შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
2011 წლის 15 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 6 სექტემბრის №10/818 - 11 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, საიდანაც ირკვევა, რომ 2011 წლის 4 თებერვალს, შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზე კომპანიის დირექტორად და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, ბ. გაბუნიასა და პ. ცაგარეიშვილის ნაცვლად განისაზღვრა გ.კაპანაძე. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კომპანიამ კომისიას შეატყობინა 2011 წლის 31 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №10/818-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 21 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 30 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” დირექტორის მოადგილე, რომელმაც ვერ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი, რომ ის უფლებამოსილი იყო დაეცვა კომპანიის ინტერესები სხდომაზე. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” სანქცირების საკითხის განხილვის გადადება 2011 წლის 7 ოქტომბრისთვის, რათა ავტორიზებული პირისთვის მიეცა საშუალება კომისიის სხდომაზე წარმოდგენილიყო უფლებამოსილი წარმომადგენლით და დაეცვა თავისი ინტერესები. ამასთანავე, კომისიის მიერ დაცული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრის №05/10/01 განკარგულებით 2011 წლის 7 ოქტომბერი ქ.თბილისში უქმე დღედ გამოცხადდა, შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” სანქცირების საკითხის განხილვა გადაიდო 2011 წლის 10 ოქტომბრისთვის, რის შესახებ 2011 წლის 6 ოქტომბერს ტელეფონით ეცნობა შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” დირექტორს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 10 ოქტომბერს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” დირექტორი. შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” წაემომადგენლის სატელეფონო შეტყობინებით, ის არ იმყოფებოდა თბილისში და მან ვერ შესძლო სხდომაზე მოსვლა. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” სანქცირების საკითხის განხილვის გადადება 2011 წლის 17 ოქტომბრისთვის, რათა ავტორიზებული პირისთვის მიეცა საშუალება კომისიის სხდომაზე წარმოდგენილიყო უფლებამოსილი წარმომადგენლით და დაეცვა თავისი ინტერესები. ამასთანავე, კომისიის მიერ დაცული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს” დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (ქვითრის N780), მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი კომისიის 2011 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, კვლავ არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 6 სექტემბრის №10/818 -11 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” 2011 წლის 31 აგვისტოს წერილი;
3. შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 20 სექტემბრის №10/869-11 სამსახურებრივი ბარათი;
5. შპს ,, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისათვის“ 2011 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინებისჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი N780.
კომისიაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი - 2008 წლის 13 ნოემბერი. მომსახურების სახეები: ინტერნეტ მომსახურება და მაუწყებლობის ტრანზიტი);
2. შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან და შპს ,,კავკასუს ინტერნეტ მედია ჯგუფის” 2011 წლის 31 აგვისტოს წერილიდან ირკვევა, რომ 2011 წლის 4 თებერვალს, შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” დირექტორად და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, ბ. გაბუნიასა და პ. ცაგარეიშვილის ნაცვლად განისაზღვრა გ. კაპანაძე;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის თაობაზე შპს ,,კავკასუს ინტერნეტ მედია ჯგუფმა“ კომისიას წერილობით აცნობა და სათანადო დოკუმენტები კომისიაში წარადგინა 2011 წლის 31 აგვისტოს, მაშინ, როცა აღნიშნული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კომისიისთვის წარსადგენად კანონით განსაზღვრულია ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღე;
4. 2011 წლის 26 აგვისტოს, კომისიის №443/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე - გაფრთხილება, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 20 სექტემბრის №10/869-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,კავკასუს ინტერნეტ მედია ჯგუფის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5%, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შეადგენს 1,868.79 (ერთი ათას რვაას სამოცდარვა და 79) ლარს.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირისთვის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისთვის მიუწოდებლობით, შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა” დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს მისი სანქცირების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება (კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს № 443/18 გადაწყვეტილება), ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 20 სექტემბრის №10/599-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს 1,868.79 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს”, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს 3000 (სამი ათასი) ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს” დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, № 6) გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის” ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
