წვდომის მენიუ

შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 456 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 17 აგვისტოს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 16 აგვისტოს № 10/746-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, 2011 წლის 2 ივნისს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს დაევალათ უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) კომისიაში წარმოდგენა.  შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია  2 DVD-ით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 357 წუთს (5 საათი და 57 წამი). სამაუწყებლო ბადის შესაბამისად, მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 12 საათს აღემატება. შესაბამისად, კომპანიის მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია არასრულად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 16 აგვისტოს №10/746-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 23 აგვისტოს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის”   სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 2 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისს”    ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2011 წლის 2 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” დირექტორი მ.ჩიქობავა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი კომპანია ახდენს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის რეტრანსლირებას, აგრეთვე აქვთ საინფორმაციო გამოშვებები და დასძინა, რომ თან მოიტანა  აგვისტოს თვის არქივის სრული ჩანაწერი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 16 აგვისტოს №10/746-11 სამსახურებრივი ბარათი;

2.      კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;

3.      კომისიის 2011 წლის 2 ივნისის წერილი №04/1143-11, რომლითაც შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისს”  დაევალა უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)  ჩაწერილი სახით კომისიაში წარმოდგენა;

4.      შპს ,,დამუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” მიერ 2011 წლის 16 ივნისს კომისიაში წარდგენილი წერილი (№12; 10.06.11) თანდართული მასალებით (2 DVD და სამაუწყებლო ბადე);

5.      2011 წლის 2 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის”   დირექტორის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიამ დაადგინა  შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი” წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB74 და NB78 ლიცენზიების მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება, შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

2.      შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისს”  კომისიის 2011 წლის 2 ივნისის  N04/1143-11  წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) კომისიაში წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი გაეგზავნა მაუწყებლობის ლიცენზიის ყველა მფლობელს, კომისიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 511 მუხლების, აგრეთვე კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის  №3 დადგენილებით განსაზღვრული - მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით;

3.      2011 წლის 16 ივნისს, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისმა”,  ბოლო ერთი თვის მანძილზე სატელევიზიო ეთერში გასული პროგრამების  ნაწილის არქივი წარმოადგინა 2 DVD-ზე, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს  357 წუთს (5 საათი და 57 წამი). შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” სამაუწყებლო ბადის შესაბამისად, მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში აღემატება 12 საათს. შესაბამისად, კომპანიის მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია არასრულად;

4.      შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე  საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან შექმნან არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები, დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე;

2.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

3.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15  დღის ვადაში, თუ  კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისმა”, მოთხოვნის მიუხედავად, კომისიას არ წარმოუდგინა 1 თვის არქივი სრულყოფილად, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  70-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც წარმოადგენს კომპანიის სანქცირების საფუძველს. ვინაიდან შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, მას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს გაფრთხილება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ე) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

:

1.  გაფრთხილდეს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი”,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევის გამო;

2.   დაევალოს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისს”, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში,  1 თვის არქივის კომისიაში წარმოდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისისთვის”  ჩაბარების დღიდან;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                   ირაკლი  ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                  ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                  კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                  აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები