ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (07.04.2011 N6/1381-11) მიმართა სს ”სილქნეტმა”, შპს საქართველოს რკინიგზასთან“ დავის განხილვის მოთხვნით.
კომისიაში სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ საკუთრებაში ჰქონდა შპს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის ოთხი წყვილი. 2008 წლის 11 ივლისს შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება #სად/08–011, რომლის შესაბამისადაც, შპს „საქართველოს რკინიგზამ“ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ოპტიკური წყვილების საკაბელო არხებით მომსახურება, ასევე გამართული მუშაობისათვის აუცილებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. თავის მხრივ, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ იღებდა ვალდებულებას შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ გადაეხადა 314,171.00 ლარი ყოველწლიურად. 2009 წლის 3 ივნისს შპს „საქართველოს რკინიგზამ“ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა “ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების ბაზრის სეგმენტზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის #656/22 და 2007 წლის 17 აპრილის #191/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს #475/9 გადაწყვეტილებას, გადაწყვიტა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“ მომსახურების ტარიფის გაზრდა 779,980.00 ლარამდე (მომსახურების ყოველწლიური ტარიფი).
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 31.07.2009 წელს გაგზავნილი #8-14/938 წერილით შპს „საქართველოს რკინიგზას“ აცნობა, რომ მის ინტერესებში არ შედიოდა საკითხის გართულება, დროის გაჭიანურება და სთავაზობდა ერთობლივად შეთანხმებულიყვნენ იმ მედიატორზე (მაგ. ცნობილ აუდიტორულ ფირმაზე) რომელიც შეისწავლიდა სადაო საკითხს (რკინიგზის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში „გაერთიანებული ტელეკომის“ საკუთრებაში არსებული წყვილების მომსახურების ტარიფს) და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა ორივე მხარისათვის. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ გამოთქვამდა, აგრეთვე მზადყოფნას განხილულიყო მოსარჩელის ნებისმიერი ხედვა, რომელიც მიმართული იქნებოდა სადაო საკითხის კონსტრუქციული გზით გადაწყვეტისაკენ. მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან არ განხორციელებულა არანაირი ქმედებები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2010 წლის მარტიდან ყველა ის საშუალება (როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური აქტივები და ნუმერაციის რესურსები), რითაც სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ახორციელებდა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას გადაეცა შპს „სილქნეტს“, რომელმაც შეიცვალა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა და ჩამოყალიბდა როგორც სს „სილქნეტი“. შესაბამისად, შპს „საქართველოს რკინიგზა“ 2010 წლის 12 მარტიდან სს „სილქნეტს“ ყოველთვიურად უგზავნის ოპტიკური წყვილების მომსახურებაზე გაზრდილი ტარიფით ანგარიშწორების შესახებ მოთხოვნას. მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, დღემდე ვერ მოხერხდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს რკინიგზა“ ოპტიკური წყვილების საკაბელო არხებით მომსახურებასა და მათი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაში ყოველწლიურად ითხოვს 779,980.00 ლარის გადახდას.
მოთხოვნები:
1. კომისიამ დაავალოს შპს „საქართველოს რკინიგზას“ სს „სილქნეტის“ შეუზღუდავი დაშვება მის კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციასთან/ქსელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა სს „სილქნეტმა“ უზრუნველყოს საკუთარი ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილების ექპლუატაციისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება;
2. განემარტოს შპს „საქართველოს რკინიგზას“, რომ მის მიერ მოთხოვნილი ტარიფებით (აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაკეთებული გაანგარიშება) სს „სილქნეტთან“ შესაბამისი დაშვების ხელშეკრულების გაფორმება უსაფუძვლოა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღის დროისა და ადგილის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომები კომისიაში გაიმართა 2011 წლის 29 აპრილს 16:00 საათზე, 2011 წლის 6 მაისს 16:00 საათზე და 2011 წლის 17 მაისს 16:00 საათზე. ხოლო 2011 წლის 17 მაისს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N246/16 და ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის დავის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 31 მაისს 16:00 საათზე;
კომისიის 2011 წლის 31 მაისის სხდომაზე, სს „სილქნეტის“ და შპს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა კომისიის წინაშე დააყენეს შუამდგომლობა დავის განხილვის გადადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება და მხარეებს სურთ მორიგებით დაასრულონ დავა. შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 31 მაისის N258/17 გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადაიდო 2011 წლის 14 ივნისის 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე დავის განხილვა 2011 წლის 14 ივნისის სხდომაზე კვლავ გადაიდო 2011 წლის 1 ივლისის 16:00 საათზე (კომისიის სხდომის ოქმი N40), ხოლო 2011 წლის 1 ივლისის სხდომაზე, როდესაც მხარეების მიერ კვლავ იქნა დაყენებული შუამდგომლობა საკითხის გადადების თაობაზე, დავის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა კომისიის N317/17 გადაწყვეტილებით 2011 წლის 5 აგვისტომდე; 2011 წლის 5 აგვისტოს N394/17 გადაწყვეტილებით, ისევ მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, საკითხის განხილვა კვლავ გადაიდო 2011 წლის 9 სექტემბრის 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები თინათინ ფილია და გივი პეტრიაშვილი და შპს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი დავით ახვლედიანი, მხარეების მიერ კომისიის წინაშე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება სადავო საკითხთან დაკავშირებით და სს „სილქნეტი“ უარს ამბობს შპს „საქართველოს რკინიგზასთან“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მიზნით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე (07.04.2011 N6/1381-11).
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ სს „სილქნეტმა“ უარი განაცხადა შპს „საქართველოს რკინიგზასთან“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მიზნით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე (07.04.2011 N6/1381-11), კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავაზე შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავაზე, სს „სილქნეტის“ მიერ დავის განხილვის მიზნით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე (07.04.2011 N6/1381-11) უარის თქმის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,საქართველოს რკინიგზისა” და სს ,,სილქნეტისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,საქართველოს რკინიგზისა” და სს ,,სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
