წვდომის მენიუ

ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“, ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილის“, შპს „მომავლის რეკლამის“ სანქცირებისა და შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემასთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: 454 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (08.08.2011 N10/710-11 და 12.08.2011 N10/732-11) საფუძველზე, 2011 წლის 16 აგვისტოს ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რიგი ავტორიზებული პირებისა და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების სანქცირებისა და რიგი ავტორიზებული პირებისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 26 აგვისტოს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N443/18, რომლის შესაბამისადაც, გადაიდო ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“, შპს „მომავლის რეკლამის“ და ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილის“ სანქცირების, ასევე შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემის“ ავტორიზაციის შეჩერების საკითხების განხილვა 2011 წლის 2 სექტემბრის 16:00 საათზე, იმ გარემოების გამო, რომ  შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს არ ჩაბარებიათ კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, რომლითაც ისინი მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კერძოდ, რომ დაინტერესებულ პირებს მისცემოდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში, მიზანშეწონილი იყო საკითხის განხილვის გადადება და  ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“, შპს „მომავლის რეკლამის“ და ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილის“ და შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემისთვის“ დამატებითი შეტყობინებების გაგზავნა.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის თაობაზე განმეორებითი შეტყობინებებით ეცნობათ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განმეორებით განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მომავლის რეკლამის“ წარმომადგენელი და ინდ მეწარმე „ომარ კუპრაშვილი“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 2 სექტემბერს კომისიაში გამოცხადდა ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 2011 წლის 1 სექტემბრეს, იგი გაეცნო ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და განაცხადა რომ ვერ შეძლებდა კომისიის სხდომაზე დასწრებას.

კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „კავკაზუს ტრანსიტ სისტემას“ წარმომადგენელი, რომელსაც, შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ჩაბარდა შეტყობინება 2011 წლის 31 აგვისტოს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემას“ წარმომადგენლების დაუწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (08.08.2011 N10/710-11 და 12.08.2011 N10/732-11) შესაბამისად, მიმდინარე წლის 20 ივნისის მდგომარეობით:

1. ინდ.მეწარმე ”ომარ კუპრაშვილის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის თებერვალი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;

2. ინდ. მეწარმე ”გოჩა ლილუაშვილის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის აპრილი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;

3. შპს ”მომავლის რეკლამის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის იანვარი-მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და არც გადახდები განხორციელებულა ამ პერიოდში;

4. შპს ”კავკაზუს ტრანზიტ სისტემას” მიერ  რეგულირების საფასურის გაანგარიშებები არ წარმოდგენილა ავტორიზაციის გავლიდან (ავტორიზაციის გავლის თარიღი 16.02.2010)  ერთი წლის  განმავლობაში და შესაბამისად, არც თანხები ჩარიცხულა კომისიის ანგარიშზე;

კომისია აღნიშნავს, რომ:

1. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია, გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს ავტორიზაცია, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა)  არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი.  რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის  შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

5. "რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და გადახდის წესი;

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 26 აგვისტოს N10/788-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2011 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით:

1. ინდ.მეწარმე ”ომარ კუპრაშვილმა” კომისიაში 2011 წლის 22 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;

2. ინდ.მეწარმე ”გოჩა ლილუაშვილმა” კომისიაში 2011 წლის 02 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის მაისი-ივლისის და 08 აგვისტოს 2011 წლის აპრილის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და  რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;

3. შპს ”მომავლის რეკლამას” კომისიაში არ წარმოუდგენია ბოლო 5 თვის (იანვარი-მაისი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;

4. შპს ”კავკაზუს ტრანზიტ სისტემს” კომისიაში ერთი წლის განმავლობაში არ წარმოუდგენია და არც  ჩაურიცხავს რეგულირების ყოვლწლიური საფასური;

კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვისა  დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათის (23.08.2011 N10/776-11) შესაბამისად, შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემა“ ავტორიზაციის გავლიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებს ავტორიზაციის დეკლარაციით გათვალისწინებულ საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გარემოებისა, რომ ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ და ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილის“ მიერ საკითხის განხილვის დღისთვის კომისიაში წარმოდგენილ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ამავე დროს, რეგულირების საფასურის ჩარიცხვაც განხორციელდა კომისიის ანგარიშზე, აღნიშნული კომპანიების მიერ ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და "რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დასრულებულ დარღვევას, კერძოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და რეგულირების საფასურის გადახდის ვადების დაუცველობას; ხოლო შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ (რომელიც წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის მფლობელს)  ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და   "რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას; ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევა წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ,

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიჩნია, რომ ვინაიდან ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილი“, ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილი“ და შპს „მომავლის რეკლამა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილან სანქცირებულები, მათ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და "რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემას“ მიერ ავტორიზაციის გავლიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში: არ განხორციელებულა ავტორიზებული საქმიანობა, მის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ამავე დროს, არ არის გადახდილი რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე, კომისია მიაჩნია, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც კომისია უფლებამოსილია საკუთრი ინიციატივით შეაჩეროს პირის ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, აღნიშნული კომპანიის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნატის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად (კენჭისყრაზე კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა არ დაუჭირა მხარი ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ სანქცირების საკითხს, შესაბამისად, ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ სანქცირების საკითხი კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით)

გადაწყვიტა:

1.მიეცეს გაფრთხილება ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების   დარღვევის გამო;

2. მიეცეს გაფრთხილება ინდ.მეწარმე ”ომარ კუპრაშვილს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების   დარღვევის გამო;

3. მიეცეს გაფრთხილება შპს  ”მომავლის რეკლამას” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და  "რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების   დარღვევის გამო;

4. უზრუნველყოს შპს „მომავლის რეკლამამ“ 2011 წლის იანვარი-მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში  წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემას“ კომისიისათვის ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) აცნობოს შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემას“, რომ მის მიერ ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება დაუშვებელია, კომისიისთვის მისი ავტორიზაციის დეკლარაციით გათვალისწინებული საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გამოგზავნამდე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღნიშნული ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის ამ გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატამენტს (მ.ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

9. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის ჩაბარების დღიდან;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                               ს.ბრიტანჩუკი

                                                             კ.კვიტაიშვილი

                                                              ა.სიხარულიძე

                                                              ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები