სს ”ლიბერთი ბანკის” სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 26 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000166, შედგენილი 2011 წლის 26 სექტემბერს ქ.თბილისში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ შიდა ოპერატირული რადიოკავშირისთვის ნებართვისა და კომისიის შესაბამისი გადაწყეტილების გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 161.150 მჰც და 158.000 მჰც.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი გ.ქართველიშვილი და სს „ლიბერთი ბანკის“ უსაფრთხოებისა და ინკასაციის ორგანიზების დეპარტამენტის დორექტორის მოადგილე ი.ხუციშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ლიბერთი ბანკის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 26 სექტემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა იმავე დღეს. 2011 წლის 27 სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ლიბერთი ბანკის“ სანქცირების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 30 სექტემბრის 16:00 საათი. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინებით ეცნობა სს ”ლიბერთი ბანკს” (27.09.2011 N03/2128-11), მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2011 წლის 30 სექტემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები სოფიო მაჭავარიანი და ემზარ ნათენაძე.
კომისიის სხდომაზე სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიამ 2011 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მომართა კომისიას, მათზე კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე და ვინაიდან კომისიას განმცხადებლისთვის 3 დღის ვადაში არ დაუდგენია ხარვეზი, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით, სს „ლიბერთი ბანკს“ ჰქონდა კანონიერი ნდობა იმისა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა და შესაბამისად, კომპანია კანონიერი ნდობის პირობებში სარგებლობდა რადიოსიხშირეებით. ამავე დროს, სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიისთვის სიხშირეების აღების მოთხოვნის დაგვიანებით მიმართვა გამოწვია სს „ლიბერთი ბანკის“ უსაფრთხოებისა და ინკასაციის ორგანიზების დეპარტამენტიში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეორგანიზაციაm. შესაბამისად, სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისია უფლებამოსილია ზემოაღნიშნული გარემოება მიიჩნიოს როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000166 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „ლიბერთი ბანკს“ კომისიის 2010 წლის 8 აპრილის N173/12 და 2010 წლის 28 მაისის N246/13 გადაწყვეტილებებით მინიჭებული ჰქონდა რადიოსიხშირული სპექტრი 161.150 მჰც და 158.000 ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა სს „ლიბერთი ბანკისთვის“ ჩაბარების დღიდან, (2010 წლის 8 აპრილის N173/12 გადაწყვეტილება სს „ლიბერთი ბანკს“ ჩაბარდა 2010 წლის 14 აპრილს, ხოლო 28 მაისის N246/13 გადაწყვეტილება 2010 წლის 3 ივნისს) სს „ლიბერთი ბანკი“ უფლებამოსილი იყო გადაწყვეტილებებით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრით ესარგებლა ერთ შემთხვევაში 2011 წლის 14 აპრილამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 2011 წლის 3 ივნისამდე.
2. 2011 წლის 14 აპრილიდან სს „ლიბერთი ბანკი“ ქ.თბილისში, კომისიის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 161.150 მჰც, ხოლო 2011 წლის 3 ივნისიდან რადიოსიხშირულ სპექტრს 158.000.
3. 2011 წლის 23 სექტემბერს, სს „ლიბერთი ბანკმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (23.09.2011 N7/415-11) კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიაზე მინიჭებული სიხშირეებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლის არგუმენტაციას და ვერ მიიჩნევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად „ლიბერთი ბანკის“ უსაფრთხოებისა და ინკასაციის ორგანიზების დეპარტამენტში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.
2. ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
4. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 26 სექტემბერს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000166, სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ კომპანიის მიერ 2011 წლის 23 სექტემბერს კომისიაში შემოტანილი განცხადება სიხშირეებით სარგებლობით ვადის გაგრძელების თაობაზე იყო საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სს „ლიბერთი ბანკს“ წარმოშობოდა კანონიერი ნდობა კომისიის მიმართ, რომ კომპანიის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო და შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მომენტისთვის სს „ლიბერთი ბანკს“ ჰქონდა ზემოაღნიშნული რადიოსიშირული სპექტრით სარგებლობის უფლება.
სს „ლიბერთი ბანკმა“ 2011 წლის 23 სექტემბერს განცხადებით (23.09.2011 N7/415-11) მიმართა კომისიას, მის მიერ კომისიის გადაწყვეტილებებით მინიჭებული რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ლიბერთი ბანკის“ ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით.
სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კომისიაში მხოლოდ განცხადების შემოტანის ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის ავტომატურ დაკმაყოფილებას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი მე-10 პუნტის შესაბამისად, ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.
გამომდინარე იქიდან, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ 2011 წლის 23 სექტემბრის N7/415-11 წერილზე კომისიაში მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ლიბერთი ბანკისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისთვის არ იყო გასული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი ნებართვის გაცემის 20 დღიანი ვადა, სს „ლიბერთი ბანკს“ არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი ევარაუდა, რომ კომპანიაზე კომისიის გადაწყვეტილებით ნებართვა უკვე გაცემული იყო და შესაბამისად მას უფლება ჰქონდა ესარგება რადისიხშირეებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისია აღნიშნავს, რომ სს „ლიბერთი ბანკმა“ კომისიას რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა 2011 წლის 23 სექტემბერს, მაშინ როდესაც აღნიშნული სიხშირეებით სარგებლობის უფლებას, ვადა გაუვიდა ერთ შემთხვევაში 2011 წლის 14 აპრილს, ხოლო მეორე შემთხვევაში 2011 წლის 3 ივნისს. გამომდინარე იქიდან, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებდა ბანკის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისათვის და აღნიშნული რადიოკავშირი ბანკის თანამშორმლებს შორის არ შეწყვეტილა 2011 წლის 23 სექტემბრამდე, ანუ კომპანიამ განცხადებით მომართა კომისიას, (რაც ასევე დაადასტურეს კომისიის სხდომაზე სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელმა) მიჩნეულ უნდა იქნას, რომ უტყუარად დასტურდება სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ რადიოსიხშრიული სპექტრით უნებართვოდ სარგებლობის ფაქტი 2011 წლის 14 აპრილიდან და 2011 წლის 3 ივნისიდან 2011 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ნებართვის გარეშე რადისიხშირული სპექტრით, 161.150 მჰც და 158.000 მჰც, სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა სს ”ლიბერთი ბანკს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს სს ”ლიბერთი ბანკმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს სს ”ლიბერთი ბანკმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. სს „ლიბერთი ბანკმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებართვის გარეშე რადისიხშირული სპექტრით 161.150 მჰც და 158.000 მჰც, სარგებლობა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა სს ”ლიბერთი ბანკისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „ლიბერთი ბანკისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
