კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (FM) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 29 აგვისტოს 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2011 წლის 2 სექტემბერი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2011 წლის 30 სექტემბერი, 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ (26/08/2011, 11/04-11) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (29/08/2011, 11/05-11).
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 2 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს. კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე–3 პუნქტის დ) ქვეპუნქტით და კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების მე–8 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების მე–11 პუნქტის თანახმად, კომისიამ შპს ”მედია ჰაუს დეკომს” 2011 წლის 2 სექტემბრის №444/10 გადაწყვეტილებით განუსაზღვრა შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენის ვადა – 2011 წლის 9 სექტემბრის 19 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჰაუს დეკომის“ მიერ 2011 წლის 8 სექტემბერს (წერილი №6/3964-11) წარმოდგენილ იქნა შესაბამისობის დეკლარაცია.
კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2011 წლის 30 სექტემბერს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს „მედია ჰაუს დეკომის“ დირექტორი ქეთევან ბაბუნაშვილი და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 მუხლების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
საკონკურსო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა, შპს „მედია ჰაუს დეკომის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე (შედარებითი ანალიზი).
წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციების შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N 190/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგენილია პროგრამული მრავალფეროვნება.
ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, დასკვნაში აღნიშნულია, რომ თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი, ასევე მომსახურების ზონაში (ქ. თბილისი) აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე გამოქვეყნდა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა:
1. შპს ”მედია ჰაუს დეკომის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია:
შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
- საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები;
- ახალგაზრდული გადაცემები;
- საბავშვო გადაცემები;
- მუსიკალური გადაცემები;
- გასართობი გადაცემები;
- სპორტული გადაცემები.
ლიცენზიის მაძიებლის მიზანია მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა საზოგადოება, მედია, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, მუსიკა და სხვა. აღნიშნული თემები გაშუქდება სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი გადაცემების, რუბრიკების, საავტორო გადაცემების, საინფორმაციო გადაცემებისა და მიმოხილვების და თოქ-შოუების სახით.
ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
- ახალი ამბები - ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა ”საქართველო და მსოფლიო”.
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა - თოქ-შოუ: კვირის თემა - დისკუსია საზღვარგარეთის სტუდიებიდან ყველა უცხოური სტუდიის ერთდროული მონაწილეობით.
შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” სამაუწყებლო კონცეფციით შემოთავაზებული სხვა თემატიკის პროგრამებში, მეტწილად უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნებაც. კერძოდ, ზემოაღნიშნული თემატიკის მიხედვით, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს სთავაზობს რადიოპროგრამებს შემდეგ თემებზე:
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
- ”ბიზნესი და ტექნოლოგიები” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;
- ”მედიცინა” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;
- ”გერმანელები ქართველების შესახებ” - რადიო ”ცხელი შოკოლადის” ჰამბურგის სტუდიიდან;
- ”ქართველები საზღვარგარეთ” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;
- ”კულტურული მიმოხილვა” - ყოველდღიური საავტორო გადაცემა დავით ბუცხრიკიძესთან ერთად;
- ”თანამედროვე ლიტერატურა” - ლაშა ბუღაძის საავტორო გადაცემა;
- ”კინო” - საავტორო გადაცემა;
- ”ტურიზმი” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა.
ლიცენზიის მაძიებლის სამაუწყებლო კონცეფციით გათვალისწინებულია ასევე რამდენიმე საავტორო შემეცნებითი გადაცემა თემის დაკონკრეტების გარეშე:
- აკა მორჩილაძის საავტორო გადაცემა - რადიო ”ცხელი შოკოლადის” ლონდონის სტუდიიდან;
- პაატა ქურდაძის და ლაშა ოთხმეზურის საავტორო გადაცემა - რადიო ”ცხელი შოკოლადის” პარიზის სტუდიიდან;
- ”ღამის საუბრები” - ანა სამადაშვილის საავტორო გადაცემა;
ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში:
- ”სტუდენტური გადაცემა” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;
- ”ახალგაზრდული გადაცემა” - ნინო ჯაფიაშვილის საავტორო გადაცემა;
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
- ”საბავშვო გადაცემა” - ყოველდღიური შემეცნებითი გადაცემა.
მუსიკალური თემატიკის ფარგლებში:
- ”თანამედროვე მუსიკა” - რეზო კიკნაძის საავტორო გადაცემა;
- ”ჯაზი” - კახა თოლორდავას საავტორო გადაცემა.
გასართობი თემატიკის ფარგლებში:
- ”დილის პროგრამა” - ყოველკვირეული შემეცნებით-გასართობი გადაცემა;
სპორტული გადაცემები:
- ”სპორტი” - ყოველდღიური რუბრიკა.
შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ დაგეგმილი პროგრამები კონცეპტუალურად ორიენტირებულია თბილისის სამაუწყებლო ზონის მომხმარებლების პროგრამული ინტერესების გარდა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ინტერესებზეც. საზღვარგარეთის ბიუროები და პროგრამული თემატიკა, ლიცენზიის მაძიებელს საშუალებას მისცემს დააკმაყოფილოს მსმენელის ინტერესი არა მხოლოდ საქართველოს შიდა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან, ასევე საქართველოსთან და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ საკითხებზე.
2. შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია:
შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
- საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები;
- ახალგაზრდული გადაცემები;
- მუსიკალური გადაცემები;
- გასართობი გადაცემები;
- სპორტული გადაცემები.
წარმოდგენილი განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” საეთერო ბადის უდიდეს ნაწილს დაუთმობს მუსიკალურ-გასართობ, იუმორისტულ, შემეცნებით და სპორტულ გადაცემებს. საეთერო დროის დაახლოებით 15% დაეთმობა საინფორმაციო გამოშვებებს და თოქ-შოუებს, რომლებშიც ძირითადი ყურადღება გამახვილდება დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში მომხდარ მოვლენებზე. ამასთან, საინფორმაციო გამოშვებებში ძირითადად საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს დაუთმობს დროს, ვინაიდან ლიცენზიის მაძიებელის აზრით დედაქალაქის მოსახლეობა მსგავსი ტიპის ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” სწორედ ამ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად. პოლიტიკური და არაპოლიტიკური თოქ-შოუებიც უმეტესწილად რეგიონების საკითხებს დაეთმობა.
ლიცეზნიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
ახალი ამბები:
- ”ახალი ამბები” - ყოველდღიური 2-7 წუთიანი საინფორმაციო გამოშვებები, რომლებიც ძირითადად ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, თუმცა გამოშვებებში ადგილი დაეთმობა ცენტრალურ და საერთაშორისო ინფორმაციასაც.
- „დღეს დილით“ - რადიო ”თავისუფლებისა” და რეგიონალური რადიოსადგურების „ჰერეთი“, „ძველი ქალაქი“, „ჰარმონია“ და „ათინათის“ ყოველდღიური საინფორმაციო პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონალური სადგურების გადაცემებისათვის პირდაპირ ჩართვებსა და რეპორტაჟებს.
- „საღამოს თავისუფლება“ – „რადიო თავისუფლების“ ყოველდღიური პროგრამა პრაღიდან.
შენიშვნა:
გადაცემები ”დღეს დილით” და ”საღამოს თავისუფლება” ქ. თბილისის სამაუწყებლო ზონაში უკვე ვრცელდება ასევე რადიოსადგურ „მწვანე ტალღის“ მიერ (FM107.4).
საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები:
- ”ხმა” - რადიო ჰერეთის ყოველკვირეული თოქ-შოუ, რომელიც ორიენტირებულია თვითმმართველობაში არსებულ პროცესებზე და მოსახლეობის ჩართულობაზე;
- ”ხიდი” – „საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის“ ყოველკვირეული თოქ-შოუ, რომელიც რეგიონებში მიმდინარე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებზეა ორიენტირებული;
- „მთელი კვირა“ – „საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის“ ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური რადიოჟურნალი, რომელიც მიმოიხილავს კვირის განმავლობაში არსებულ მოვლენებს საქართველოში და მის გარეთ.
შენიშვნა:
შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” არის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი და კერძო მაუწყებლობის №B95 ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს რადიომაუწყებლობას სიხშირეზე FM 102.8, კახეთის მხარეში – ქ. ლაგოდეხში.
მის მიერ ზემოაღნიშნულ სამაუწყებლო ზონაში უკვე ვრცელდება საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით შექმნილი გადაცემა ”ხმა”, რომელიც ეძღვნება სწორედ ამ სამაუწყებლო ზონის მუნიციპალიტეტში (თვითმმართველ ერთეულში) განვითარებულ პროცესებს და გადაცემა ”ხიდი”, რომელიც ძირითადად რეგიონებში მიმდინარე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებს ეხება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „მთელი კვირა“, ეს პროგრამა საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის მიერ გავრცელებული ცნობილი პროგრამაა, რომელიც უკვე ვრცელდება ქ. თბილისში რადიოსადგურ „პალიტრის“ ეთერში (FM 103.9) და საქართველოს რეგიონებში შემდეგი მაუწყებლების მიერ: „ჰერეთი – FM 102.8“ (ქ. ლაგოდეხი), „ჰარმონია – FM 100.5“ (ქ. ფოთი), „ძველი ქალაქი – FM 107.9“ (ქ. ქუთაისი) და „ათინათი – FM 105.9“ (ქ. ზუგდიდი).
შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” სამაუწყებლო კონცეფციით შემოთავაზებული სხვა თემატიკის პროგრამებში, ნაწილობრივ უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნებაც. კერძოდ, ზემოაღნიშნული თემატიკის მიხედვით, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს სთავაზობს რადიოპროგრამებს შემდეგ თემებზე:
საგანმანათლებლო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
- ”ბლოგ-ვიუერი” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა, რომელიც მიმოიხილავს ქართულ სოციალურ ქსელებში და ბლოგებზე გამოქვეყნებულ აქტუალურ თემებს;
ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში:
- ”აკრძალული ხილი” - ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდულ საკითხებს დაეთმობა და მიეძღვნება ისეთ თემებს, როგორებიცაა ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი, სუბკულტურები, პრობლემური ოჯახები, ყოფილი პატიმრების ცხოვრება;
მუსიკალური თემატიკის ფარგლებში:
- ”Fresh” - გადაცემა, რომელიც ორიენტირებული იქნება ქართულ მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებზე;
- ” Free” - ღამის მუსიკალური გადაცემა;
- ”ჯაზომანია” - ყოვედღიური გადაცემა ჯაზის მოყვარულთათვის;
- „რადიო ნაით–ქლაბ“ – ღამის 2 საათიანი გადაცემა ელექტრონულ მუსიკაზე;
გასართობი თემატიკის ფარგლებში:
- ”საშაქრე” – შემეცნებით–გასართობი გადაცემა, რომელიც ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს;
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
-”სპორტის კვირა” - ყოველკვირეული გადაცემა საქართველოში მომხდარი სპორტული ამბების, სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული თემატიკის ფარგლებში ლიცენზიის მაძიებელი თემათა მრავალფეროვნების უზრუნველყოფას მეტწილად 2-3 წუთიანი სხვადასხვა რუბრიკების მეშვეობით გეგმავს:
კერძოდ:
მუსიკალური რუბრიკები: ”ქართული ხალხური სიმღერა”, ”თანამედროვე რეტრო სიმღერა”, ”რემეიქი”, ”ოქროს ჰიტი”, ასევე ერთ საათიანი გადაცემა – ”თანამედროვე კლასიკის საათი”;
საგანმანათლებლო-შემეცნებითი რუბრიკები: ”გიდი”, ”საქართველო ოდესღაც”, ”მსოფლიოს გარშემო”, ”წარმატების საიდუმლო”, ”აღმაფრენის 3 წუთი”, ”ცოცხალი ბუნება”;
გასართობი რუბრიკა: ”ცოცხალი ანეკდოტები” - საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი იუმორის პოპულარიზაციის მიზნით;
სპორტული რუბრიკა: „სპორტ News“;
რუბრიკად შემოთავაზებულია ასევე ”ამინდის პროგნოზი” ყოველი საათის 32-ე წუთზე.
შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის ნაკლოვანებებს წარმოადგენს შემდეგი:
- საკუთარ სამიზნე აუდიტორიად ასაკობრივად განსაზღვრავს 25-დან 54 წლამდე მოსახლეობას, რის გამოც დაგეგმილ სამაუწყებლო ბადეში არ არის არცერთი საბავშვო გადაცემა, შესაბამისად, საზოგადოების ამ ნაწილის ინტერესები არ არის გათვალისწინებული;
- ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური და არაპოლიტიკური თოქ-შოუების ძირითადი ნაწილი ეთმობა საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ თავად რადიო ჰერეთის, ასევე პარტნიორი რეგიონული რადიოსადგურების - ”ძველი ქალაქის”, ”ჰარმონიის” და ”ათინათის” სამოქმედო ზონების თვითმმართველობებისათვის აქტუალურ საკითხებს; ხოლო რადიო ”თავისუფლებასთან” ერთობლივად მომზადებული პროგრამების ნაწილში, თბილისის სამაუწყებლო ზონის მსმენელს ორ რადიოსიხშირეზე ერთი და იმავე დროს, ერთიდაიგივე პროგრამის მოსმენა მოუწევს;
- სხვადასხვა თემატიკის ფარგლებში პროგრამული მრავალფეროვნება არის შემოთავაზებული მხოლოდ რუბრიკების მეშვეობით (საგანმანათლებლო-შემეცნებითი, გასართობი, სპორტული თემატიკა);
წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ურთიერთშედარებისას, ირკვევა რომ პროგრამული მრავალფეროვნება უპირატესად უზრუნველყოფილია შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” სამაუწყებლო კონცეფციაში, გარდა მუსიკალური თემატიკისა, სადაც რაოდენობრივად უფრო მრავალფეროვანია შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” კონცეფცია; ამასთან საბავშვო თემატიკა შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” სამაუწყებლო კონცეფციაში საერთოდ არ არის წარმოდგენილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შედარებითი ანალიზისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილია ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მედია ჰაუსი დეკომი“; კომისიის აზრით საკონკურსოდ წარმოდგენილი კონცეფციები უზრუნველყოფენ პროგრამულ მრავალფეროვნებას, თუმცა შპს „მედია ჰაუს დეკომის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე შპს „ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მედია ჰაუს დეკომი“;
2. უზრუნველყოს შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2,138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773402
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 7.484.40 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დავალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მედია ჰაუს დეკომისა“ და შპს „ჰერეთისათვის“ ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
