წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 518 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14/09/2011, №6/3714-11) მიმართა სს „აი თი დი სიმ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, სს „აი თი დი სი“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე სს „აი თი დი სის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, სს „აი თი დი სის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილია:

1.      ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;

2.      სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3.      სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.      შესაბამისობის დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, სს „აი თი დი სის“  მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მითითებულია – 2011 წლის 15 ოქტომბერი, რა დროისთვისაც ადმინისტრაციული წარმოების ვადებიდან გამომდინარე მაუწყებლობის დაწყება შეუძლებელია, ვინაიდან მითითებული თარიღისათვის სს „აი თი დი სი“ არ იქნება ლიცენზიის მფლობელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა დაზუსტებულ იქნას სს „აი თი დი სის“  მიერ ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს სს „აი თი დი სისთვის“  საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „აი თი დი სისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „აი თი დი სისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 8 ნოემბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „აი თი დი სისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები