წვდომის მენიუ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების განხილვისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 551 / 12

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04.10.2011 N6/4361-11) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სანქცირების მოთხოვნით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 18 სექტემბრიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ ეთერით ვრცელდება პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო პენსიის ზრდის თაობაზე სოციალური რეკლამა, რომლის დამკვეთსაც წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სარეკლამო დროის ხანგრძლივობა კი შეადგენს 40 წამს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ წერილობით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კითხვით, თუ რის საფუძველზე ხდებოდა მაუწყებლის ეთერში აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსება, რაზედაც მიიღეს პასუხი, რომ რეკლამის ეთერში განთავსების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის 19 სექტემბრის წერილი N01/39274, სადაც განმარტებულია, რომ სამინისტროს დაკვეთით დამზადდა საინფორმაციო შინაარსის სოციალური რეკლამა, რომელიც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივით პენსიის ზრდის საკითხს და ამ მიზნით მიზანშეწონილია საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეკლამა გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას. ამასთან, „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ შეიცავს სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. განმცხადებლების აზრით, გავრცელებული რეკლამა არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) და ჰ7) პუნქტებით განსაზღვრულ რეკლამის და სოციალური რეკლამის განმარტებებს, კერძოდ აღნიშნული სარეკლამო რგოლი მიმართულია არა საქველმოქმედო ან საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად, არამედ შეიცავს უკვე მიღწეული შედეგების რეკლამირებას. ამავე დროს, რეკლამა არ არის მიმართული პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, არამედ იგი მიმართულია საზოგადოების კონკრეტული ფენის პენსიონერებისადმი და სარეკლამო რგოლში საუბარია იმაზე, თუ ვისი ინიციატივით და რომელი სამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა პენსიის ოდენობის ზრდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ არასათანადო რეკლამას. ამავე დროს, განმცხადებლის აზრით, ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ რეკლამის ეთერში განთავსებით, ადგილი აქვს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 58-ე მუხლის დარღვევას.

მოთხოვნები:

1. კომისიის მიერ  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიმართ  გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-8, 70-ე და 71-ე მუხლებისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-6 და მე-11 მუხლების საფუძველზე;

2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყოს არასათანადო რეკლამის სრული შეჩერება, მაუწყებლობისა და რეკლამის სფეროში მარეგულირებელი ნორმების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით;

კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებებით ეცნობათ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“(10.10.2011 N03/2336-11), სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ (10.10.2011 N03/2337-11), შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს (10.10.2011 N03/2339-22) და შპს „ტელეიმედს“ (10.10.2011 N03/2338-11) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ ასევე გადაეგზავნათ ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე და არჩილ ჭანტურია, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი გრიგოლ გიორგაძე.

კომისიის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პენსიის ზრდასთან დაკავშირებით სოციალური სარეკლამო კლიპი სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განთავსდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის საკითხები რეგულირდება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები რეგულირდება კანონით “რეკლამის შესახებ”. აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი (სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი”) პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებას. როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა აღნიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი გავრცელებული იყო სარეკლამო ტიხარში და მას დაეთმო “მაუწყებლობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული საეთერო დრო.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” პასუხს არ აგებს სოციალური რეკლამის შინაარსზე. სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს. შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” განცხადება სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ რეკლამის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ, საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 58-ე მუხლის დარღვევას, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა არ წარმოადგენს კომისიის უფლებამოსილებას და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” თანახმად, მისი განხილვა თვითრეგულირების ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლებმა გაიზიარეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არგუმენტაცია და აღნიშნეს, რომ როგორც შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ასევე შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში სოციალური რეკლამის განთავსება მოხდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე და გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს, არ არსებობს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ სანქცირების საფუძველი.

მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, იგი შინაარსობრივად, წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებაში უფრო ჯდება და მიზნად ისახავს კონკრეტული სამთავრობო დაწესებულებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის რეკლამირებას. გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ უნდა დაეკისროთ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 2011 წლის 5 და  19 სექტემბერს წერილებით (N01/36994; N01/39274) მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თხოვნით, რათა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უზრუნველეყო საკუთარ სამაუწყებლო ეთერში, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, საინფორმაციო შინაარსის სოციალური კლიპის განთავსება, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პენსიის 100 ლარამდე გაზრდას; როგორც კომისიის სხდომაზე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ანალოგიური წერილებით მიმართა ასევე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლიბს“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერით ვრცელდებოდა საქართველოს პრეზიდენტიის ინიციატივით სახელმწიფო პენსიის ზრდის თაობაზე სოციალური რეკლამა;

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და მათი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეფასების შედეგად აღნიშნავს:

1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად,   სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს, კერძოდ, „რეკალმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის; ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,  რეკლამის მწარმოებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარეკლამო ინფორმაციას მზა სახეს აძლევს განთავსებისა და გავრცელებისათვის, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით.

3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ცალ-ცალკე ადგენს პასუხისმგებლობის ფარგლებს რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლისა და გამავრცელებლისთვის, კერძოდ: რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის მწარმოებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გაფორმებას, წარმოებას ან მომზადებას, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს.

4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს კომისია.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს.

ამდენად:

ა) ვინაიდან კომისიის სპეციალური უფლებამოსილებები შემოიფარგლება მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობითა და კონტროლით,  „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე, კომისიის რეგულაციური კომპეტენცია ვრცელდება მხოლოდ რეკლამის გამავრცელებელზე, ამ შემთხვევაში მაუწყებელზე;

ბ) გამომდინარე იქიდან, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეკლამის დამკვეთს, ხოლო ამ შემთხვევაში რეკლამის დამკვეთი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ შემოდის კომისიის რეგულირების სფეროში, კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს რეკლამის დამკვეთის, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაკვეთილი სოციალური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე;

გ) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის უფლებამოსილებას სცილდება იმსჯელოს და შეაფასოს, წარმოდგენილი სოციალური რეკლამა წარმოადგენს თუ არა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ არასათანადო რეკლამას და შესაბამისად, ვერ შეაფასებს რეკლამის შინაარსიდან გამომდინარე დარღვეულია თუ არა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისად, კომისია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მაუწყებლების მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 58-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით.

ამდენად კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვები რეკლამის განთავსების ადგილის, დროსა და საშუალებასთან დაკავშირებით. კერძოდ,

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეკლამა და ტელეშოპინგი  იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს  1 საათში არანაკლებ 60 წამისა.

3. „რეკალმის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ტელე ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (04.09.2011), შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს(07.09.2011) და შპს „ტელეიმედის“ (09.09.2011) სამაუწყებლო ბადეების შემოწმება; კერძოდ, შემოწმებულ იქნა თითოეული მაუწყებლის სამაუწყებლო ეთერში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, სოციალურ რეკლამის სტატუსით განთავსებული სარეკლამო რგოლის გავრცელებისას, სარეკლამო რგოლის გავრცელების დროის, ადგილისა და საშუალებასთან დაკავშირებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობები და დადგინდა, რომ:

1. დღე–ღამის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელზე რეკლამას დაეთმო მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 6.83%, რაც არ აღემატება კანონით დადგენილ 20%.

2. დღე–ღამის განმავლობაში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ზე რეკლამას დაეთმო მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 5.41%, რაც არ აღემატება კანონით დადგენილ 20%;

3. დღე–ღამის განმავლობაში შპს „ტელეიმედზე“ რეკლამას დაეთმო მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 6.59%, რაც არ აღემატება კანონით დადგენილ 20%.

ამავე დროს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ რეკლამის განთავსება განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63–ე მუხლის მე–4 პუნტის მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, რეკლამა პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული და იდენტიფიცირებული იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის და შპს „ტელეიმედის“ მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადებული სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსებისას არ დარღვეულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები სამაუწყებლო რეკლამის დროის ლიმიტის დაცვისა და განთავსების ადგილის თვალსაზრისით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლი“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეებში აღარ ახორციელებენ პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო პენსიის ზრდის თაობაზე რეკლამის განათავსებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

ა) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ სოციალური რეკლამის ეთერში განთავსებისას, რეკლამა იდენტიფიცირებული და პროგრამებისგან მკაფიოდ გამიჯნულია, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ როგორც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, პენსიის ზრდასთან დაკავშირებული სოციალური რეკლამა, მაუწყებლების სამაუწყებლო ბადეში, გათვალისწინებულია სარეკლამო ტიხარში, შესაბამისად, იგი იდენტიფიცირებულია როგორც რეკლამა და ამავე დროს, გამიჯნულია მაუწყებლების პროგრამებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ დაცულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა რეკლამის იდენტიფიცირებასა და პროგრამისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა რეკლამის განთავსების ადგილთან დაკავშირებით;

ბ) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 24 საათიან სამაუწყებლო ბადეში, რეკლამის განთავსების ოდენობამ შეადგინა მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 6.83 %, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ 24 საათიან სამაუწყებლო ბადეში რეკლამის განთავსების ოდენობამ შეადგინა მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 5.41 %, ხოლო შპს „ტელეიმედის“ 24 საათიან სამაუწყებლო ბადეში რეკლამის განთავსების ოდენობამ შეადგინა მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 6.59 %; შესაბამისად, სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ეთერში განთავსებისას, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიემდის“ მიერ დაცულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მოთხოვნები რეკლამის ეთერში  განთავსების საერთო ლიმიტებთან დაკავშირებით და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 მუხლის მოთხოვნა რეკლამის განთავსების დროსთან დაკავშირებით;

გ) რაც შეეხება, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალსიწინებულ შეზღუდვას მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსების საშუალებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ შემოწმების შედეგად არ დგინდება მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის გამოყენებული საშუალებების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტი.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ ამ კონკრეტულ დავაზე, სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ეთერში გავრცელებისას არ ყოფილა დარღვეული, სოციალური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები და შესაბამისად, არ არსებობს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ სანქცირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდიარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება (04.10.2011 N6/4361-11) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ სანქცირების თაობაზე, დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, ვინაიდან სოციალური რეკლამის შინაარსზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი და არა რეკლამის გამავრცელებელი; ხოლო სოციალური რეკლამის გავრცელებისას, მაუწყებლების მხრიდან არ გამოვლინდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 თავისა და მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8, მე-9, მე-10, მე-15 პუნქტების, მე-171 მუხლი პირველი პუნქტის, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის და 65-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ განცხადება (04.10.2011 N6/4361-11) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ სანქცირების თაობაზე და უარი ეთქვას განმცხადებელს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით კანონდარღვევის ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“,  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო  გზავნილის სახით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

                     კომისიის წევრი                                                         ს.ბრიტანჩუკი           

                     კომისიის წევრი                                                         კ.კვიტაიშვილი

                     კომისიის წევრი                                                         ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები