დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 21, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 12 აგვისტოს N416/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 900 00 34 34 და 900 34 34 34 (სულ ორი სააბონენტო ნომერი) დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
დ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 100.00 (ასი) ლარით, ხოლო აუქციონის ბიჯმა შეადგინა 5 (ხუთი) ლარი;
აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 16 სექტემბრის 13:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად, 2011 წლის 29 აგვისტოს17:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს N416/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი, დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით (900 00 34 34 და 900 34 34 34) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
