შპს „დელტა კომმის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (08.08.2011 N10/710-11 და 12.08.2011 N10/732-11) საფუძველზე, 2011 წლის 16 აგვისტოს ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რიგი ავტორიზებული პირებისა და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების სანქცირებისა და რიგი ავტორიზებული პირებისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 26 აგვისტოს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N443/18, რომლის შესაბამისადაც, დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის მიზნით გადაიდო შპს „დელატა კომმის“ სანქცირების საკითხის განხილვა 2011 წლის 9 სექტემბრის 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის თაობაზე განმეორებითი შეტყობინებით ეცნობა შპს „დელტა კომმს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „დელტა კომმის“ წარმომადგენელი ბატონი ზურაბ ერემაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (08.08.2011 N10/710-11 და 12.08.2011 N10/732-11) შესაბამისად, მიმდინარე წლის 20 ივნისის მდგომარეობით შპს ”დელტა კომმს” ავტორიზაციის გავლის დღიდან (ავტორიზაციის გავლის თარიღი 17.02.2010) კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც რეგულირების საფასური გადაუხდია კომისიის ანგარიშზე.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია, გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და გადახდის წესი;
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 6 სექტემბრის N10/828-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს „დელტა კომმის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ შპს „დელტა კომმა“ 2011 წლის 10 აგვისტოს წარმოადგინა როგორც 2010 წლის რეგულირების საფასურის (ნულოვანი) გაანგარიშებები, ასევე 2011 წლის იანვარი-ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და 2011 წლის 11 აგვისტოს ჩარიცხა რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე, ამავე დროს, კომპანიის მიერ 2011 წლის 22 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა 2011 წლის ივლისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება და ჩარიცხულ იქნა რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე; შესაბამისად, შპს „დელტა კომმს“ 2011 წლის 7 სექტემბრისთვის რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შპს „დელტა კომმის“ მიერ საკითხის განხილვის დღისთვის კომისიაში წარმოდგენილ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ამავე დროს, რეგულირების საფასურის ჩარიცხვაც განხორციელდა კომისიის ანგარიშზე, აღნიშნული კომპანიის მიერ ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დასრულებულ დარღვევას, კერძოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და რეგულირების საფასურის გადახდის ვადების დაუცველობას, ვინაიდან კომპანიას ავტორიზაციის გავლის დღიდან (2010 წლის 17 თებერვალი), 2011 წლის 10 აგვისტომდე არ წარმოუდგენია კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, არც თანხების ჩარიცხვა განხორციელებულა; ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევა წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ,
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიჩნია, რომ ვინაიდან შპს „დელტა კომმი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა სანქცირებული, მის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1.მიეცეს გაფრთხილება შპს „დელტა კომმს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილის ასლის შპს „დელტა კომმისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „დელტა კომმის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დელტა კომმისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
