წვდომის მენიუ

შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №430/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 493 / 4

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (19.09.2011 N7/398-11) მომართა შპს ”ალფაკომმა” კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალფაკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-8-0 (რვა-რვა-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან

800 - 80 XXXX;

800 - 88 XXXX;

800 - 77 XXXX;

800 - 55 XXXX;

800 - 50 XXXX;

800 - 40 XXXX;

800 - 41 XXXX;

800 - 70 XXXX;

800 - 10 XXXX;

800 - 20 XXXX;

800 - 90 XXXX;

ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 24.06.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

       კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №430/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 24 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ალფაკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები