შპს ,,ჯიპისისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 13 ოქტომბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძის 2011 წლის 13 ოქტომბრის N10/936-11 სამსახურებრივი ბარათი შპს ,,ჯიპისის“ შემოწმების საფუძველზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000107 ოქმთან ერთად. 2011 წლის 13 ოქტომბრის N000107 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს ,,ჯიპისის“, კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N356/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0-0-0-7, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 1 წლის ვადით საქართველოს ტერიტორიაზე. 2011 წლის 30 ივლისის შემდეგ შპს ,,ჯიპისის“ არ მოუმართავს კომისიისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე, ამავდროულად იგი აგრძელებს ამ რესურსის გამოყენებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯიპისისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000107, კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 13 ოქტომბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 20 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2011 წლის 18 ოქტომბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ჯიპისის“. მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 20 ოქტომბერს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ჯიპისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. 2011 წლის 20 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება მხარეს ჩაბარდა 2011 წლის 18 ოქტომბერს, შპს ,,ჯიპისის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N6, შეტყობინების ჩაბარებას ხელს აწერს თამარ იმნაიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარისათვის შეტყობინების ჩაბარება დასტურდება კანონით დადგენილი წესით, კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, კომისია უფლებამოსილია საქმე განიხილოს შპს ,,ჯიპისის“ დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძის 2011 წლის 13 ოქტომბრის N10/936-11 მოხსენებითი ბარათი;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 13 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000107;
3. შეტყობინების შპს ,,ჯიპისისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესუსრსის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0000107 ოქმი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეცილისტი ციალა უჯმაჯურიძე და შპს ,,ჯიპისის“ საინფორმაციო მენეჯერი ქეთევან მაისურაძე;
2. შპს ,,ჯიპისი“-ს 2011 წლის 30 ივლისს ამოეწურა ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-7-ით სარგებლობის ვადა;
3. შპს ,,ჯიპისი“ დღემდე, ნუმერაციის რესურსის მინიჭების გარეშე სარგებლობს ნუმერაციის რესურსით - 0-0-0-7;
4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არა აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისია აღნიშნავს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ჯიპისის“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ხორციელდებოდა მინიჭების გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000107, შპს ,,ჯიპისის“-ის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯიპისის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, მას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით - 0-0-0-7-ით სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-18 პუნქტების, 38-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯიპისის“ დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ,,ჯიპისიმ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. დაევალოს შპს ,,ჯიპისის“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს ,,ჯიპისიმ“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით - 0-0-0-7-ით სარგებლობა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,ჯიპისისათვის“;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების შპს ,,ჯიპისისათვის“ ჩაბარებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
