წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 462 / 6

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიის რეგისტრაციის № 7/299-11 13.07.2011წ.) მიმართა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N27  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ფლობს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N27 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-4 (რვა-ექვსი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან  -  1-0-6-4 (ერთი-ნული-ექვსი-ოთხი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 14.09.2011 წ- მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N27 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2011 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად,                     შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

 ”ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;”

ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე არ გამართულა ერთზე მეტი აუქციონი,                    შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით.

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო სამი წლის განმავლობაში (2011 წლის 2 სექტემბრიდან - 2008 წლის 2 სექტემბრამდე) სულ გამართულია 4 აუქციონი (იხ. დანართი №1). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 232,500.00 (ორას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ რესურსზე შეადგენს 58,125.00 (ორმოცდათვრამეტი ათას ას ოცდახუთი ლარი) ლარს (232,500.00:4=58,125.00). შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ასევე უნდა გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 

კომისიის 2011 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” გენერალურმა დირექტორმა ნანა შარაშენიძემ  დაადასტურა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის კომისიის მიერ განსაზღვრული საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ბ) და ვ) ქვეპუნქტების და ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N27 ლიცენზიას 2011 წლის 14 სექტემბრიდან 10 წლით - 2021 წლის          14 სექტემბრამდე;

2. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N27 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 58,125.00 (ორმოცდათვრამეტი ათას ას ოცდახუთი)  ლარით;     

3. უზრუნველყოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 58,125.00 (ორმოცდათვრამეტი ათას ას ოცდახუთი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2011 წლის 9 ოქტომბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300063072;

4. უზრუნველყოს შპს  ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, სალიცენზიო მოსაკრებლის  - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის გადახდა 2011 წლის  9 ოქტომბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300063072;

5. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

6. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N27   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ცნობილ იქნას დანართი №1 წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ჩაბარების დღიდან;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები