შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 26, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთმა“ (№6/2833-11, 04.07.2011), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“ ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №386/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 26 აგვისტოს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“ ფლობს მაუწყებლობის №B56 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონები, ანტენის განთავსების ადგილი - ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძა;
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიით გათვალისწინებული ლიცენზიის სახის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის სახესთან შეუსაბამობა. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, რაც შეეხება მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილების გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირება. შესაბამისობაში მოვიდეს შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ ლიცენზიის სახე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ამავე დროს შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთს“ მიეცეს უფლება მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის ფარგლებში შესრულებული სამაუწყებლო პროგრამების სიგნალის გავრცელება განახორციელოს ასევე თანამგზავრული სისტემების მიწისზე და და ორბიტალური სადგურების გამოყენებითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების 35–ე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მაუწყებლობის №B56 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა.ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ა.გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
ა.დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა.დ.ა) ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონები, ანტენის განთავსების ადგილი - ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძა;
ა.დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
