მასში არანაირი ცვლილებები არ განხორციელებულა.
დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და შუამდგომლობების შესწავლის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც შპს „მაიფონი“, ასევე შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შპს „მაიფონსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილად ჩათვალა დავის განხილვის დაწყება, ერთი მხრივ, შპს „მაიფონსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“ შორის და დავის განხილვის დღედ განსაზღვრა 2011 წლის 19 აგვისტოს 16:00 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ დავასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ
1. შპს ”მაიფონი” არ არის ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი ექნებოდა ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულება) მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი; შესაბამისად, იგი უფლებამოსილია რაიმე შეზღუდვის გარეშე დაადგინოს თავის ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების საფასური;
2. შპს ”მაიფონის” აბონენტების მდებარეობა არ ახდენს გავლენას შპს ”ახალი ქსელების” ხარჯებზე - შპს ”ახალი ქსელები”, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება შპს ”მაიფონის” აბონენტი, ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის იხდის ერთი და იგივე თანხას - 4 თეთრის ოდენობით. შპს ”ახალი ქსელების” ვალდებულება შემოიფარგლება ურთიერთჩართვის წერტილში ზარის მიტანით, და შესაბამისად, მისი ხარჯი არ იზრდება აბონენტის მდებარეობის ცვლილების გამო;
3. შპს ”ახალი ქსელების” ის არგუმენტი, რომ თავის აბონენტებს მათ მიერ შპს ”მაიფონის” ნომრებზე დარეკვისას ემსახურება ”უფასოდ”, ვინაიდან აბონენტს ახდევინებს 4 თეთრს, და მის მიერ შპს ”მაიფონისთვის” ასეთ ზარებზე გადასახდელი თანხა ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის 4 თეთრია, ასევე არ წარმოადგენს საფუძველს შპს ”მაიფონის” მიერ გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების თვითნებური ცვლილებისათვის. შპს ”ახალ ქსელებს” საცალო მომსახურებაზე არ აქვს დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი და იგი უფლებამოსილია გაზარდოს მომსახურების საფასური, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. გარდა ამისა, არსებული საცალო ტარიფების პირობებში, შპს ”ახალ ქსელებს” ასევე არ რჩება მოგება საკუთარი აბონენტებისაგან ყველა იმ ოპერატორის აბონენტების მიმართულებით ზარის განხორციელებისას, სადაც ზარის დასრულების ტარიფი 4 თეთრია, და არა მხოლოდ შპს ”მაიფონის” აბონენტების ნომრებზე დარეკვის შემთხვევაში;
4. მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმებულია 2010 წლის 16 მარტს. მასში გათვალისწინებულია შპს ”ახალი ქსელების” ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი 4 თეთრის ოდენობით. არ არის წარმოდგენილი მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას ასახავდა, თანახმად 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებისა. თუმცა განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ შედარების აქტებში ასახულია შემცირებული ტარიფი - 2 თეთრი. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია მხოლოდ ზარის დასრულების მომსახურება და შესაბამისი ტარიფი. ამდენად, გაუგებარია, შპს ”ახალი ქსელების” მიერ შედგენილ შედარების აქტში ზარის წამოწყების საფასურის (2 თეთრი) გადახდის ვალდებულების დაკისრება შპს ”მაიფონისთვის”;
5. შპს ”ახალი ქსელების” განცხადება, რომელშიც მოთხოვნილია შპს ”მაიფონის” სანქცირება ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების დარღვევის გამო, არ წარმოადგენს შეგებებულ განცხადებას, რომელიც შპს ”მაიფონის” მოთხოვნას გაქვითავდა, გააბათილებდა ან საქმის განხილვას დააჩქარებდა. ის საკითხი, არღვევს თუ არა კანონმდებლობას შპს ”მაიფონი” ნუმერაციის რესურსის გამოყენებისას, დაკავშირებული არ არის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე მხარეთა შორის ანგარიშსწორებასთან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 19 აგვისტოს სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება (19.08.2011 N465) სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „მაიფონის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ახალი ქსელების ითხოვს კომისიაში წარმოდგენილ შეგებებულ განცხადებაში აღნიშნული მე-2 მოთხოვნის, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დარღვევის გამო შპს „მაიფონის“ სანქცირების საკითხის განხილვას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ ცნო შპს „მაიფონის“ მოთხოვნა მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფთან არსებულ სადაო საკითხთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ერთი მხრივ, შპს „მაიფონსა“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებული დავაზე შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.
რაც შეეხება შპს „ახალი ქსელების“ შეგებებულ განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნას, შპს „მაიფონის“ სანქცირების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დარღვევის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ კომისია ვერ განიხილავს საკითხს შპს „მაიფონის“ სანქცირების თაობაზე, შპს „მაიფონსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებული დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვა არ არის დაკავშირებული დავის საგანთან, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული საკითხი დაყენებულ იქნა კომისიის წინაშე შპს „ახალი ქსელების“ მიერ, კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია დაავალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსით მართვის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა შპს „მაიფონის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ერთი მხრივ, შპს „მაიფონსა“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებული დავაზე ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ახალი ქსელების“ მიერ შპს „მაიფონის“ მოთხოვნის ცნობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსით მართვის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა შპს „მაიფონის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დარღვევასთან დაკავშირებით.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაიფონისა” და შპს ,,ახალი ქსელებისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაიფონისა” და შპს ,,ახალი ქსელებისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
