შპს „იგრიკასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14/04/2008, №7/146-11) მიმართა შპს „იგრიკამ (რეგისტრირებული 2006 წლის 15 მაისს, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რეგისტრაციის №5152/006-შპს) საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №385/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იგრიკასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 26 აგვისტოს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იგრიკა“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „იგრიკას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, შპს „იგრიკას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იგრიკას“ მიერ კომისიაში 2008 წლის 14 აპრილს წარმოდგენილ №7/146-11 განცხადებას თანდართული ჰქონდა სალიცენზიო მოსაკრებელის – 2,000.00 (ორი ათასი) ლარის ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 14 აპრილის №7/146 -11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, შპს „იგრიკას“ მიერ ნამდვილად იქნა გადახდილი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში და უკან არ ყოფილა გამოთხოვილი.
ამასთან ერთად კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულ განცხადებაში შპს „იგრიკას“ მიერ არ იყო მითითებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა; ზეპირი მოსმენის სხდომას, რომელიც გაიმართა 2011 წლის 26 აგვისტოს ესწრებოდა შპს „იგრიკას“ დირექტორი ილია კიკაბიძე, რომელმაც განაცხადა, რომ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა წერილობით იქნებოდა დაზუსტებული.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იგრიკამ“ 2011 წლის 5 სექტემბრის წერილით(№6/3931-11) მიმართა კომისიას, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ პრაქტიკული საქმიანობა დაიწყება – ლიცენზიის გაცემიდან არაუგვიანეს 10 (ათი) თვის განმავლობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „იგრიკასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიღებულ იქნას გადაწყვეტილება შპს „იგრიკასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს „იგრიკა“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 10 (ათი) თვის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული;
თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია: წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
ო) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
პ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობა განახორციელოს 24 საათი;
ჟ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
რ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იგრიკასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „იგრიკასთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე)
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
