შპს ”იუნაიტედ სეკურიტისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 30 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000168, შედგენილი 2011 წლის 28 სექტემბერს ქ.თელავში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ ქ.თელავში დაცვის სამსახურის შიდა ოპერატირული რადიოკავშირისთვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სათანადო ნებართვის მოპოვების გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 150.675 მჰც და 155.300 მჰც.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი გ.ქართველიშვილი და შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ თელავის ფილიალის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი ზურაბ ეგორიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 28 სექტემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2011 წლის 30 სექტემბერს. 2011 წლის 3 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ სანქცირების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 7 ოქტომბრის 16:00 საათი. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინებით ეცნობა შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ (03.10.2011 N06/2187-11); მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრის N05/10/01 განკარგულების შესაბამისად, 2011 წლის 7 ოქტომბერი ქ.თბილისის ტერიტორიაზე გამოცხადდა უქმე დღედ. შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 5 ოქტომბრის სხდომა გადატანილ იქნა 2011 წლის 10 ოქტომბერს 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ტელეფონოგრამით ეცნობა შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ და განმეორებით იქნა მოწვეული კომისიის სხდომაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2011 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელზედაც არ გამოცხადებულა შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ წარმომადგენელი. შესაბამისად, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების დაცვა და მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ საკითხის განხილვა გადადო 2011 წლის 17 ოქტომბრის 16:00 საათზე, რის თაობაზედაც შეტყობინებით ეცნობა შპს „იუნაიტედ სეკურიტის“
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 17 ოქტომრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ წარმომადგენელი ბატონი ბესარიონ ბუჩუკური, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000168 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ კომისიის 2010 წლის 2 ივლისის N295/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა რადიოსიხშირული სპექტრი 403.300 მჰც, 408.750 მჰც, 415.475 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 150.675 მჰც, 155.725 მჰც, 155.300 მჰც სიხშირეები ქ. თელავში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა შპს „იუნაიტედ სეკურიტისთვის“ ჩაბარების დღიდან, (2010 წლის 2 ივლისის N295/13 გადაწყვეტილება შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ ჩაბარდა 2010 წლის 8 ივლისს) შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ უფლებამოსილი იყო გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრით ესარგებლა 2011 წლის 8 ივლისამდე.
2. 2011 წლის 8 ივლისიდან შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ ქ.თელავში, კომისიის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 150.675 მჰც და 155.300 მჰც.
3. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.
2. ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
4. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 28 სექტემბერს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000168, შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ნებართვის გარეშე რადისიხშირული სპექტრით - 150.675 მჰც და 155.300 მჰც სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ”იუნაიტედ სეკურიტიმ” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”იუნაიტედ სეკურიტიმ” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „იუნაიტედ სეკურიტიმ“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებართვის გარეშე რადისიხშირული სპექტრით 150.675 მჰც და 155.300 მჰც სარგებლობა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”იუნაიტედ სეკურიტისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუნაიტედ სეკურიტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
