ქ. ფოთში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/427-11, 27/09/2011) ქ. ფოთში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით (200 XXX) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა ქ. ფოთში თავისუფალი ნუმერაციის რესურსის არსებობისა და აუქციონის გამოცხადების მიზანშეწონილობის საკითხი და შესაძლებლად მიიჩნია აუქციონის გამოცხადება.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე, ხოლო აუქციონი ცხადდება არანაკლებ 1-ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 200XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ქ. ფოთში;
ბ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 300.00 (სამასი) ლარით;
3. აუქციონის ბიჯი შეადგენს 15 (თხუთმეტი) ლარს;
4. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 18 ნოემბრის 12:00 საათი;
5. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2011 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათამდე;
6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
7. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
-ბანკის კოდი: TBCBGE22;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს. ტელ: +995 32 239 40 29);
8. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
9. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
