შპს „ომეგას“ კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ომეგამ“ (№7/288-11, 11.07.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „ომეგა“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 19 აგვისტოს №430/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ომეგას“ კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 16 სექტემბერს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ომეგა“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 1 აგვისტომდე;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, დაბა მანგლისი.
კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „ომეგას“ კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს „ომეგას“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე. ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოვლენილა შპს „ომეგას“ კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირება და შპს „ომეგას“ მიეცეს უფლება კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის ფარგლებში შესრულებული სამაუწყებლო პროგრამების სიგნალის გავრცელება განახორციელოს ასევე თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ომეგას“ კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) ტელემაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, დაბა მანგლისი.
ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ომეგასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ომეგასთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
