შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 17 აგვისტოს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 16 აგვისტოს № 10/746-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, 2011 წლის 2 ივნისს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს დაევალათ უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) კომისიაში წარმოდგენა. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია 9 DVD-ით, აქედან 1 ცარიელია. წარმოდგენილი პროგრამების არქივის ხანგრძლივობა შეადგენს 1055 წუთს (17 საათი). სამაუწყებლო ბადის შესაბამისად, მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 12 საათს აღემატება. შესაბამისად, კომპანიის მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია არასრულად.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 16 აგვისტოს №10/746-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 23 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 2 სექტემბერს. აღნიშნულის შესახებ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2011 წლის 2 სექტემბერს, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ”-იმ წერილობით (№27; 1.09.11.) მიმართა კომისიას, სადაც აღნიშნა, რომ კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, მან კომისიაში წარმოადგინა მის მიერ შექმნილი პროდუქციის ერთი თვის არქივი, ხოლო ეთერში გადაცემული სხვა მასალა წარმოადგენდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, ამასთან, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ”-ის საეთერო ბადე არ შეიცავდა მხატვრულ ფილმებს, რამაც განაპირობა კომისიაში წარდგენილი ინფორმაციის მოცულობის სიმცირე. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ” წერილში აღნიშნავს, რომ მათ მიერ კომისიაში წარდგენილი ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი და ამ დროისთვის კომპანია სრულად ახდენს გადაცემული პროგრამების ჩაწერასა და დაარქივებას. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია სრულად ახდენს ეთერში გადაცემული პროგრამების დაარქივებას, მას საეთერო ბადეში არ აქვს მხვატრული ფილმი, თითქმის ორი ათეული წელია იგი საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდის მიუკერძოებელ ახალ ამბებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა მისი შემოსავალი, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ” ითხოვს მის მიმართ გამოყენებულ იქნას პასუხისმგებლობა - გაფრთხილების სახით კომისიისთვის ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენისათვის.
2011 წლის 2 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ”-ის დირექტორი მ.კიკაბიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, ვინაიდან აწარმოებდნენ მხოლოდ მათ მიერ დამზადებული პროდუქციის ჩაწერას, ხოლო ბადეში ჩასმული დანარჩენი პროდუქცია კომპიუტერში ჰქონდათ ცალკე განთავსებული. მან დასძინა, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ შეძენილია 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი და ამჯამად მიმდინარეობს ყველა პროდუქციის დაარქივება.
2011 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე, კომისიამ გამოიკვლია შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 16 აგვისტოს №10/746-11 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;
3. კომისიის 2011 წლის 2 ივნისის წერილი N04/1143-11, რომლითაც შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის დაევალა უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) ჩაწერილი სახით კომისიაში წარმოდგენა;
4. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ”-ის მიერ 2011 წლის 10 ივნისს კომისიაში წარდგენილი წერილი (№11; 9.06.11) თანდართული მასალებით (9 DVD და სამაუწყებლო ბადე);
5. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ”-ის მიერ 2011 წლის 2 სექტემბერს კომისიაში წარდგენილი წერილი (№27; 1.09.11.);
6. 2011 წლის 2 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB74 და NB78 ლიცენზიების მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება, შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
2. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კომისიის 2011 წლის 2 ივნისის N04/1143-11 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) კომისიაში წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი გაეგზავნა მაუწყებლობის ლიცენზიის ყველა მფლობელს, კომისიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 511 მუხლების, აგრეთვე კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებით განსაზღვრული - მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით;
3. 2011 წლის 9 ივნისს, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-მა, კომისიაში წარმოადგინა ბოლო ერთი თვის მანძილზე სატელევიზიო ეთერში გასული პროგრამების ნაწილის არქივი 9 DVD-ზე, აქედან ერთი ცარიელი. ამასთან, წარმოდგენილი არქივის შესაბამისად, გადაცემული პროგრამების ხანგრძლივობა შეადგენს 1055 წუთს (17 საათი);
4. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის შესაბამისად, მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში აღემატება 12 საათს. შესაბამისად, კომპანიის მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია არასრულად, ამასთან, კომპანიის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის, არ ხდებოდა მის მიერ გადაცემული პროგრამების დაარქივება სრულად. აღნიშნული დაადასტურა შპს ,,მეგა ტვ”-ის დირექტორმა 2011 წლის 1 სექტემბრის № 27 წერილში და კომისიის 2011 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში;
5. კომისიის 2010 წლის 31 დეკემბრის №612/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიეცა გაფრთხილება მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან შექმნან არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები, დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,დამოუკიდებელი კომპანია მეგა-ტვ”-ის არ ჰქონდა დაარქივებული არანაკლებ 1 თვის გადაცემები სრულად, ასევე კომისიას არ წარმოუდგინა უკანასკნელი ერთი თვის არქივი სრულყოფილად, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რაც წარმოადგენს კომპანიის სანქცირების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ” -ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება (კომისიის 2010 წლის 31 დეკემბრის №612/18 გადაწყვეტილება), ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის განმარტების შესაბამისად, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ”-ის წლიური შემოსავლის 0.5% შეადგენს 389.95 ლარს. შესაბამისად, მას ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის, 70-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,მეგა ტვ”-იმ უზრუნველყოს ჯარიმის - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300693251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;
3. დაევალოს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, უკანასკნელი 1 თვის არქივის კომისიაში წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
