შპს “თანამგზავრი XXI-ის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “TV-ERA“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 15.08.2011 №114 წერილით მიმართა შპს “თანამგზავრი XXI-მა“, შპს “თანამგზავრი XXI“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს “TV-ERA“-სათვის გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2-ე მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “თანამგზავრი XXI“ და შპს “TV-ERA“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ:
ა) შპს “თანამგზავრი XXI“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ბ) შპს “TV-ERA“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “თანამგზავრი XXI“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “თანამგზავრი XXI“-ს განცხადება შპს “თანამგზავრი XXI“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს “TV-ERA“-სათვის გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით;
- ინფორმაცია შპს “თანამგზავრი XXI“-ის შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;
- ინფორმაცია შპს “ TV-ERA“-ს შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;
- შპს “თანამგზავრი XXI“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს “TV-ERA“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “თანამგზავრი XXI“-ის პარტნიორები არიან ფიზიკური პირი დავით გურგენიძე (წილის 33%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი დავით ხაჩიროვი (წილის 67%-ს მფლობელი); შპს “TV-ERA“-ს პარტნიორები არიან ფიზიკური პირი სულხან გოგიბერიძე (წილის 50%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი მერაბ მეტრეველი (წილის 50%-ის მფლობელი).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “თანამგზავრი XXI“-ის, დავით გურგენიძის, დავით ხაჩიროვის, შპს “TV-ERA“-ს, სულხან გოგიბერიძის და მერაბ მეტრეველის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების თანახმად ქ. ბათუმში შპს “თანამგზავრი XXI“-ის აბონენტების რაოდენობა 2011 წლის 1 ივლისისათვის შეადგენდა 630-ს, ხოლო შპს “TV-ERA“-ს აბონენტთა რაოდენობა - 9608-ს. შესაბამისად, ქ. ბათუმში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აბონენტთა ოდენობის მიხედვით, შპს “თანამგზავრი XXI“-ის ხვედრითი წილია 4%, შპს “TV-ERA“-ს - 55%; ხოლო მიღებული შემოსავლების მიხედვით, შპს “თანამგზავრი XXI“-ის ხვედრითი წილია 5%, შპს “TV-ERA“-ს - 62%.
წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, რომ საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ მოსალოდნელი არ არის შპს “TV-ERA“-ს აბონენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ვინაიდან შპს “თანამგზავრი XXI“-ს ამ დროისათვის სულ ჰყავს 630 აბონენტი. ამასთან ერთად, ანალოგიურ მომსახურებას ქ. ბათუმში ახორციელებს კიდევ რამოდენიმე ავტორიზებული პირი. გარდა ამისა, შესაბამის გეოგრაფიულ სეგმენტზე ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებსაც აქვთ საშუალება მიაწოდონ მომხმარებელს ანალოგიური მომსახურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “თანამგზავრი XXI-ის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “TV-ERA“-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “თანამგზავრი XXI-ის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “TV-ERA“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “თანამგზავრი XXI“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს “TV-ERA“-ს მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს “თანამგზავრი XXI“-ის განცხადება;
2. მიეცეს თანხმობა შპს “თანამგზავრი XXI“-ს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის, შპს “TV-ERA“-ს მიერ შეძენაზე;
3. განემარტოს შპს “თანამგზავრი XXI“-ს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს “TV-ERA“-ს მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
