წვდომის მენიუ

სს „სილქნეტსა“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და სს „სილქნეტსა“ და შპს „მეტაკომს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებული დავის მოსამზადებელი სხდომი

ნომერი: 466 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (26.08.2011 N6/3035-11) მიმართა სს ”სილქნეტმა”, შპს „მეტაკომთან“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპთან“ ურთიერთჩართვის ფაქტობრივი მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ 2010 წლის 12 მარტიდან უწყვეტად ახორციელებს ურთიერთჩართვის ფაქტობრივ მომსახურებას შპს „მეტაკომთან“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპთან“, რის საფუძველზედაც აღნიშნულ კომპანიებს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე საოქმო გადაწყვეტილებები, ურთიერთჩართვიდან გამომდინარე მიმდინარე მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებები ორმხრივად არის ხელმოწერილი როგორც სს „სილქნეტის“, ასევე შპს „მეტაკომის“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ:

1. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ ადგილი აქვს სს „სილქნეტის“ მხრიდან გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების საფასურის სრულად გადაუხდელობას. კერძოდ, 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დავალიანებამ შეადგინა 100,944.78 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

2. 2010 წლის 12 მარტიდან 2011 წლის 1 ივლისამდე შპს „მეტაკომს“ დაერიცხა ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის 17,062.40 ლარი, საიდანაც 2010 წლის 26 აპრილს შპს „მეტაკომის“ მიერ გადახდილ იქნა 1,621.66 ლარი, 2010 წლის 25 ოქტომბერს 2500 ლარი, 2010 წლის 29 ნოემბერს 2000 ლარი, ხოლო 2010 წლის 30 დეკემბერს 1000 ლარი. შესაბამისად, შპს „მეტაკომის“ დავალიანებამ 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 9,940.74 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

მოთხოვნა:

1. კომისიამ  მისცეს თანხმობა სს „სილქნეტს“ შეაჩეროს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპთან“ და შპს „მეტაკომთან“ ურთიერთჩართვის ფაქტობრივი მომსახურება, აღნიშნული კომპანიების მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულ დაფარვამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ შპს“ მეტაკომს“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებულ დავაზე. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე სს „სილქნეტს“, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ და შპს „მეტაკომს“ ეცნობათ შეტყობინებებით (06.09.2011 N03/1978-11, N03/1977-11, N03/1979-11) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ და შპს „მეტაკომს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 12 სექტემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2011 წლის 12 სექტემბერს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგნლები: თინათინ ფილია და გივი პეტრიაშვილი, შპს „მედია პროდაქშენ გრუპის“ წარმომადგენელი გრიგოლ გიორგაძე და შპს „მეტაკომის“ დირექტორი ირაკლი მეკოკიშვილი.

მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადაო საკითხთან დაკავშირებით შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპთან“ მიღწეულ იქნა შეთანხმება და სს „სილქნეტი“ უარს აცხადებს კომისიაში დავის განხილვის მიზნით წარმოდგენილ განცხადებაზე (26.08.2011 N6/3035-11), ხოლო რაც შეეხება დავის განხილვას შპს „მეტაკომთან“, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები შპს „მეტაკომთან“ ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის  ერთი კვირით გადადების თაობაზე; სს „სილქნეტის“ წარმოამდგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას დაეთანხმა შპს „მეტაკომის“ დირექტორიც.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ სს „სილქნეტმა“ უარი განაცხადა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპთან“ ურთიერთჩართვის გათიშვასთან დაკავშირებით დავის განხილვის მიზნით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე (26.08.2011 N6/3035-11), კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის ურთიერთჩართვის გათიშვასთან დაკავშირებულ დავაზე შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.

ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის,  38-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.    შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის ურთიერთჩართვის გათიშვასთან დაკავშირებულ დავაზე, სს „სილქნეტის“ მიერ დავის განხილვის მიზნით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე (26.08.2011 N6/3035-11) უარის თქმის გამო;

2.       ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს“ მეტაკომს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა გადაიდოს 2011 წლის 20 სექტემბერს  16:00 საათზე;

3.       მოსამზადებელის სხდომის გადადების თაობაზე სს „სილქნეტი“ და შპს „მეტაკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2011 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4.       გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

6.       გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები