შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის № 238/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 26, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის №7/347-11, 09.08.2011წ.) შპს „ჯეოსელმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ჯეოსელი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიით გათვალისწინებულ ნუმერაციის რესურსიდან – 634 220 (ექვსას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) სააბონენტო ნომერს;
შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებლებზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი” კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2019 წლის 03 აგვისტომდე. “ნუმერაციის რესურსი: 8-9-3 (რვა-ცხრა-სამი) სულ 734 220 (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) სულ 734 220 (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის № 238/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 23 სექტემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისათვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
