ინდ.მეწარმე ”დავით მაისურაძისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 30 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000169, შედგენილი 2011 წლის 28 სექტემბერს ქ.თელავში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძე“ ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სათანადო ნებართვის მოპოვების გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 406.475 მჰც.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი გ.ქართველიშვილი, მობილური ჯგუფის ტექნიკოსი კ.მამისეიშვილი და ინდივიდუალური მეწარმე დავით მაისურაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 28 სექტემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2011 წლის 30 სექტემბერს. 2011 წლის 3 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ სანქცირების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 7 ოქტომბრის 16:00 საათი. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინებით ეცნობა ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძეს“ (03.10.2011 N03/2190-11); მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრის N05/10/01 განკარგულების შესაბამისად, 2011 წლის 7 ოქტომბერი ქ.თბილისის ტერიტორიაზე გამოცხადდა უქმე დღედ. შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 5 ოქტომბრის სხდომა გადატანილ იქნა 2011 წლის 10 ოქტომბერს 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ტელეფონოგრამით ეცნობა ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძეს“ და განმეორებით იქნა მოწვეული კომისიის სხდომაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2011 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძე“, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ტაქსებით მომსახურების განხორციელებისას იგი საერთოდ არ იყენებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მითითებულ რადიოსიხშირულ სპექტრს და ტაქსებით მომსახურების განხორციელებისას მძღოლსა და დისპეჩერს შორის კავშირის დამყარება ხორციელედება არა რაციების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით, არამედ მობილური ტელეფონის მეშვეობით, კერძოდ, მისი განცხადებით, ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძეს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „მობიტელთან“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე. დავით მაისურაძის მიერ კომისიის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „მობიტელის“ სატელეფონო ნომერზე 597280428 (აღნიშნული ნომერი დავით მაისურაძის განცხადებით გაფორმებულია ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძეზე“ და სწორედ აღნიშნული ნომრიდან ხორციედებოდა დაკავშირება დისპეჩერსა და ტაქსის მძღოლს შორის) 01.08.2011 – 30.09.2011 პერიოდის დეტალური ამონაბეჭდი.
დავით მაისურაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევათა ოქმში არ არის დაფიქსირებული შემოწმების ჩატარებისას, უფლებამოსილი პირების მიერ, როგორ იქნა დადასტურებული, რომ ოქმში მითითებულ სიხშირეზე, 406.475 მჰც ნამდვილად მუშაობდა ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძე“, ვინაიდან, მონიტორინგი ჩატარებულია ქ.თელავში, სადაც დავით მაისურაძის განმატრებით ტაქსებით მომსახურებას ახორციელებს დაახლოებით 13 კომპანია, შესაბამისად, მარტო ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევათა ოქმში აღნიშნულ სიხშრეზე ხორციელდება მონაცემების მიღება-გადაცემა, არ ნიშნავს, იმას რომ აღნიშნულ სიხშირეზე მუშაობდა სწორედ ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძე“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე დავით მაისურაძის მიერ კომისიის წინაშე გაკეთებული ახსნა-განმარტებებისა და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, კომისიის სხდომა გადაიდო 2011 წლის 17 ოქტომბრის 16:00 საათზე, საკითხის განხილვის თარიღის შესახებ ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძე“ გაფრთხილდა კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძე“.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000169 ოქმის, კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე ინდ. მეწარმე „დავით მაისურაძისა“ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებებისა და მის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს, რომ:
1. ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძეს“ კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N349/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა 406.475 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თელავში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N349/13 გადაწყვეტილებით, ერთი წლის ვადით მინიჭებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძეს“ კომისიისთვის არ მიუმართავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით;
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში №000169 დაფიქსირებულია, რომ შემოწმების ჩატარების პროცესში დადგენილ იქნა ქ.თელავში რადიოსიხშირული სპექტრით 406.475 მჰც სარგებლობის ფაქტი, სამართალდარღვევათა ოქმში ასევე დაფიქსირებულია, რომ აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას ახორციელებს ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძე“.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა ქ.თელავში ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით 406.475 მჰც სარგებლობის ფაქტს, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ მიერ რადიოსხიშრიული სპექტრით უნებართვოდ სარგებლობა დაფიქსირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში №000169, ვერ გახდება ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძისთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების წინაპირობა.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო ვერ დგინდება ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ სანქცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 17-ე პუნქტების, 38-ე მუხლის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის დაუდასტურებლობის საფუძვლით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძისთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) 10 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
