წვდომის მენიუ

სს „სილქნეტსა“ და შპს „მეტაკომს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 484 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (26.08.2011 N6/3035-11) მიმართა სს ”სილქნეტმა”, შპს „მეტაკომთან“ ურთიერთჩართვის ფაქტობრივი მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ 2010 წლის 12 მარტიდან უწყვეტად ახორციელებს ურთიერთჩართვის ფაქტობრივ მომსახურებას შპს „მეტაკომთან“, რის საფუძველზედაც აღნიშნულ კომპანიას ყოველთვიურად ეგზავნებოდა ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე საოქმო გადაწყვეტილებები, ურთიერთჩართვიდან გამომდინარე მიმდინარე მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებები ორმხრივად არის ხელმოწერილი როგორც სს „სილქნეტის“, ასევე შპს „მეტაკომის“ მიერ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 12 მარტიდან 2011 წლის 1 ივლისამდე შპს „მეტაკომს“ დაერიცხა ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის 17,062.40 ლარი, საიდანაც 2010 წლის 26 აპრილს შპს „მეტაკომის“ მიერ გადახდილ იქნა 1,621.66 ლარი, 2010 წლის 25 ოქტომბერს 2500 ლარი, 2010 წლის 29 ნოემბერს 2000 ლარი, ხოლო 2010 წლის 30 დეკემბერს 1000 ლარი. შესაბამისად, შპს „მეტაკომის“ დავალიანებამ 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 9,940.74 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

მოთხოვნა:

კომისიამ  მისცეს თანხმობა სს „სილქნეტს“ შეაჩეროს შპს „მეტაკომთან“ ურთიერთჩართვის ფაქტობრივი მომსახურება, აღნიშნული კომპანიის მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულ დაფარვამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ შპს“ მეტაკომს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებულ დავაზე. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე სს „სილქნეტს“ და შპს „მეტაკომს“ ეცნობათ შეტყობინებებით (06.09.2011 N03/1978-11, N03/1977-11, N03/1979-11) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „მეტაკომს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 12 სექტემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2011 წლის 13 სექტემბერს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგნლები: თინათინ ფილია და გივი პეტრიაშვილი და შპს „მეტაკომის“ დირექტორი ირაკლი მეკოკიშვილი.

მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები შპს „მეტაკომთან“ ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის  ერთი კვირით გადადების თაობაზე; სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას დაეთანხმა შპს „მეტაკომის“ დირექტორიც.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სს „სილქნეტის“ მიერ დაყენებული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კომისიის 2011 წლის 13 სექტემბრის N466/16 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტსა“ და შპს „მეტაკომს“ შორის დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2011 წლის 20 სექტემბრის 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 20 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი თინათინ ფილია და შპს „მეტაკომის“ წარმომადგენელი ლაშა პარასტაშვილი. მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „მეტაკომთან“ მიღწეულ იქნა შეთანხმება ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, კერძოდ მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე და შესაბამისად, სს „სილქნეტმა“ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს „მეტაკომთან“ მორიგების გამო, მხარეთა შორის არსებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სს „სილქნეტის“ აღნიშნულ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა შპს „მეტაკომის“ წარმომადგენელმაც.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება.

გამომდინარე იქიდან, რომ სს „სილქნეტმა“ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს „მეტაკომთან“ მორიგების გამო, მხარეთა შორის არსებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ შუამდგომლობა და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „მეტაკომს“ შორის ურთიერთჩართვის გათიშვასთან დაკავშირებულ დავაზე, მხარეთა მორიგების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის,  42-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.    შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „მეტაკომს“ შორის ურთიერთჩართვის გათიშვასთან დაკავშირებულ დავაზე, მხარეთა შორის მორიგების გამო;

2.    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების სს „სილქნეტისა“ და შპს „მეტაკომისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

3.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

4.       გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი                                   

კ.კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები